GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

14 დეკემბერი, 2022

ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, ვეხმაურებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების ფაქტს. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის, სახალხო დამცველის სპეციალური კონსილიუმის დასკვნისა და ევროპარლამენტარების მოწოდების მიუხედავად, ხელისუფლება არ აღიარებს პატიმრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისთვის მყისიერი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას. სახალხო დამცველის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე იძლევა სასჯელის გადავადების საფუძველს.

უკიდურესად აღმაშფოთებელი და ცინიკურია მმართველი პარტიის მაღალჩინოსანთა განცხადებები, რომელიც პატიმრის სიკვდილის შესაძლებლობას სრული გულგრილობით ეკიდება. კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე „უფალს აბარია“ და „მასზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს“. მმართველი პარტია დღემდე არ აღიარებს  სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმებას, რიგი წევრები კი სააკაშვილის სიკვდილს, შეიძლება ითქვას, სიხარულითაც ელოდებიან. მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ერთხელ უკვე დადგა კრიტიკული საფრთხის წინაშე, რისი მიზეზიც სწორედ ის იყო, რომ სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნას ხელისუფლება კვირების მანძილზე ყურადღებას არ აქცევდა.

მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი პატიმრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება კატეგორიულად შეუსაბამოა როგორც საქართველოსა და საერთაშორისო სამართალთან, ასევე ევროკავშირის წევრობის პოლიტიკურ მიზანთან. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება და ლეტალური შედეგის დადგომა იქნება არამხოლოდ ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევა, არამედ პოლიტიკური კოლაფსიც, რომელიც საქართველოს რეპუტაციას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ჯეროვნად გაიაზროს სახელმწიფოს ვალდებულებები ადამიანის ძირითადი უფლებების სფეროში, შეწყვიტოს გულგრილი დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისადმი და იტვირთოს პასუხისმგებლობა მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად.

ამასთანავე, ვიმედოვნებთ, რომ სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით ჩანიშნული სასამართლო სხდომები უმოკლეს დროში გაიმართება, ხოლო სასამართლო იხელმძღვანელებს მხოლოდ და მხოლოდ მსჯავრდებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ინტერესით.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • ღია საზოგადოების ფონდი;
  • საქართველოს სასამართლოს გუშაგი;
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი 
  • საფარი;
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
  • პრევენცია პროგრესისთვის;
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  • უფლებები საქართველო;
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო;
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი;
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
  • მედიის განვითარების ფონდი;
  • ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი

სხვა სიახლეები