სიახლეები
2021 წლის 30 ნოემბერს საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა ყოფილი ნოტარიუსის მარიამ გოგვაძის სახელით. დავის საგანს წარმოადგენს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რაც ითვალისწინებს განცხადების საფუძველზე, პროფესიული და ზოგადი უნარების ტესტის ჩაბარების გარეშე, იმ პირების ნოტარიუსის თანამდებობაზე დაბრუნების შესაძლებლობას, რომლებმაც ეს თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს 2008 წლის 1 აპრილიდან 2010 წლის 1 აპრილამდე. მოსარჩელე მარიამ გოგვაძე ნოტარიუსის თანამდებობას იკავებდა 2003 წლის 1 სექტემბერს. მოსარჩელე პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა ნოტარიუსის თანამდებობიდან 2010 წლის 4 მაისს.
მარიამ გოგვაძეს ნოტარიუსის თანამდებობა რომ დაეტოვებინა 2008 წლის 1 აპრილიდან 2010 წლის 1 აპრილამდე, მას პროფესიული და ზოგადი უნარების გამოცდების ჩაბარების გარეშე, ექნებოდა ნოტარიუსის თანამდებობაზე დაბრუნების შესაძლებლობა. ამის მიუხედავად, გასაჩივრებული ნორმა მარიამ გოგვაძეს და მის მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირებს არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს იმ ყოფილ ნოტარიუსებთან შედარებით, რომლებმაც 2008 წლის 1 აპრილიდან 2010 წლის 1 აპრილამდე დატოვეს ნოტარიუსის თანამდებობა და აქვთ გამოცდების ჩაბარების გარეშე თანამდებობაზე დაბრუნების შესაძლებლობა. მათგან განსხვავებით, მარიამ გოგვაძემ უნდა ჩააბაროს პროფესიული და ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ნოტარიუსის თანამდებობა არა 2010 წლის 1 აპრილამდე არამედ 2010 წლის 1 აპრილის შემდეგ დატოვა.
იმ პირებს, რომლებმაც 2008 წლის 1 აპრილიდან 2010 წლის 1 აპრილამდე დატოვეს ნოტარიუსის თანამდებობა და 2010 წლის 1 აპრილის შემდეგ ნოტარიუსის თანამდებობიდან წასულ პირებს, გააჩნიათ ერთნაირი კვალიფიკაცია, ნოტარიუსის თანამდებობაზე მუშაობის ერთნაირი სტაჟი, ამის მიუხედავად, 2008 წლის 1 აპრილიდან 2010 წლის 1 აპრილამდე ნოტარიუსის თანამდებობიდან გადამდგარ ნოტარიუსებს გასაჩივრებული ნორმა ათავისუფლებს პროფესიული და ზოგადი უნარების გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისაგან, ხოლო იმ ნოტარიუსებს, რომლებმაც თანამდებობა დატოვეს 2010 წლის 1 აპრილის შემდეგ, ეკისრებათ ამგვარი გამოცდის ჩაბარების ვალდებულება. ამგვარ განსხვავებულ მოპყრობას არავითარი კონსტიტუციურ-სამართლებრივი გამართლება არ გააჩნია. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებული ნორმა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას.
გააზიარე: