სიახლეები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის კატეგორიულად მიუღებელია საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით საქართველოში გამოხატვის თავისუფლების არაპროპორციული შეზღუდვა, რაც გამოიხატება იმაში, რომ ტელერადიო კომპანიას “იმედი”, ტელეკომპანიებს “კავკასია” და “25-ე არხი” ჯერ კიდევ შეჩერებული აქვთ მაუწყებლობა.
“სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი ნებისმიერი სამართლებრივი აქტი უნდა იყოს: პირდაპირ მიმართული ლეგიტიმური მიზნების განხორციელებისაკენ; კრიტიკულად აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის; უნდა იყოს არადისკრიმინაციული და პროპორციულად შემზღუდველი.
საქართველოში 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენების შემდეგ, ხელისუფლების გადაწყვეტილების შედეგად მაუწყებლობა შეწყვიტეს ტელერადიოკომპანიამ “იმედი”, ტელეკომპანიებმა “კავკასია” და “25-ე არხი”, რითაც ისინი სხვა ტელე და რადიო კომპანიებთან შედარებით არათანაბარ მდგომარეობაში იქნენ ჩაყენებულნი. კერძოდ, სხვა მაუწყებლებისგან განსხვავებით, მათ საერთოდ შეუწყდათ საეთერო მაუწყებლობა.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული შეზღუდვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონს, არაა პროპორციულად შემზღუდველი, არ წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოებისათვის კრიტიკულად აუცილებელ შეზღუდვას და არაა მიმართული ლეგიტიმური მიზნის დაცვისაკენ.
იმისათვის, რომ შეწყდეს ზემოაღნიშნული მაუწყებლების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა, აუცილებელია მათ დაუყოვნებლივ მიეცეთ საშუალება აღადგინონ მაუწყებლობა იმავე ფორმით, რაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაშვებულია სხვა მაუწყებელებისათვის.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კიდევ ერთხელ მოითხოვს დაუყოვნებლივ აღუდგეს მაუწყებლობა სამივე ტელე და რადიო კომპანიას და დაუყოვნებლივ მიეცეს აღნიშნულ ქმედებებს სამართლებრივი შეფასება.
გააზიარე: