სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობო ორგანიზაციები თვითმმართველობის მოხელეებთან დაკავშირებით კანონში შესულ ცვლილებებს ეხმაურებიან

2014-02-25 07:19
Featured image
2014 წლის 5 თებერვალს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდა. აღნიშნული ცვლილებები წარმოადგენს თვითმმართველობის რეფორმის განუყოფელ ნაწილს, ვინაიდან განხორციელდა ამ მიზნით ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში. ცვლილების მიხედვით, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე, მათ შორის კონკურსის წესით დანიშნულიც, ჩაითვლება დროებით მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო გამოთავისუფლებულ ადგილზე ცხადდება კონკურსი.
 
აღნიშნული დებულება საკანონმდელო პაკეტის ინიცირებულ ვერსიაში არ ყოფილა. ირკვევა, რომ მისი დამატება განსახილველი ტექსტისათვის მოხდა მოგვიანებით, მესამე მოსმენით განხილვისას, რის გამოც ის  საზოგადოებრივი დისკუსიის მიღმა აღმოჩდა. ის, რომ აღნიშნული ნორმის თაობაზე საზოგადოება სათანადო წესით ინფორმირებული არ იყო, კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორი ხარვეზიანი და ნაკლული იყო თვითმმართველობის კოდექსისა და თანდართული კანონპროექტების განხილვის პროცედურა, რაც დაუშვებელია, მით უფრო ამ მასშტაბისა და მნიშვნელობის რეფორმის წარმოებისას. აღსანიშნავია, რომ მოცემული მუხლის კანონში შეტანა  პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნათა უხეში დარღვევით მოხდა. კერძოდ, ის პრინციპული საკითხების კატეგორიაში გადის და შესაბამისად, კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებამდე  უნდა ასახულიყო დოკუმენტის ტექსტში. კანონპროექტის მესამე მოსმენისას კი მხოლოდ რედაქციული ცვლილებებია შესაძლებელი და არა ზოგადი პრინციპებისა თუ ძირითადი დებულებების ცვლილება.
 
რაც შეეხება უშუალოდ განხორციელებულ ცვლილებას, ის წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციითა და თავად „საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით გარანტირებულ უფლებებსა და პრინციპებთან. კანონის მე-13 მუხლი განსაზღვრავს, რომ საქართველოში საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპებია მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობა, მოსამსახურის ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვა. საჯარო სამსახურში დასაქმებასთან დაკავშირებულ საკითხებს საქართველოს კონსტიტუცია 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ფარგლებში განიხილავს. ეს ნორმა ადგენს, რომ საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნულ წესში მოიაზრება არამხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან  პირის საჯარო სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნისათვის გონივრული,  არადისკრიმინაციული რეგულაციების დადგენის ვალდებულება, არამედ საჯარო მოსამსახურეების უფლება, დაცული იყვნენ სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისაგან.
 
განხორციელებული ცვლილება მით უფრო სავალალოა კარს მომდგარი ადგილობრივი თვითმმართველობის მორიგი არჩევნების ჭრილში და აჩენს ლეგიტიმურ ეჭვებს პოლიტიკურ პროცესში მოხელეთა პარტიული მიზნებისათვის გამოყენების თაობაზე. თვითმმართველობის მოხელეთა საქმიანობა არ უნდა იყოს დამოკიდებული საარჩევნო ციკლზე. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილება სერიოზულ ზიანს აყენებს არჩევნების მიმართ ნდობას. ადგილობრივი არჩვნების წინა პერიოდში აღნიშნული ნორმის ამოქმედებით საჯარო მოხელეებს შეექმნებათ არასტაბილურობის გრძნობა და ალბათობა იმისა რომ ისინი წინასაარჩევნო პერიოდში იმოქმედებენ მმართველი პარტიის სასარგებლოდ სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით ძალიან დიდია. ამავდროულად, ჩდება ეჭვები, ხომ არ გადაწონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილება თვითმმართველობის რეფორმით შემოთავაზებულ პოზიტიურ სიახლეებს.
 
კანონში უკვე განხორციელებული ცვლილებები ამოქმედდება 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან. ვინაიდან ზემოაღნიშნული ნორმის შენარჩუნება და მისი ამოქმედება დაუშვებლად მიგვაჩნია, მოვუწდებთ საქართველოს ხელისუფლებას - საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას, მიიღონ ყველა ზომა და არ დაუშვან აღნიშნული ნორმის ამოქმედება. წინააღმდეგ შემთხვევაში, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილი ზემოთ მითითებული ცვლილების ძალადაკარგულად ცნობის მოთხოვნით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს.