სიახლეები
ევროპულმა სასამართლომ 2022 წლის 28 აპრილს გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე რომელსაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პარტნიორ ორგანიზაციასთან, „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC)”, თანამშრომლობით აწარმოებდა. საქმეზე დადგინდა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა), როგორც მატერიალური, ისე, პროცედურული ნაწილის, დარღვევა.
კერძოდ, საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2014 წლის ზაფხულში, კუთვნილი ავტომობილით მოძრაობისას, მომჩივანი საპატრულო პოლიციის ორმა თანამშრომელმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერა. საქმის მასალებზე დართულ ვიდეო-ჩანაწერების საფუძველზე იკვეთება, რომ მომჩივანი შეეცადა პატრულ-ინსპექტორების დარწმუნებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას საგზაო მოძრაობის წესები არ დაურღვევია. ვიდეო-კადრებში, ასევე, ასახულია, თუ როგორ მიათრევს ერთ-ერთი პატრულ-ინსპექტორი მომჩივანს თავისი მანქანისკენ, სავარაუდოდ, მანქანაში ჩაჯდომის მოწოდებით და ამ დროს ურტყამს მას ხელს თავში. მომჩივანს პატრულ-ინსპექტორმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (შემდგომში ასკ) 119 (5) მუხლის საფუძველზე ასლარიანი ჯარიმა გამოუწერა. მომჩივნის განმარტებით, მან პატრულ ინსპექტორებს მიმართა, რომ გაასაჩივრებდა გამოწერილ ოქმს და თავში ხელის წამორტყმასაც „არ აპატიებდა“. აღნიშნულმა სიტყვებმა პატრულ-ინსპექტორები გააღიზიანა. ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, ასკ-ს 173-ე მუხლის საფუძველზე ადგილზე დააკავეს.
დაკავებისას პატრულ-ინსპექტორებმა მომჩივანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც მან სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, მოქალაქეს აღენიშნებოდა მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები თავისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში; მარჯვენამხრივი გულმკერდის ტრავმა, V და VII ნეკნების მოტეხილობა, განვითარებული რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, რომელიც მიეკუთვნა დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
მომჩივნის მიმართვის საფუძველზე, 2014 წლის ნოემბერში დაიწყო გამოძიება მის მიმართ ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. მომჩივანი არ იყო ჩართული გამოძიების პროცესში ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად. მას დაზარალებულის სტატუსი მხოლოდ გამოძიების დასრულებისას, 2014 წლის ნოემბრის ბოლოს, მიენიჭა, ხოლო 2015 წლის 2 დეკემბერს საქმე არსებითად განსახილველად გადაიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოში. პასუხისგებაში მხოლოდ ერთ პატრულ-ინსპექტორი მიეცა ადმინისტრაციული წესით დაკავებისას ძალადობით სამსახურებრივ უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით.
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის მიმართ პოლიციელთა მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება არ იყო სრულყოფილი. გამოძიების ინტერესების მიღმა დარჩა მომჩივნისთვის მიყენებული ისეთი მძიმე დაზიანება, როგორიცაა ნეკნების მოტეხილობა, რაც საქმის მასალებში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დასტურდებოდა. მიუხედავად აღნიშნულისა, არცერთ პოლიციელს არ წაეყენა ბრალი აღნიშნულ ფაქტზე. დამატებით, სასამართლომ არასათანადო მოპყრობის საქმეებზე საგამოძიებო პროცესის ფარგლებში დროული სამედიცინო გამოკვლევის/ექსპერტიზის საჭიროებაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება. ამასთან, მიმდინარე საქმეზე ბრალი წაეყენა მხოლოდ ერთ პატრულ-ინსპექტორს და ისიც მხოლოდ თავის არეში ხელის დარტყმის საფუძველზე.
საიას დახმარებით, მომჩივანმა, ასევე, 2018 წელს მოიგო დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, რომლის საფუძველზეც სამინისტროს მის მიმართ მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება დაევალა.
აღსანიშნავია, რომ პოლიციელთა მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტზე არასრულყოფილი გამოძიების ჩატარება და ამ სახის დანაშაულისთვის დაუსჯელობა არათუ ვერ უზრუნველყოფს მომავალში პოლიციელთა მხრიდან დანაშაულებრივი ქმედების პრევენციას, არამედ შესაძლოა წამახალისებელი ეფექტიც კი იქონიოს და ამით მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, როგორც კონკრეტული პირების უფლებების ეფექტიან დაცვას, ასევე, საჯარო ინტერესს.
დამატებით, ხაზგასასმელია, რომ მინისტრთა კომიტეტი ზედამხედველობს ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებს,რომლებზეც სხვადასხვა დროს ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ სიცოცხლის უფლების და არასათანადო მოპყრობის აკრძალვის დარღვევა დადგინდა. ამ ჯგუფის საქმეების აღსრულების თვალსაზრისით კვლავ გამოწვევად რჩება სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება როგორც პრაქტიკული, ასევე, ინსტიტუციური თვალსაზრისით, რასთან დაკავშირებითაც, საია გააგრძელებს წინამდებარე საქმის აღსრულების მონიტორინგს, როგორც საქართველოს პარლამენტის, ისე მინისტრთა კომიტეტის წინაშე.
გააზიარე: