სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობები და პროცედურა

2023-01-05 17:30
Featured image

1. ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობები

ევროპულ კავშირში („ევროკავშირი“) გაწევრიანება კომპლექსური პროცესია. ზოგადად, ის ღიაა ახალი წევრებისათვის, თუმცა აწესებს რიგ წინაპირობებს გაწევრიანების მსურველი სახელმწიფოებისათვის. ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების („Treaty on European Union“) 49-ე მუხლი ადგენს გაწევრიანების მატერიალურ წინაპირობებს. აღნიშნული ნორმის მიხედვით, კავშირის წევრობასთან დაკავშირებით განაცხადების გაკეთება შეუძლია ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას, რომელიც იზიარებს და იცავს ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის ღირსება და სხვა ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, დემოკრატია, თანასწორობა, სამართლის უზენაესობა.[1]

ამგვარად, ხელშეკრულება, ერთი მხრივ, ითვალისწინებს გეოგრაფიულ ასპექტს, რამდენადაც განაცხადით მიმართვის შესაძლებლობით აღჭურავს „ევროპულ სახელმწიფოს“, ხოლო მეორე მხრივ, ხაზს უსვამს ღირებულებითი კავშირის მნიშვნელობას.[2] ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი „ევროპული სახელმწიფო“ გეოგრაფიულ გაგებას მიემართება, მნიშვნელოვანია პოლიტიკური შეფასებაც.[3] გეოგრაფიული ფაქტორის შეფასებასთან ერთად პოლიტიკური ასპექტიც რომ გადამწყვეტ როლს ასრულებს, ამის ნათელი მაგალითი თურქეთია, რომლის ტერიტორიის დიდი ნაწილი არაევროპულ კონტინენტზე მდებარეობს, თუმცა მას 1990-იან წლებში კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.[4] ასოცირების შესახებ შეთანხმებით საქართველო აღიარებულია, როგორც აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანა.[5]

ხელშეკრულებით განსაზღვრულ გაწევრიანების მატერიალურ წინაპირობებთან ერთად, 1993 წელს ევროპის საბჭომ შეიმუშავა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტერიუმებიც, რომელიც „კოპენჰაგენის კრიტერიუმების“ სახელითაა ცნობილი. ის უფრო დეტალურია და განსაზღვრავს გაწევრიანების პრაქტიკას.[6] უფრო კონკრეტულად:[7]

- ინსტიტუტების სტაბილურობა, რაც უზრუნველყოფს დემოკრატიას, სამართლის უზენაესობას, ადამიანის უფლებების და უმცირესობების პატივისცემასა და დაცვას, კოპენჰაგენის კრიტერიუმების პოლიტიკური მხარეა.[8] ევროკავშირი, ზოგადად, დემოკრატიული სახელმწიფოების გაერთიანებაა და წევრობის მსურველმა ქვეყანამაც დემოკრატიის ის სახელმძღვანელო პრინციპები უნდა დააკმაყოფილოს, რომელსაც  სხვა წევრი ქვეყნები ეყრდნობიან.[9] თავისუფლება და დემოკრატია სწორედ ადამიანის უფლებებით, მათ შორის, უმცირესობების დაცვით მიიღწევა.[10] რაც შეეხება სამართლებრივ სახელმწიფოს, აქ მოიაზრება ძალაუფლების დანაწილებისა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნის უზრუნველყოფა.[11]

- ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკა და ევროპის კავშირში არსებული კონკურენციისა და საბაზრო ძალების გამკლავების უნარი ეკონომიკური კრიტერიუმია.[12] იგი გულისხმობს, რომ კანდიდატი სახელმწიფოს ეკონომიკური სისტემა უნდა იძლეოდეს ევროკავშირის შიდა ბაზრის ნაწილად გახდომის შესაძლებლობას, ასევე, სახელმწიფოს უნდა შეეძლოს, ამ ბაზრის მარეგულირებელი წესები ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოიღოს და თამამად შევიდეს კონკურენტულ გარემოში.[13]

- კრიტერიუმების რიცხვს მიეკუთვნება გაწევრიანებისათვის დაწესებული ვალდებულებების აღებისა და განხორციელების უნარი, მათ შორის, პოლიტიკური, ეკონომიკური და მონეტარული კავშირის მიზნების ერთგულება (ე.წ. acquis communautaire-ის მიღება).[14] აღნიშნული კრიტერიუმის მიხედვით ახლად გაწევრიანებული სახელმწიფო უფლებებთან ერთად უნდა კისრულობდეს სხვა წევრთა მსგავს ვალდებულებებსაც.[15]

- კოპენჰაგენის მე-4 კრიტერიუმის მიხედვით,[16] უნდა არსებობდეს „კავშირის შესაძლებლობა, მიიღოს ახალი წევრი ისე, რომ შენარჩუნდეს ევროინტეგრაციის იმპულსები“.[17]

2. გაწევრიანების პროცედურა

გაწევრიანების რთული პროცედურა, პირობითად, სამ ფაზად შეიძლება დაიყოს. პირველ ეტაპზე, ქვეყანა, მზადყოფნის შემთხვევაში, მოიპოვებს კანდიდატის ოფიციალურ სტატუსს.[18] მეორე ეტაპზე კანდიდატი გადაინაცვლებს ოფიციალური წევრობის შესახებ მოლაპარაკებების სტადიაზე, ხოლო მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები და თანმდევი რეფორმები ორივე მხარისათვის სასურველი შედეგით რეალიზდება, ქვეყანას შეეძლება, შეუერთდეს ევროკავშირს.[19]

გაწევრიანების მსურველი სახელმწიფო, პირველ რიგში, აპლიკაციას წარუდგენს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ ქვეყანას.[20] ევროკავშირის საბჭო, თავის მხრივ, მიმართავს ევროკომისიას, აპლიკანტის კოპენჰაგენის კრიტერიუმებთან თანხვედრის შეფასების მიზნით.[21] კომისიის წინასწარ დასკვნაზე დაყრდნობით ევროკავშირის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, მიანიჭოს თუ არა აპლიკანტ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი.[22] საბჭომ შესაძლებელია განსაზღვროს გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისათვის საჭირო სპეციალური წინაპირობებიც.[23]

ევროკავშირის საბჭო კომისიის დასკვნის საფუძველზე იწყებს მოლაპარაკებების ეტაპს.[24]მოლაპარაკებების დაწყებისათვის საჭიროა ევროკავშირის მთავრობათა ერთსულოვანი თანხმობა.[25] ამ ეტაპზე არ მიიღება გადაწყვეტილება გაწევრიანების  შესახებ და ის არ არის გარანტია აუცილებლად დადებითი პასუხის მისაღებად.[26]

მოლაპარაკებების გახსნის შემდეგ ევროკომისია კანდიდატი ქვეყნის დეტალურ შეფასებას ახდენს, რაც ე.წ. „Screening-ის“ სახელითაა ცნობილი.[27] კომისია შეისწავლის პოლიტიკის თითოეულ სფეროს, რათა განსაზღვროს, რამდენად მზადაა სახელმწიფო წევრობისათვის, რის შედეგადაც ევროკავშირის წევრებს წარუდგენს ანგარიშს (Screening Report).[28] აღნიშნული ანგარიში ეხება იმ გამოწვევებს, რომელიც უნდა დაიძლიოს, რათა სახელმწიფო აღასრულებდეს ევროკავშირის წევრებისათვის განსაზღვრული უფლებებისა და ვალდებულებების სრულ ნაკრებს (acquis). მოლაპარაკებების პროცესში ფასდება 35 სფერო,[29] რომელიც ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა, მაგალითად, ეკონომიკური პოლიტიკა, ადამიანის უფლებები, საგარეო პოლიტიკა და ა.შ.[30] მოლაპარაკებების მიზანია კანდიდატი ქვეყნის მომზადება ევროკავშირის წევრობით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის.[31]

მას შემდეგ, რაც ყველა სფერო შეფასდება, შესრულდება ყველა კრიტერიუმი და კანდიდატი ქვეყანა განახორციელებს ეროვნული სამართლის რეფორმას, ევროკავშირის სამართალთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, იდება გაწევრიანების ხელშეკრულება (accession treaty).[32]ხელშეკრულებას მხარი უნდა დაუჭიროს ევროკომისიამ, ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ, რის შემდეგაც საჭიროა მისი რატიფიცირება ევროკავშირის თითოეული წევრისა და განმცხადებელი სახელმწიფოს მხრიდან.[33] ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდება გაწევრიანების ხელშეკრულებაში მითითებული თარიღიდან.[34]

ამგვარად, ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მოპოვება კომპლექსური პროცედურაა. აპლიკანტი ქვეყნის მხრიდან იგი მოიაზრებს „ევროპული სახელმწიფოს“ გეოგრაფიული და პოლიტიკური ასპექტის არსებობას, ასევე კავშირთან ღირებულებათა ერთობას. გაწევრიანების პრაქტიკა კონკრეტიზდება კოპენჰაგენის კრიტერიუმებით. რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღების უშუალო პროცესს, მასში ევროკავშირის ყველა ძირითადი ინსტიტუტია ჩართული. გადაწყვეტილების მიღების გართულებული მექანიზმიდან გამომდინარე, საქართველომ მნიშვნელოვნად უნდა აღიქვას ევროკავშირის კრიტიკა თუ რეკომენდაციები და ორმხრივი კომუნიკაციით პროაქტიულად განახორციელოს იგი.

 

 

მარიამ ბაწელაშვილი- საიას მონიტორი

ბლოგი შექმნილია 'საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის' (CSRDG) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაა პასუხიმგებელი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

 

 


[1] Consolidated version of the Treaty on European Union, Document 12012M/TXT, Art. 2, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2pg8179, განახლებულია: 21.11.2022. 

[2] თომას ოპერმანი, კლაუს დითერ კლასენი, მარტინ ნეთესჰაიმი, ევროპული სამართალი, სასწავლო სახელმძღვანელო, თამარ ერქვანიას და ირაკლი ჯაფარაშვილის თარგმანი, 2018, 919, ხელმისაწვდომია: http://lawlibrary.info/ge/books/GIZ_EULAW.pdf, განახლებულია: 21.11.2022

[3] იქვე, 920.

[4] Türkiye, European Council, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3WsBW9H, განახლებულია: 21.11.2022.

[5] „ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის“, პრეამბულა, საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 11.09.2014, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2HxEjF7, განახლებულია: 21.11.2022. 

[6] Accession criteria (Copenhagen criteria), Eur-Lex, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3AGIoBg, განახლებულია: 21.11.2022.

[7] „Conditions for membership“, European Commission, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3B4vg9F, განახლებულია: 21.11.2022.

[8] Ambassador Dr. Erich Hochleitner, „The Political Criteria of Copenhagen and their application to Turkey“, Working Paper, Austrian Institute for European Security Policy, August 2005, 1, ხელმისაწვდომია: https://www.aies.at/download/2005/hochleitner4.pdf, განახლებულია: 21.11.2022. 

[9] თომას ოპერმანი, კლაუს დითერ კლასენი, მარტინ ნეთესჰაიმი, დასახელებული ნაშრომი, 920.

[10] იქვე, 921.

[11] იქვე.

[12] Ambassador Dr. Erich Hochleitner, „The Political Criteria of Copenhagen and their application to Turkey“, Working Paper, Austrian Institute for European Security Policy,1.

[13] თომას ოპერმანი, კლაუს დითერ კლასენი, მარტინ ნეთესჰაიმი, დასახელებული ნაშრომი, 921.

[14] Accession criteria (Copenhagen criteria), Eur-Lex.

[15] თომას ოპერმანი, კლაუს დითერ კლასენი, მარტინ ნეთესჰაიმი, დასახელებული ნაშრომი, 921.

[16] Ambassador Dr. Erich Hochleitner, „The Political Criteria of Copenhagen and their application to Turkey“, Working Paper, Austrian Institute for European Security Policy, 1.

[17] თომას ოპერმანი, კლაუს დითერ კლასენი, მარტინ ნეთესჰაიმი, დასახელებული ნაშრომი, 921-922.

[18] Steps towards joining, European Commission, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3tTVcR8, განახლებულია: 24.11.2022.  

[19] იქვე.

[20] EU Enlargement Factsheet, How does the EU Accession Process Work, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3gtIp51, განახლებულია: 24.11.2022.

[21] Joining the EU, European Union, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3ECZFfQ, განახლებულია: 24.11.2022. 

[22] EU Enlargement Factsheet, How does the EU Accession Process Work, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3OB8ZG0, განახლებულია: 24.11.2022. 

[23] იქვე.

[24] თომას ოპერმანი, კლაუს დითერ კლასენი, მარტინ ნეთესჰაიმი, დასახელებული ნაშრომი, 922.

[25] Steps towards joining, European Commission, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3i8pT2y, განახლებულია: 24.11.2022. 

[26] თომას ოპერმანი, კლაუს დითერ კლასენი, მარტინ ნეთესჰაიმი, დასახელებული ნაშრომი, 922.

[27] EU Enlargement Factsheet, How does the EU Accession Process Work.

[28] Steps towards joining, European Commission.

[29] Acquis 35 სფეროდაა დაყოფილი. იხ. EU Enlargement Factsheet, How does the EU Accession Process Work.

[30] იქვე.

[31] იქვე.

[32] იქვე.

[33] იქვე.

[34] იქვე.