სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

გონიოში სასტუმროს მშენებლობაზე დასაქმებულმა პირებმა მიუღებელ ხელფასზე დავა მორიგებით დაასრულეს

2022-02-22 19:26
Featured image

საია-ს აჭარის ფილიალი იცავდა 12 პირს, რომლებიც ედავებოდნენ გონიოში სასტუმროს მშენებარე კომპანიას - შპს ,,ლაბაუ გონიოს“. ისინი ზეპირი შეთანხმების საფუძველზე ასრულებდნენ სამუშაოებს, თუმცა, კომპანიამ კუთვნილი ხელფასი არ გადაუხადა. სახელფასო დავალიანების არსებობის ფაქტს კომპანიის ადმინისტრაცია არ უარყოფდა, თუმცა მიუთითებდა, რომ დასაქმებულებს ეს თანხა სამშენებლო სამუშაოების გაჭიანურების გამო გაუქვითეს. საპირისპიროდ, დასაქმებულები მიუთითებდნენ, რომ სამუშაოების გაჭიანურება განპირობებული იყო დამსაქმებლის ბრალით, ვინაიდან კომპანია დასაქმებულებს დროულად არ აწვდიდა სამშენებლო მასალებს და ინვენტარს.  

სახელფასო დავალიანების (მოპარული ხელფასის) მიღების მიზნით, დასაქმებულებმა საიას დახმარებით რამდენიმე თვის წინ სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს. 2022 წლის 18 თებერვალს მხარეთა შორის არსებული დავა დასრულდა მორიგებით. მოპასუხემ მორიგების აქტით განსაზღვრული ვალდებულება უკვე შეასრულა და მორიგების აქტით განსაზღვრული ანაზღაურება დასაქმებულებს გადაუხადა.