სიახლეები
საია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტს, რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უფლებას აძლევს, უფლებამოსილების ვადა გაუგრძელოს პარლამენტის მიერ 10 წლის ვადით დანიშნულ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს. საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ირჩევს საქართველოს პარლამენტი. იმისათვის, რომ მოქალაქემ უზენაეს სასამართლოში განახორციელოს მართლმსაჯულება, ამისათვის, კონსტიტუციის მიხედვით, მას უნდა ჰქონდეს პარლამენტის მხრიდან ლეგიტიმაცია. როდესაც იწურება 10 წლიანი ვადა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კარგავს საპარლამენტო ლეგიტიმაციას, შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, უზენაეს სასამართლოში მართლმსაჯულების განხორციელება, არ მოდის შესაბამისობაში კონსტიტუციის მოთხოვნებთან.
საია საკონსტიტუციო სასამართლოში იცავს ორი მსჯავრდებულის ინტერესებს. ორივე მათგანის საქმე 2019 წლის 5 აპრილს განიხილა სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა მოსამართლე პაატა სილაგაძე. პაატა სილაგაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ პარლამენტმა დანიშნა 2008 წლის 23 ოქტომბერს 10 წლის ვადით. პაატა სილაგაძეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა 2018 წლის 23 ოქტომბერს. ამის მიუხედავად, პაატა სილაგაძეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2018 წლის 8 ოქტომბერს გაუგრძელა უფლებამოსილების ვადა. პაატა სილაგაძე უზენაეს სასამართლოში მოსამართლის მოვალეობას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ასრულებდა, 2018 წლის 23 ოქტომბრიდან 2019 წლის 3 ივნისამდე. სწორედ ამ პერიოდში განიხილა პაატა სილაგაძის პალატამ იმ პირთა საქმეები, რომელთა ინტერესებსაც საია საკონსტიტუციო სასამართლოში დაიცავს.
პაატა სილაგაძის შემთხვევა არ არის გამონაკლისი. მის მსგავსად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭომ უფლებამოსილება გაუგრძელა მოსამართლე გიორგი შავლიაშვილსაც. ამ უკანასკნელს პარლამენტის მიერ მინიჭებული 10 წლიანი მანდატი ამოეწურა 2020 წლის 18 ივნისს. ამის მიუხედავად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, დღემდე აგრძელებს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მოსამართლის მოვალეობის შესრულებას.[1] პალატის მიერ საქმის განსახილველად, აუცილებელია 3 მოსამართლის არსებობა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გიორგი შავლიაშვილის გარდა უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის შემადგენლობაში შედის კიდევ ოთხი მოსამართლე. შესაბამისად, შეუძლებელია ამ შემთხვევაში, უფლებამოსილების ვადის გაგრძელების მიზეზი პალატაში კვორუმის შენარჩუნება ყოფილიყო.
საია თვლის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება ვადა გაუგრძელოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას და კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის მიხედვითაც, საქმე უნდა განიხილოს იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება კონკრეტული საქმე.
ამ საქმეს საია USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებს.
[1] http://www.supremecourt.ge/structure/chamber-of-criminal-cases/
გააზიარე: