GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

21 ოქტომბერი, 2016

სადამკვირვებლო ორგანიზაციები გამოვხატავთ შეშფოთებას 8 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღეს, დამკვირვებელთა ხელის შეშლისა და მათთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტების თაობაზე. მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, დროულად მოახდინონ რეაგირება და ეფექტურად წარმართონ გამოძიება ძალადობრივ ინციდენტებში მონაწილე პირთა დასადგენად და პასუხისგებაში მისაცემად.

 

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელთა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი

 

დაუდგენელმა პირებმა დაარბიეს ზუგდიდის #79 საარჩევნო უბანი, რა დროსაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის - ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის 3 წარმომადგენელს, რომლებიც ცდილობდნენ ტელეფონით გადაეღოთ ინციდენტი. დამკვირვებელთა ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. ზუგდიდის #79-ე და #108-ე უბნებზე პოლიციამ ვერ განახორციელა სათანადო რეაგირება. დამატებითი საპოლიციო ძალები მხოლოდ მოგვიანებით იყვნენ მობილიზებული უბნებზე.

 

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი

 

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელი გიორგი ტყებუჩავა 2016 წლის 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრას მარნეულის #35 საარჩევნო ოლქში, ქეშალოს#37 საარჩევნო უბანზე აკვირდებოდა, სადაც მას საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ფაიაზ ველიევმა და თავმჯდომარის მოადგილემ საამედ გაჯიევმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

ინციდენტი გადაიღო საერთო სამოქალაქო მოძრაობა  „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა, სადაც ჩანს, თუ როგორ უყვირის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, საამედ გაჯიევი ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელს და უხეშად ხელითაც ეხება.

 

ქეშალოს #37-ე საარჩევნო უბანზე ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რის შემდეგაც მოწმეები გამოიკითხნენ ალგეთის პოლიციის დეპარტამენტში. პოლიციის განყოფილებაში განაცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 1621- მუხლის საფუძველზე („კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა“).

 

გიორგი ტყებუჩავას სხეულზე არსებულ დაზიანებებზე მეორე დღეს ჩატარდა ექსპერტიზა. თუმცა, დამკვირვებელს დღემდე არა აქვს დაზარალებულის სტატუსი და კვლავ არ არიან პასუხისგებაში მიცემული დამნაშავე პირები.

 

შემაშფოთებელია, რომ შემთხვევაზე საარჩევნო ადმინისტრაციას არანაირი რეაგირება არ მოუხდენია და არ დაუწყია ადმინისტრაციული წარმოება ქეშალოს #37-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის მიმართ.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელთა საქმიანობის ხელშეშლის ფაქტები

 

შემაშფოთებელია კენჭისყრის დღეს დამკვირვებლებისადმი აგრესიული დამოკიდებულებისა და მათი საქმიანობის ხელშეშლის სხვა ფაქტებიც, რასაც სათანადო რეაგირება უნდა მიეცეს.

 

მაგალითად, ხმის დათვლისა და კენჭიყრის შედეგების შეჯამების დროს უბნის დარბევას ჰქონდა ადგილი ზუგდიდის #108-ე უბანზე, რა დროსაც საფრთხე შეექმნა უბანზე მყოფ პირებს, მათ შორის - საიას დამკვირვებელს. აღნიშნულ უბანზე დამკვირვებლებმა ფანჯრის მეშვეობით დატოვეს უბანი. საიას დამკვირვებელს ხელი შეუშალეს მთაწმინდის #24 უბანზეც. მას არ უშვებდნენ საარჩევნო უბანზე და უბნის კომისიის წევრები, ასევე - უბნის გარე პერიმეტრზე მყოფი დაუდგენელი სტატუსის მქონე პირები მას აიძულებდნენ, დაეტოვებინა უბნის მიმდებარე ტერიტორია. მიუხედავად იმისა, რომ საიას დამკვირვებელმა პოლიცია გამოიძახა უბანზე, ადგილზე მისული პოლიცია მისი დაცვის ნაცვლად, შეეცადა, ხელი შეეშალა მისთვის და გამოეყვანა უბნის გარე პერიმეტრიდან.

 

არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციები მოითხოვთ:

 

საარჩევნო ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაა, დამკვირვებლებს ჰქონდეთ საშუალება, დაუბრკოლებლად და უსაფრთხოდ განახორციელონ საქმიანობა. ამდენად, საარჩევნო ადმინისტრაციამ დროულად უნდა მოახდინოს რეაგირება დამკვირვებელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე და მიიღოს ადმინისტრაციული ზომები ინციდენტის გამომწვევ საარჩევნო მოხელეთა მიმართ.

 

საგამოძიებო ორგანოებმა დროულად და ეფექტურად გამოიძიონ ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელთა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები და პასუხისგებაში მისცეს მოძალადე პირები.

 

ადამიანის უფლებათა ცენტრი;

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;

საზოგადოებრივი დამცველი;

„მრავალეროვანი საქართველო“;

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი;

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი

სხვა სიახლეები