GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

31 იანვარი, 2022

2021 წლის პირველ აგვისტოს ძალაში შევიდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-15 დამატებითი ოქმი, რომელსაც ხელი მოეწერა და რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს წევრი 47 სახელმწიფოს მიერ. ოქმით განხორციელებული ძირითადი ცვლილებებს შორის, არის ევროპული სასამართლოსადმი მიმართვის ვადის შემცირება.

კერძოდ, ევროპული კონვენციის 35-ე მუხლის პირველ პუნქტში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ევროპულ სასამართლოს შეუძლია, მხოლოდ მაშინ მიიღოს საქმე განსახილველად, თუ ამოწურულია დაცვის ყველა შიდა სამართლებრივი საშუალება, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების გაგებით, და, ნაცვლად ექვსი თვისა, არ არის გასული ოთხ თვეზე მეტი საქმეზე შიდა საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღიდან (იხ. მე-15 დამატებითი ოქმის მუხლი 8, პუნქტი 3).

აღსანიშნავია, რომ, მიუხედავად იმისა, რომ მე-15 დამატებითი ოქმი ძალაში 2021 წლის 01 აგვისტოს შევიდა, შემცირებული ვადის თაობაზე პოტენციურ მომჩივანთა სრულად ინფორმირების მიზნით, გათვალისწინებულ იქნა, რომ 4 თვის ვადის წესი ძალაში შედის 2022 წლის პირველი თებერვლიდან. ამასთან, ახალ ვადას არ ექნება რეტროაქტიური ეფექტი, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი არ გავრცელდება იმ საქმეებზე, რომლებზეც ეროვნულ დონეზე საბოლოო გადაწყვეტილება წესის ძალაში შესვლის თარიღამდე, ანუ 2022 წლის 01 თებერვლამდე, იქნა გამოტანილი (ამგვარ საქმეებზე გავრცელდება 6 თვის წესი). აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ევროპული სასამართლოს მიერ გავრცელებული განცხადება, ინფორმაცია, ასევე, ასახულია სასამართლოს ვებ-გვერდსა და განმცხადებელთათვის განკუთვნილ გვერდზე.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ვადების დარღვევით წარდგენილი საჩივარი  მის დაუშვებლად ცნობას გამოიწვევს.

 

სხვა სიახლეები