სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 18:00 საათისთვის

2013-10-27 09:35
Featured image

დღის 18:00 საათისთვის საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას თბილისისა და რეგიონების 36 საარჩევნო ოლქში.

 
უპირველესად, გვსურს განვაცხადოთ, რომ როგორც წინა პრესკონფერენციებზე აღვნიშნეთ, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.
 
უკანასკნელი საათების განმავლობაში საიას დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებული იქნა შემდეგი დარღვევები:
 
სხვის ნაცვლად ხმის მიცემა 
ხელვაჩაურის #27 უბანზე გამოცხადებულმა ამომრჩეველმა ვერ შეძლო კენჭისყრაში მონაწილეობა, ვინაიდან მისი გვარის გასწვრივ დაფიქსირებული იყო ხელმოწერა. საიას  დამკვირვებელმა საჩივარი წარადგინა შესაბამის ადმინისტრაციაში.
 
აგიტაცია საარჩევნო უბანზე
საგარეჯოს ოლქის #46-ე უბანზე დაფიქსირდა ამომრჩევლის შემოსვლა კოალიცია ქართული ოცნების სიმბოლიკიანი მაისურით, რაც საიას დამკვირვებლის მოთხოვნის საფუძველზე კომისიის თავმჯდომარემ აღმოფხვრა და ამომრჩეველს დაატოვებინა საარჩევნო უბანი. 
 
მარკირების პროცედურასთან დაკავშირებული დარღვევები
საბურთალოს ოლქის #33-ე უბანზე კანონდარღვევით მიმდინარეობდა მარკირების პროცედურა. საიას დამკვირვებლის შენიშვნის საფუძველზე კომისიის თავმჯდომარემ აღმოფხვრა პრობლემა და მარკირება ამ პერიოდისათვის კანონით დადგენილი წესით მიმდინარეობს.
 
ბიულეტენების შევსებასთან დაკავშირებული პრობლემები
თერჯოლის ოლქის 25-ე უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის რეგისტრატორს წინასწარ ჰქონდა 5 ბიულეტენი გამზადებული და ბეჭდით დამოწმებული. საიას დამკვირვებლის შენიშვნის საფუძველზე კომისიის თავმჯდომარემ დარღვევა აღმოფხვრა. 
 
სადემონსტრაციო ოქმის შევსებასთან დაკავშირებული დარღვევები
ქუთაისის 81-ე უბანზე სადემონტრაციო ოქმი არ იყო შევსებული. საიას დამკვირვებელმა აღნიშნულის შესახებ მიმართა კომისიის თავმჯდომარეს და მოსთხოვა პრობლემის აღმოფხვრა. 
 
ხმის მიცემა არაუფლებამოსილი პირის მიერ
გორის 25-ე საუბნო საარჩევნო კომისიაში დაფიქსირდა, რომ ხმის მიცემას ცდილობდა  ამომრჩეველი, რომელსაც უკვე აღენიშნებოდა მარკირება. საიას დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ აღნიშნულ ამომრჩეველს არ მისცეს ხმის მიცემის უფლება.
 
ამ დროისთვის საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 26 საჩივარი და დაახლოებით 45 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში.
 
საია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.
 
27 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნების დღეს საია თბილისისა და 8 რეგიონის 36 საარჩევნო ოლქში 400-ზე მეტი დამკვირვებლით აკვირდება. 
 
სტატიკური დამკვირვებლები განთავსებული არიან საქართველოს მასშტაბით 220-ზე მეტ საარჩევნო უბანში. 36  ოლქში მოძრაობს მობილური ჯგუფები. საია დაკვირვებას ახორციელებს გამონაკლის შემთხვევებში შექმნილ უბნებში, უმცირესობებით დასახლებულ ოლქებში არსებულ უბნებსა და წინა არჩევნების დროს გამოკვეთილ პრობლემურ უბნებში.
 
აღსანიშნავია, რომ არჩევნების დღეს მუშაობს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობით როგორც მოქალაქეებს, ასევე ჟურნალისტებს შეუძლიათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით. 
 
ცხელი ხაზის ნომერია: 218-26-11
 
ასევე არჩევნების დღის დარღვევების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ www.electionsportal.ge-ს, სადაც შეგიძლიათ განათავსოთ თქვენს მიერ დაფიქსირებული დარღვევა ონლაინ ფორმის შევსებით ან უფასო SMS-ის საშუალებით ნომერზე 90039. 
 
არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე საია დღის განმავლობაში კიდევ ორ ბრიფინგს გამართავს არასამთავრობო ორგანიზაციათა მედია-ცენტრში (მისამართი: ქობულეთის ქ. 34/36).
 
მომდევნო ბრიფინგი გაიმართება 21:00 საათზე, ხოლო 28 ოქტომბერს საია შეაფასებს არჩევნების დღეს და ბრიფინგს გამართავს 12:00 საათზე.