სიახლეები
საია იცავდა პირს, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებებისას გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზში საცხოვრებელი სახლი დაუზიანდა. საცხოვრებელი სახლის დაზიანება მოხვედრილმა ჭურვებმა გამოიწვიეს, რამაც მასში ცხოვრება შეუძლებელი გახადა. დაზარალებულ ოჯახს, გორის მუნიციპალიტეტის მერია წლების განმავლობაში უარს ეუბნებოდა სახლის აღდგენაზე იმ საფუძვლით, რომ ბიუჯეტში არ იყო ფინანსური სახსრები ომის შედეგად დაზიანებული სახლების აღსადგენად.
საია-ს გორის ოფისის დახმარებით, დაზარალებულმა მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სახლის აღსადგენად საჭირო თანხის, 24.893.05 ლარის ანაზღაურება. სასამართლოს სხდომაზე მუნიციპალიტეტი აცხადებდა, რომ გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით არ მომხდარა დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია, თანხები გამოიყოფოდა მთავრობის განკარგულებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან და შესაბამისად, მას არ ეკისრებოდა ანაზღაურების ვალდებულება. საია სასამართლო სხდომებზე ამტკიცებდა, რომ გორის მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან დაეფინანსებინა მოსარჩელის სახლის რეაბილიტაცია, ხოლო თუ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი არასაკმარისი იქნებოდა თანხის ასანაზღაურებლად, უნდა მიემართა დასაბუთებული მოთხოვნით საქართველოს მთავრობისთვის სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნით. სამივე ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა საია-ს პოზიცია და გორის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საცხოვრებელი სახლის აღსადგენად მოსარჩელისათვის 24 893.05 ლარის ანაზღაურება.
გააზიარე: