სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დაისაჯა თუ არა ვინმე სხვისი პირადი ცხოვრების უფლების დარღვევისთვის?

2014-05-23 16:51
Featured image
"რიგით მოქალაქეს, რომელმაც გახსნა სხვისი საფოსტო გზავნილი, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვის ვადით,
 
ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომელმაც ინტერნეტში განათავსა სხვისი პირადი, ინტიმური ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალა, შეეფარდა მხოლოდ პირობითი მსჯავრი."
 
კამპანია ,,ეს შენ გეხება"
 
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, კამპანია ,,ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ" ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების დაცვას ისახავს. ადამიანებს უნდა გაუქრეთ განცდა იმისა, რომ ,,ისევ უსმენენ". ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით, რომ ევროპულ სტანდარტებზე დაფუძნებულ საკანონმდებლო რეგულაციებთან ერთად აუცილებელია კანონმდებლობის შესრულებაზე ეფექტური კონტროლის დაწესება და დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემა. 
 
კამპანიის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის იყო, რომ ათასობით აღმოჩენილი უკანონო ჩანაწერის მიუხედავად, ამ საკითხის გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობდა. ჩვენ მაღალი ალბათობით ვვარაუდობდით, რომ ამ უკანონო ჩანაწერების შემქმნელი არცერთი პირი არ დასჯილა. ეს კი, ცხადია, ვერ მოახდენდა მსგავსი უკანონო მოსმენების პრევენციას, პირიქით, ხელს შეუწყობდა დაუსჯელობის სინდრომის განმტკიცებას, რაც, თავის მხრივ, შექმნიდა მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების გაგრძელების მაღალ რისკს. შესაბამისად, კამპანიის მონაწილე ორგანიზაციები ხელისუფლებას კანონპროექტის მიღებასთან ერთად ეფექტური გამოძიების წარმოებისკენ მოვუწოდებდით (ეს მოწოდება დღესაც ძალაშია).
 
როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ მინისტრმა 2014 წლის პირველ მაისს მთავრობის სხდომაზე კამპანიის მონაწილე ორგანიზაციები, რბილად რომ ვთქვათ, მწვავედ გააკრიტიკა. უხერხულია ამტკიცო, რომ არ ხარ საკუთარი ქვეყნის ძირგამომთხრელი. სანაცვლოდ შევეცადეთ გაგვერკვია, პრემიერ მინისტრის მიერ მოწოდებული ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის სისწორე. მთავრობის ზემოაღნიშნულ სხდომაზე პრემიერმა განაცხადა, რომ ,,მსგავსი ტიპის დანაშაულისათვის ბევრი ადამიანი დაისაჯა". ჩვენ გადავწყვიტეთ, ოფიციალურად გადაგვემოწმებინა შეესაბამებოდა თუ არა ეს სიტყვები სიმართლეს. 
 
ინფორმაცია გამოვითხოვეთ თბილისის საქალაქო სასამართლოდან იმის შესახებ, თუ რამდენი პირი იყო მსჯავრდებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157, 158 და 159-ე მუხლებით. ეს დებულებები წარმოადგენენ სპეციალურ ნორმებს და შეიცავენ დამამძიმებელ გარემოებას, რაც გულისხმობს დანაშაულის სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენას. აქედან გამომდინარე, სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლით პირის მსჯავრდება პირადი ცხორების უფლების ხელყოფის გამო გამორიცხულია. 
 
 თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა შემდეგი:
 
1. არც წინა ხელისუფლების და არც არსებული ხელისუფლების  დროს, პრემიერ მინისტრის ზემოაღნიშნული განცხადების მომენტისთვის, არცერთი პირის მიმართ არ გამოტანილა გამამტყუნებელი განაჩენი ზემოაღნიშნული მუხლებით, რადგან ამგვარი მოთხოვნით საქმე სასამართლოში არ შესულა;
 
2. ამ მხრივ გამონაკლისია ერთ-ერთი რიგითი მოქალაქის მიმართ 2011 წელს გამოტანილი განაჩენი (რომლის ასლიც დაშტრიხული სახით მივიღეთ სასამართლოდან), სადაც მითითებულია, რომ სხვისი საფოსტო გზავნილის გახსნის გამო მოქალაქეს 2011 წელს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვის ვადით. 
 
3. ჩვენს მიერ ინფორმაციის გამოთხოვის მომენტისთვის სასამართოს განაჩენი ჯერ კიდევ არ ჰქონდა  გამოტანილი შსს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გელა ხვედელიძის მიმართ. შესაბამისად, ის ,,დასჯილი" არ იყო პრემიერის განცხადების მომენტისთვის. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მას შეეფარდა პირობითი მსჯავრი 1 წლის ვადით.
 
სახეზეა არათანმიმდევრული სანქციები - რიგით მოქალაქეს, რომელმაც გახსნა სხვისი საფოსტო გზავნილი, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვის ვადით, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომელმაც ინტერნეტში განათავსა სხვისი პირადი, ინტიმური ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალა, შეეფარდა მხოლოდ პირობითი მსჯავრი. ნათელია, რომ მინისტრის ყოფილი მოადგილის, როგორც თანამდებობის პირის მიერ დამამძიმებელ გარემოებაში  ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება თავისი არსით ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე მოქალაქის მიერ ჩადენილი ქმედება. თუმცა, კანონის ეს ლოგიკა რეალურ მართლმსაჯულებაში საწინააღმდეგოდ აისახა და რიგით მოქალაქეს ბევრად უფრო მკაცრი სასჯელი შეეფარდა.
 
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ათასობით უკანონო ჩანაწერების არსებობის პირობებში სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება ამ ტიპის დანაშაულებზე უაღრესად არაადეკვატურია. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ამას საერთოდაც არ შეიძლბლება რაიმე სახის რეაგირება ეწოდოს. ამ ფონზე ჩვენთვის გაუგებარია, თუ რა ინფორმაციას ეფუძნებოდა პრემიერ მინისტრის სიტყვები იმის შესახებ, რომ ,,მსგავსი ტიპის დანაშაულისათვის ბევრი ადამიანი დაისაჯა"... საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდ სასამართლოში, რომელიც მოიცავს საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გამოძიებულ საქმეთა იურისდიქციასაც,  ფაქტიურად არ ფიქსირდება არცერთი პირის მიმართ მსჯავრდება პირადი ცხოვრების უფლების ხელმყოფი სისხლის სამართლის სპეციალური მუხლებით. 
 
აქვე გვსურს მივმართოთ ყველა თანამდებობის პირს, მათ შორის იმ დეპუტატებს, რომლებიც ადრე საკუთარი სურვილით იცავდნენ ადამიანის უფლებებს და დღეს იგივეს გაკეთება მათ პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს: ხელისუფლებაში მყოფ პირს ადამიანის უფლებათა დასაცავად ბევრად უფრო მძლავრი ბერკეტები გააჩნია. გაზრდილ უფლებამოსილებას მომეტებული პასუხისმგებლობაც ახლავს. ცხადია, საინტერესოა დისკუსია იმის შესახებ, თუ სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და პირადი ცხოვრების უფლებას შორის. მაგრამ შექმნილ სიტუაციაში ბევრად უფრო პრიორიტეტულია ათასობით უკანონო ჩანაწერის შემქმნელთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება და იმ კანონპროექტის სრულად (შეცვლილ დებულებათა ჩათვლით) მხარდაჭერა, რომლის პლენარულ სესიაზე 1 კვირის წინ განსახილველად საჭირო ქვორუმი არ აღმოჩნდა.
 
 
კახა კოჟორიძე
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე