სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობო ორგანიზაციები: გიგი უგულავას განცხადება რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს

2013-12-22 05:42
Featured image
როგორც ცნობილია, 2013 წლის 21 დეკემბერს, თბილისის მერმა გიგი უგულავამ მისი სასამართლო პროცესის დაწყებამდე გააკეთა განცხადება, რომ საქმის განმხილველი მოსამართლის მიმართ ხორციელდება ზეწოლა გარკვეული პირების, მათ შორის, შსს გენერალური ინსპექციის ამჟამინდელი და ყოფილი თანამშრომლების მხრიდან. მან დაასახელა კონკრეტული პირები, რომლებიც მისივე განცხადებით, მონაწილეობენ მოსამართლის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაში.  მიგვაჩნია, რომ აღნიშნული განცხადება დროულ და ადეკვატურ რეაგირებას საჭიროებს შესაბამისი სუბიექტების მხრიდან.
 
წლების განმავლობაში, სამართალდამცავი უწყებების მხრიდან სასამართლო სისტემაზე ზეწოლის არაერთი მცდელობა იყო, რამაც გავლენა იქონია მართლმსაჯულების განხორციელების ხარისხსა და სისტემის განვითარების ტენდენციებზე. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამ მხრივ გარკვეული გაუმჯობესება შეიმჩნევა, თუმცა ნათელია, რომ ვითარება საკმაოდ მყიფე და არამდგრადია. ამ პირობებში კი განსაკუთრებულად სახიფათოა სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა. სწორედ ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია დროულად და სათანადოდ იქნეს შესწავლილი ყველა ფაქტი, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვაზე შეიძლება მიუთითებდეს.
 
მოცემულ შემთხვევაში, ვფიქრობთ, აუცილებელია თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ დაუყოვნებლივ მიმართოს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას და დაიწყოს მოსამართლესთან შესაძლო არასათანადო კომუნიკაციის ფაქტის შესწავლა (“საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლი).  ამასთან, მნიშვნელოვანია, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, როგორც მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტორმა, უზრუნველყოს სასამართლოს თავმდჯომარის მხრიდან ზემოთხსენებული ვალდებულების დროული და ჯეროვანი შესრულება. იმ შემთხვევაში თუ საქმის შესწავლის პროცესში, გამოიკვეთება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, საქმე დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს საგამოძიებო ორგანოებს.  
 
მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ მიიღოს დროული და დასაბუთებული პასუხი იმასთან დაკავშირებით ჰქონდა თუ არა ადგილი თბილისის მერის განცხადებაში მოყვანილ ფაქტს. ამასთან, თუკი აღნიშნული ფაქტის არსებობა დადასტურდება, მნიშვნელოვანია, შესაბამისი პირების მიმართ პასუხისმგებლობის სათანადო ზომები იქნას გამოყენებული.
 
აქვე, გვსურს მოვუწოდოთ ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, თავი შეიკავონ ისეთი პოლიტიკური განცხადებებისგან, რომლებმაც შესაძლოა არაპირდაპირ გავლენა მოახდინონ მოსამართლის გადაწყვეტილებაზე.  მცდარი და არაკორექტული განცხადებების გავრცელება ცალსახად უარყოფითად აისახება სასამართლო პროცესის მიმდინარეობაზე. 
 
გვსურს ჩვენი პოზიცია კიდევ ერთ საკითხზე დავაფიქსიროთ: როგორც ცნობილია, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით გიგი უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. სასამართლო პროცესი 21 დეკემბერს, 18:00 საათზე იყო დანიშნული. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროცესის დაწყებამდე პროკურატურამ კიდევ ერთი შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა გიგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენება (ჩვენთვის უცნობია ზუსტი ინფორმაცია თანამდებობიდან გადაყენება იქნა მოთხოვნილი თუ სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება). წინასწარი პატიმრობის მოთხოვნის შესახებ შუამდგომლობა მოსამართლემ ზეპირი მოსმენით, ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მონაწილეობით განიხილა და არ დააკმაყოფილა. ბრალდებულს შეეფარდა გირაოს გადახდა 50000 ლარის ოდენობით. აღნიშნული განჩინების გამოცხადების შემდეგ, იმავე მოსამართლემ მხარეთა მონაწილეობის გარეშე განიხილა გიგი უგულავას თბილისის მერის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ პროკურატურის შუამდგომლობა და დააკმაყოფილა. 
 
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად სასამართლო უფლებამოსილია მხარეთა მონაწილეობის გარეშე განიხილოს მსგავსი შუამდგომლობა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული საქმისადი არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, საქმე ეხება პირდაპირი არჩევნებით არჩეულ თბილისის მერის თანამდებობას და ამ განჩინების მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე იმავე მოსამართლემ მხარეთა დასწრებით განიხილა პროკურატურის სხვა შაუმდგომლობა, უმჯობესი იქნებოდა თანამდებობიდან გადაყენების შესახებ შუამდგომლობა ასევე მხარეთა დასწრებით განხილულიყო და დაცვის მხარეს საკუთარი არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობა მისცემოდა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ემყარება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის კონსტიტუციურ პრინციპს და მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოსამართლემ ნებისმიერი საქმის განხილვისას ამ პრინციპით იხელმძღვანელოს.
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო (TI-GEORGIA)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია