სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ჩვენ გვაქვს უფლება ვიცოდეთ, რა ოდენობის თანხა უნდა ჩამოაწეროს სახელმწიფომ კონკრეტულ მაუწყებელს

2010-04-08 13:49
Featured image
2010 წლის 7 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა დასკვნა მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც სამაუწყებლო საშუალებებისთვის ‘საგადასახადო ამნისტიას’ ითვალისწინებს.

პროექტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლს ემატება 21-ე (პრიმა) ნაწილი, რომლის მიხედვითაც ტელესამაუწყებლო კომპანიებს უნდა ჩამოეწეროთ კანონის ძალაში შესვლის დღისთვის არსებული საგადასახადო დავალიანებები და მასზე დარიცხული საურავები.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის მიღებით ბიუჯეტის საშემოსავლო  ნაწილი დახლოებით 36 მილიონი ლარით მცირდება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, საზოგადოებისთვის უზრუნველყოფილი იქნეს იმ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რომელიც ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელიებისთვის საგადასახადო დავალიანების შეწყვეტასთანაა დაკავშირებული. კერძოდ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, თითოეულ გადასახადის გადამხდელს აქვს უფლება იცოდეს, რა ოდენობის თანხა ჩამოაწერა სახელმწიფომ კონკრეტულ მაუწყებელს. მიუხედავად ამისა, კანონპროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ ინფორმაცია თითოეულ ტელემაუწყებელზე დარიცხული დავალიენების/სანქციების ოდენობის შესახებ ვერ გახდება საჯარო, საგადასახადო კოდექსის 122-ე მუხლიდან გამომდინარე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, დავალიანების ოდენობის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებამ შეუძლებელია ზიანი მიაყენოს კონკრეტული მაუწყებლის კომერციულ ინტერესებს. ჩვენს მოსაზრებებს ამყარებს ისიც, რომ მსგავსი ინფორმაციის განსაჯაროების მაგალითები მრავალად არსებობს „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ კანონიდან გამომდინარე ურთიერთობებთან მიმართებაში. კერძოდ, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია ის ინფორმაცია, რომელიც შეეხება ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციას - საწარმოთა დასახელების, დავალიანების სახის, რესტრუქტურიზაციის პერიოდისა და რესტრუქტურიზებული თანხების ჩათვლით (მაგალითისთვის იხ. 2009 წლის 29 აპრილის საქართველოს მთავრობის განკარგულება #328, რიგ საწარმოებზე რიცხული საგადასახადო დავალიანებხეების რესტრუქტურიზაციის შესახებ).

შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის 21-ე (პრიმა) ნაწილის შემოთავაზებულ ვერსიას დაემატოს შემდეგი წინადადება: „კონკრეტული ტელემაუწყებლის ლიცენზიის მფლობელის ვინაობა, მათთვის ჩამოწერილი თანხის ოდენობა და დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებული სხვა მონაცემები საჯაროა.“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დასკვნა შეგიძლიათ იხილოთ: http://gyla.ge/legislature/index.php?formm=3&click_object_id=2&da_index=478.