GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

16 აპრილი, 2021

2021 წლის 30 მარტს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ყოველწლიური, 2020 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ. ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი პრობლემები: სასამართლოს დამოუკიდებლობის მხრივ არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები, პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები და სამართლებრივი დევნა; პირადი ცხოვრების უფლების უკანონო ხელყოფის შემთხვევები; მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებაში ჩარევა; და ძალადობრივი ან მუქარით ჩადენილი დანაშაულები ლგბტი პირების მიმართ. 

ანგარიში ყურადღებას ამახვილებს შეკავებისა და გაწონასწორების სუსტ მექანიზმებსა და სამართალდამცავი ორგანოების არასათანადო დამოუკიდებლობაზე იმ ფაქტორებთან ერთად, რომლებიც წარმოშობენ მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებულ ეჭვებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ არ არსებობს ეფექტური მექანიზმები, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იქნებოდა სახელმწიფო სტრუქტურებსა და დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოებში კორუფციის აღმოფხვრა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკას რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში, კერძოდ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, სადაც რუსმა მესაზღვრეებმა ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების უფლება შეუზღუდეს. აღნიშნულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებად რჩება: უკანონო მკვლელობები, უკანონო დაკავებები, როგორიცაა ზაზა გახელაძისა და გენადი ბესტაევის დაპატიმრება 2019 წელს, რომლებიც ამჟამად ისევ პატიმრობაში იმყოფებიან, გადაადგილების უფლების შეზღუდვა, განსაკუთრებით კი ეთნიკური ქართველებისთვის, არჩევნებში მონაწილეობა ან სხვაგვარად პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის შეზღუდვა; ამასთან, ეთნიკური ქართველებისთვის საკუთრების უფლების ან ბიზნეს საქმიანობის რეგისტრაციაზე შეზღუდვების დაწესება. ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ რუსეთის მიერ წარმოებულმა „ბორდერიზაციამ” სულ უფრო მზარდი ხასიათი მიიღო, რამაც კიდევ უფრო შეუზღუდა მოსახლეობას გადაადგილების შესაძლებლობა და დააშორა ისინი ახლობლებსა და შემოსავლის წყაროს. რუსეთისა და ორივე რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები დაუსჯელი რჩება.

წინამდებარე დოკუმენტში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) გთავაზობთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშში წარმოდგენილი ძირითადი მიგნებების მოკლე შეჯამებას და საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სამოქალაქო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის, მედიისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღნიშნული მნიშვნელოვანი საკითხების მიმოხილვას.

 

სხვა სიახლეები