GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

23 ივნისი, 2022

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 19 აპრილს ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“  მრჩეველთა საბჭომ დირექტორს - ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადა და დაკავებული პოზიციიდან გადააყენა. მიღებული გადაწყვეტილება ნათია კაპანაძემ სასამართლოში გაასაჩივრა და მოითხოვა უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და დირექტორის პოზიციაზე სასამართლო დავის მიმდინარეობისას გამოცხადებული კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა. 2022 წლის 06 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნათია კაპანაძის სარჩელი.

ნათია კაპანაძისათვის უნდობლობის გამოცხადებას წინ უძღოდა მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის წერილობითი განცხადება, რომელშიც მითითებული იყო დირექტორის მიმართ უნდობლობის გამოცხადების საფუძვლები. მრჩეველთა საბჭომ წარმოდგენილ განცხადებას წარდგენილი ფორმით დაუჭირა მხარი და მიიღო უნდობლობის გამოცხადებისა და ნათია კაპანაძის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება.

ნათია კაპანაძე სასამართლოში წარდგენილი სარჩელის ფარგლებში დავობდა საბჭოს მიერ გარემოების არასათანადოდ გამოკვლევასთან დაკავშირებით. სასამართლომ დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში ნაწილობრივ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია და 17 გარემოებიდან 11 გარემოების ნაწილში ჩათვალა რომ მოპასუხის, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“, პოზიცია იყო დაუსაბუთებელი, არ ემყარებოდა კონკრეტული ფაქტების ანალიზსა და ობიექტურ შეფასებას, რის გამოც არ გაიზიარა შემდეგი გარემოებები:  კომუნიკაციის შესაძლებლობის შეზღუდვა, დაუსაბუთებელი ხარჯები, უტენდერო შესყიდვები, განმეორებითი, პარალელური შესყიდვა, ინტერესთა კონფლიქტი შესყიდვებში/უშედეგო შესყიდვა,  სამართლებრივი დავები უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომლებთან/სამსახურეობრივი რესურსების პირადი მიზნებით გამოყენება, სამართლებრივი პროცედურების დარღვევით გაფორმებული ხელშეკრულებები,  ორგანიზაციული და ადამიანური რესურსების მართვის კრიზისი, შრომითი კონტრაქტების სრულიად დაუსაბუთებელი ხარჯები/ცალმხრივი გადაწყვეტილებები, გადაცემები ხელშეკრულებების და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, პროფესიონალი და კომპეტენტური პირების მოსაზრებების უგულებელყოფით ორგანიზაციის მართვა. სასამართლომ ასევე, ნაწილობრივ გაიზიარა საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად გამოყენების შესახებ მითითებული გარემოება და საბოლოოდ მხოლოდ 5 გარემოებაზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნათია კაპანაძემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ვიმედოვნებთ, რომ სააპელაციო სასამართლო გაითვალისწინებს სააპელაციო საჩივარში მითითებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ არგუმენტაციას და აპელანტის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს დროულად. ნათია კაპანაძის ინტერესებს სასამართლოში საია იცავს.

სხვა სიახლეები