სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ,,შპს ბექანასის“ საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან საკუთრების უფლების დარღვევა დაადგინა

2024-07-11 13:19
Featured image

დღეს, 2024 წლის 11 ივლისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე ,,შპს ბექანასი საქართველოს წინააღმდეგ” (L.T.D. Beqanasi v. Georgia (no. 26134/19)).  

საიამ ,,შპს ბექანასის” სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილს მიმართა და მიუთითა სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის (საკუთრების უფლება) და მეექვსე მუხლის (სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება) დარღვევის ფაქტებზე. 

შპს ,,ბექანასი”, რომელიც დუშეთის რაიონის სოფელ ლაფანაანთკარის მიმდებარე მშრალ ხევში ფლობდა სახელმწიფოს მიერ გაცემულ ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიას და ამ უკანასკნელის საფუძველზე ახორციელებდა საქმიანობას, 2018 წლის 16 ივლისს გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელმა დააჯარიმა ლიცენზიით გათვალისწინებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ 1მ3 ინერტული მასალის მოპოვებისათვის. გარემოს დაცვის ზედამხვედველობის დეპარტამენტის მითითებით, 1მ3 ქვიშა-ხრეშის ღირებულება 20 თეთრს, ხოლო გარემოსათვის მიყენებული ზიანის რაოდენობა 1 ლარს შეადგენდა.  ასეთი მცირე მნიშვნელობის ზიანის მიუხედავად, საქართველოს საერთო სასამართლოებმა შპს ,,ბექანასი” ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნეს და სახდელის სახით დააკისრეს ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება 201 ლარის ოდენობით და ჩამოართვეს 54 650 აშშ დოლარის ღირებულების ტრაქტორი, როგორც სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი. მცხეთის რაიონული სასამართლოს დადგენილება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ ძალაში დატოვა. 

საიამ 2019 წლის 16 დეკემბერს შპს ,,ბექანასის” სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და სადავოდ გახადა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სამართალდარღვევის ჩადენის იარაღის ჩამორთმევას უპირობოდ და იმპერატიულად ითვალისწინებდა. 2020 წლის 12 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საიას სარჩელი და აღნიშნა, რომ გასაჩივრებული მუხლი სამართალდარღვევის საქმის განმხილველ მოსამართლეს არ აძლევდა შესაძლებლობას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად განესაზღვრა სამართალდარღვევის იარაღის ჩამორთმევის აუცილებლობა და მოეხდინა ადმინისტრაციული სანქციის ინდივიდუალიზაცია. 

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებდა აუცილებლობისა და თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპების მოთხოვნებს და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს კონსტიტუციის მე–19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან (საკუთრების უფლება) მიმართებით. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ვერ ქმნიდა შპს ,,ბექანასისათვის” იმ ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ საფუძველს, რომელიც საკუთრების უფლების შეზღუდვით მიადგა მას. 

შპს ,,ბექანასისათვის” 54 650 აშშ დოლარის ღირებულების ტრაქტორის ჩამორთმევის გამო, რომელიც ქვიშა-ხრეშის მოპოვებისათვის ერთადერთ და აუცილებელ საშუალებას წარმოადგენდა, საქმიანობის განხორციელება შეუძლებელი გახდა. შპს ,,ბექანასმა” ვეღარ შეძლო ლიცენზირებული რაოდენობის ქვიშა-ხრეშის ათვისება და წარმოება გაჩერდა, რამაც საბოლოოდ შპს-ს გაკოტრება და ვალდებულებებით დატვირთვა გამოიწვია.  

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის (საკუთრების უფლება)  დარღვევა დაადგინა და რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება:  

- უფლების დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების თაობაზე მთავრობის მოსაზრება არ იქნება გაზიარებული, სასამართლომ კვლავაც დაადგინა, რომ ინდივიდუალური საკონსტიტუციო სარჩელი არ წარმოადგენს საქართველოში უფლების დაცვის საშუალებას კონვენციის 35-ე მუხლთან მიმართებით, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლო არ შეიძლება განხილულ იქნას უფლების დაცვის ეფექტიან საშუალებად; 

- მომჩივანი კომპანიის საკუთრების ჩამორთმევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571-ე მუხლის საფუძველზე წარმოადგენდა კონვენციის I დამატებითი ოქმის პირველ მუხლით გარანტირებულ უფლებაში ჩარევას (საკუთრების უფლება). კონფისკაციის სავალდებულო ბუნება კი, თავისთავად შეუთავსებელია სამართლიანი ბალანსის დაცვის მოთხოვნებთან საჯარო ინტერესსა და ინდივიდუალური საკუთრების უფლებას შორის; 

- შემთხვევის დროს მოქმედი 571-ე მუხლის დებულება იყო სავალდებულო ხასიათის და არ ტოვებდა ადგილს საკითხის ინდივიდუალური შეფასებისთვის. ამასთან, კომპანიის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანი იყო მცირე მნიშვნელობის, მაშინ როდესაც  ტრაქტორის კონფისკაციით, რომლის ღირებულებაც 49 087 ევროს შეადგენდა მომჩივანს არსებითი ზიანი მიადგა. 

 
სასამართლომ სახელმწიფოს კომპანიისთვის ჩამორთმეული ტრაქტორის კონფისკაციამდე პერიოდში არსებული მდგომარეობით დაბრუნება დააკისრა, ხოლო ხსენებულის განუხორციელებლობის შემთხვევაში შესაბამისი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება განსაზღვრა. 


საია აღნიშნულ საქმეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებდა.