სიახლეები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 7 ნოემბერს მშვიდობიან მომიტინგეთა დარბევას გმობს, როგორც კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლების უხეშ დარღვევას!
საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი აღიარებს ადამიანთა უფლებას წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ.
საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა შეკრებისა და მანიფესტაციისთვის არ ითვალისწინებს ნებართვის აღების ვალდებულებას. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შეკრება იმართება ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას შეკრების ორგანიზატორებს ეკისრებათ ვალდებულება წინასწარ 5 დღით ადრე შეატყობინონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, რომელსაც თავის მხრივ ეკისრება ვალდებულება უზრუნველყოფს შეკრების უსაფრთხოება.
კანონი ადგილობრივი თვითმმართველობისა და პოლიციის ორგანოებს აძლევს უფლებას შეწყვიტოს შეკრება ან მანიფესტაცია, რომელიც კანონის მოთხოვნათა დარღვევით იმართება.
საქართველოს პარლამენტის წინ ა.წ. 2 ნოემბრიდან დღემდე მოქალაქეები მშვიდობიანად ახორციელებდნენ მათთვის მინიჭებულ კონსტიტუციურ უფლებას – შეკრების თავისუფლებას და გამოხატვის თავისუფლებას.
დღეს, 7 ნოემბერს, დილის საათებში მოხდა პოლიციის თანამშრომლების მიერ პარლამენტის შენობის წინ (ხალხის და არა ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას) არსებულ მომიტინგეთა ძალით დაშლა. არც პოლიციის თანამშრომლების მხრიდან და შემდგომში არც თბილისის მერიის მხრიდან არ დასახელებულა კანონის არც ერთი დებულება, რომელიც დაირღვა და აძლევდა ხელისუფლების ორგანოს უფლება შეეწყვიტა შეკრება. მომიტინგეთა სურვილი მომავალში შეკრების ადგილას დაედგათ კარვები თავისთავად არ წარმოადგენს კანონის დარღვევას და არ აძლევდა პოლიციისა თუ თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენლებს უფლებას ფიზიკური ძალის გამოყენებით შეეწყვიტათ შეკრება, რადგან სახეზე არ იყო კანონის დარღვევა.
საიას კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნია შეკრების დაშლის დროს ადგილზე მომუშავე ჟურნალისტების ხელის შეშლა (მათ შორის კამერის წართმევა). კანონით პირდაპირ გარანტირებულია – მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის შეკრებაზე ან მანიფესტაციაზე ცნობების მიღებასა და გავრცელებაში ხელის შეშლა ისჯება სისხლის სამართლის კანონით.
დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთი ძირითადი ღირებულებაა, ხოლო მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება გამოხატვის თავისუფლების უმნიშვნელოვანესი ფორმა.
დღეს 7 ნოემბერს მშვიდობიანი მომიტინგეთა დაშლა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და კანონმდებლობასთან.
საია მოუწოდებს ხელისუფლების ორგანოებს მოხდეს ადეკვატური რეაგირება შეკრების თავისუფლების უკანონო შეზღუდვაზე და კანონის წინაშე პასუხი აგონ იმ თანამდებობის პირებმა, რომელთა გადაწყვეტილების შედეგად მოხდა ამ ფუნდამენტური უფლების შელახვა.
გიორგი ჩხეიძე
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე
გააზიარე: