სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის უარყოფითად აფასებს კანონმდებლობაში ახალი ცნების ე.წ. "უარყოფითი დამოკიდებულების" შემოტანას

2021-10-20 13:05
Featured image

13 ოქტომბერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო კამპანიისას პოლიტიკური სუბიექტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შემქმნელი სააგიტაციო და სარეკლამო მასალის გავრცელების აკრძალვას ითვალისწინებს, ეწინააღმდეგება  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს, არ არის განჭვრეტადი და არ ემსახურება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას. 

მმართველი პარტიის წევრების მიერ წარდგენილი კანონპროექტი საქართველოს საარჩევნო კოდექსსა და „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში რიგი ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. მათ შორის, იკრძალება სატელევიზიო პოლიტიკური რეკლამის და სააგიტაციო მასალის საჯარო სივრცეში გავრცელება, რომელიც გამიზნულია საარჩევნო კანდიდატის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად. კანონპროექტით, ასევე, დგინდება, რომ წინასაარჩევნო რეკლამის გავრცელება დასაშვებია მხოლოდ საარჩევნო სუბიექტის დაკვეთით და რეკლამა არ უნდა შეიცავდეს სხვა პოლიტიკური პარტიის გამოსახულებას, სახელწოდებას, რიგით ნომერსა და სიმბოლიკას.

აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც მაუწყებელს, ისე წინასაარჩევნო რეკლამის დამკვეთს. სააგიტაციო მასალის მოთხოვნის დარღვევით გავრცელება კი იწვევს გამავრცელებლისა და გავრცელების დამკვეთის დაჯარიმებას, თითოეულის - 2000 ლარით. კომპეტენციის ფარგლებში ჯარიმის დაკისრებაზე პასუხისმგებელია ცესკო და კომუნიკაციების   კომისია.

წარმოდგენილი კანონპროექტი ეწინააღმდეგება გამოხატვისა და მედიის თავისუფლების დაცვის არსებულ სტანდარტებს. მნიშვნელოვანია, რომ პარტიებს და მათ წევრებს ჰქონდეთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ და საჯარო დებატებში, მიუხედავად იმისა, რომ მათი პოზიცია შესაძლოა არ ემთხვეოდეს ხელისუფლების პოლიტიკას ან იყოს არაპოპულარული ან შეურაცხმყოფელი რომელიმე ჯგუფისთვის.[1]

ვენეციის კომისიის განმარტებით,[2] პოლიტიკური კამპანიის კონტექსტში, არ შეიძლება სახელმწიფომ მიიღოს ისეთი კანონი, რომელიც სხვების უფლებების ან რეპუტაციის დაცვის მიზნით ზღუდავს პოლიტიკური სუბიექტის გამოხატვის თავისუფლებას. აგრეთვე, ისეთი ტერმინები, როგორიცაა მაგალითად “კანდიდატის პატივისა და ღირსების შელახვა”, ვენეციის კომისიამ მიიჩნია ფართო და ზოგად ფორმულირებად, რომელიც შეიცავს გამოხატვის თავისუფლების მომეტებული და არათანაზომიერი შეზღუდვის რისკებს. ასეთმა ფართო განმარტებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ინტენსიური პოლიტიკური კამპანიის შეფერხება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესების სათანადოდ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმართვისთვის.[3] გარდა ამისა, ევროპულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება ისეთი საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც კრძალავს სააგიტაციო მასალებში კანდიდატების შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოხსენიებას.[4]

რაც შეეხება ინიცირებული ცვლილებებით მედიის თავისუფლების შეზღუდვას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური მომხსენებელი განმარტავს,[5]  რომ მედია არ უნდა იყოს სამართლებრივად პასუხისმგებელი კანონთან შეუსაბამო ისეთი განცხადებისთვის, რომელიც გაკეთებულია საარჩევნო კამპანიის ფარგლებში. ეს მიდგომა ხაზს უსვამს საზოგადოების უფლებასაც, იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, რაზეც პოლიტიკოსები აპელირებენ. მსგავსი პოზიცია აქვს ვენეციის კომისიასაც.[6] მისი განმარტებით, სანქცია მიმართული უნდა იყოს უშუალოდ დამრღვევი პირის მიმართ და გამორიცხავდეს მედიის პასუხისმგებლობას. მედიასაშუალებების დასჯა მსგავსი გამონათქვამებისთვის, ქმნის იმის რისკს, რომ მაუწყებელი თვით-ცენზორი გახდეს, რაც სრულად მიუღებელია საერთაშორისო სამართლისთვის.

ყოველი ზემოთქმულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი ცვლილებები, მიუხედავად გაცხადებული მიზნებისა, ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლებას, ასევე, არაპროპორციულად ერევა მედიის საქმიანობაში, აკისრებს რა მაუწყებლებს პასუხისმგებლობას პოლიტიკური რეკლამის შინაარსთან დაკავშირებით. 

განსაკუთრებით საგანგაშოა კანონმდებლობაში ახალი ცნების ე.წ. „უარყოფითი დამოკიდებულების” შემოტანა, რომელიც არ არის ნათელი და განჭვრეტადი, შეიცავს ზოგად, ორაზროვან და ბუნდოვან ფორმულირებას, რაც ქმნის ტერმინის პოლიტიკური კონტექსტის მიხედვით განმარტებისა და გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში არაკონსტიტუციური ჩარევის რისკს. 

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კოდექსის მოქმედი რედაქციით დადგენილია აგიტაციის განმარტება,  რომლის  მიხედვითაც, წინასაარჩევნო აგიტაცია არის ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, Აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას. ამდენად, საარჩევნო კოდექსით დაცულია საარჩევნო სუბიექტის საწინააღმდეგო აგიტაციაც.  მიგვაჩნია, რომ მოქმედ კანონმდებლობაში არსებული მიდგომა, რომელიც იცავს საარჩევნო სუბიექტის საწინააღმდეგო აგიტაციას, განსხვავებით შემოთავაზებული სიახლისგან, შეესაბამება ადამიანის უფლებათა სტანდარტებს.

ამასთან, ცვლილებებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისთვის შემოთავაზებულია მკაცრი სანქცია ფულადი ჯარიმის სახით, რამაც, შესაძლოა, დამატებითი საფრთხე შექმნას კრიტიკული პოლიტიკური აქტივობისათვის, ვინაიდან არსებობს რისკი, რომ სანქციის თავიდან არიდების მიზნით ზოგიერთმა მაუწყებელმა უარი უთხრას პოლიტიკურ პარტიას რეკლამის განთავსებაზე.

ამდენად, გამოხატვის თავისუფლება, განსაკუთრებით კი პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით ფართოდ არის დაცული. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ ძალებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ, მათ შორის, გააკრიტიკონ ოპონენტი, პოლიტიკური რეკლამის მეშვეობით, რომელიც საარჩევნო კოდექსის თანახმად, შესაძლოა, საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას ან ხელის შეშლას ისახავდეს მიზნად. 

 

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს წარმოდგენილ კანონპროექტს და დაუყოვნებლივ გაიწვიოს  სადავო დოკუმენტი. წარმოდგენილი ცვლილებები არ ემსახურება ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას და პოლარიზაციის შემცირებას, აგრეთვე, ის ზღუდავს პოლიტიკური გამოხატვისა და მედიის თავისუფლებას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. 

 


[1] Venice Commission, OSCE/ODIHR guidelines on political party regulation, 2nd edition,  approved by the Council of Democratic Elections at its 69th online meeting (7 October 2020) and adopted by the Venice Commission at its 125th online Plenary Session (11-12 December 2020), (para. 43).

[2] CDL-AD(2014)019 Joint Opinion on the draft electoral law of the Kyrgyz Republic, adopted by the Council for Democratic Elections at its 48th meeting (Venice, 12 June 2014) and by the Venice Commission at its 99th Plenary Session (Venice, 13-14 June 2014) (para. 87).

[3] CDL-AD(2012)025 Joint Opinion on the draft amendments and addenda to the law “on elections to the Oliy Majlis of the Republic of Uzbekistan” and “on elections to the regional, district and city councils (Kengesh) of people’s deputies of Uzbekistan”, adopted by the Venice Commission at its 93rd Plenary Session (Venice, 14-15 December 2012) (para. 27).

[4] CDL-AD(2002)023rev2 Code of good practice in electoral matters, Guidelines and Explanatory Report, adopted by the Venice Commission at its 52nd Session (Venice, 18-19 October 2002) (para. 61).

[5] The ACE Encyclopedia: Media and Elections, (ACE Electoral Knowledge Network, 2012), ხელმისაწვდომია: https://aceproject.org/ace-en/topics/me/mea/mec03d/mec03d02.

[6] CDL-AD(2005)032 Guidelines on media analysis during observation missions, prepared in co-operation between the OSCE’s Office for Democratic Institutions and Human Rights, the Council of Europe’s Venice Commission and Directorate General of Human Rights, and the European Commission, adopted by the Council for Democratic Elections at its 14th meeting (Venice, 20 October 2005) and the Venice Commission at its 64th Plenary Session (Venice, 21-22 October) (paras. 1.1, 1.2).