სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და საიამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

2015-07-06 12:00
Featured image

2015 წლის 6 ივლისს სამოქალაქო ცნობიერებისა და საარჩევნო კულტურის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ,,საარჩევნო განვითარების სკოლა 2015’’-ის ფარგლებში თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმს ხელი ცესკოსა და საიას თავმჯდომარეებმა, თამარ ჟვანიამ და ანა ნაცვლიშვილმა მოაწერეს. 
 
დემოკრატიული საარჩევნო პროცესების გაუმჯობესების  მნიშვნელოვან ქვაკუთხედს სამოქალაქო ცნობიერებისა და საარჩევნო კულტურის განვითარება წარმოადგენს. ორგანიზაციები მზაობას გამოთქვამენ ხელი შეუწყონ სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას, ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლებას, არჩევნების პოპულარიზაციას საზოგადოების ფართო წრეებში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, მოწყვლად ჯგუფებსა და უმცირესობებში. აღნიშნული მიზნების მისაღწევად მხარეები მჭიდროდ ითანამშრომლებენ  „საარჩევნო განვითარების სკოლა 2015“ პროექტის წარმატებით განხორციელების ხელშეწყობის ფარგლებში.
 
მიმდინარე წლის 13 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით, 17-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს 10 საარჩევნო ოლქში შესაძლებლობა აქვთ გაიარონ სასწავლო კურსი, მიიღონ საჭირო ცოდნა საარჩევნო თემებზე, რაც ხელს შეუწყობს დემოკრატიული პროცესების გაუმჯობესებას ქვეყანაში.
 
ცენტრალური საარჩევნო კომისია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (საია) და საარჩევნო სისტემების საერთაშრისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით, ევროპის საბჭოსა (CoE) და აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს საპილოტე პროექტს „საარჩევნო განვითარების სკოლა 2015“.