სიახლეები
2021 წლის 13 მაისს, საია, ირაკლი ჯინჭარაძის სახელით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელს წარადგენს. სარჩელით მოთხოვნილია ირაკლი ჯინჭარაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული განკარგულების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება. ამასთან, ირაკლი ჯინჭარაძე ასევე ითხოვს, სასამართლომ დაადგინოს მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაცია განსხვავებული შეხედულებების გამო.
როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, ირაკლი ჯინჭარაძე სსიპ ,,ბათუმის ბულვარის“ ყოფილი დირექტორია. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 12 აპრილის განკარგულებით, ის გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან, სახელმწიფო აუდიტის 2020 წლის 4 ნოემბრის ანგარიშში აღმოჩენილი დარღვევების საფუძვლით. საყურადღებოა, რომ გათავისუფლების განკარგულების მიღებას, წინ უსწრებდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 მარტის სხდომა, სადაც ირაკლი ჯინჭარაძემ გააკრიტიკა დაახლოებით 4500 კვ/მ ფართობის პლაჟის ბრენდირებული სასტუმროებისთვის გრძელვადიანი იჯარით გადაცემის ინიციატივა, ვინაიდან ამით ხსენებული სანაპირო მონაკვეთი აღარ იქნებოდა ხელმისაწვდომი ადგილობრივი მოსახლეობისა და დამსვენებლებისთვის. სხდომის დასრულებამდე საკრებულოს თავმჯდომარემ ის გამოაძევა დარბაზიდან. წარდგენილ სარჩელში მოსარჩელე ასაბუთებს, რომ მისი გათავისუფლება დაუსაბუთებლად, დისკრიმინაციული საფუძვლით განხორციელდა.
გააზიარე: