სიახლეები
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრისა და ხმების დათვლისპროცესის შეფასება
საია 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში საზოგადოებას კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცესის შესახებ ინფორმაციას გააცნობს. საიას დამკვირვებლების მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მოგაწოდებთ ინფორმაციას უბნების დახურვისა და ხმის დათვლის პროცედურის დაწყების, ასევე იმტენდენციების შესახებ, რომლებიც გამოვლინდა კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებსა და გარე პერიმეტრებზე.
საიას შეფასებით, 2 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის მიცემისას პროცედურული ხარვეზები გამოვლინდა კენჭისყრის დღის სხვადასხვა ეტაპზე. დღის განმავლობაში ზოგ უბანზე არსებულ დაძაბულ ატმოსფეროს შეეძლო, გავლენა მოეხდინა როგორც ამომრჩევლის ქცევაზე, ისე თავად პროცესის მონიტორინგზე.
კენჭისყრის დღეს გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები:
- ამომრჩევლის ნების კონტროლი (დღის განმავლობაში არაერთი უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიმჩნეოდა პირთა კონცენტრაცია, რაც კენჭისყრის მიმდინარეობისას თვალთვალის გარემოს ქმნიდა და ხელს უშლიდა ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლინებას);
- 100-მეტრიანი რადიუსის წესის დაცვასთან დაკავშირებით გამოძახებული სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები სათანადო ზომებს არ იღებდნენ, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში საპატრულო პოლიცია გამოძახების ადგილას არც კი მისულა;
- ცალკეულ უბნებზე ფარულობის პრინციპის დარღვევა;
- მარკირების და ხმის მიცემის წესების დარღვევა; მათ შორის, ზოგიერთ შემთხვევაში გამოვლინდა მარკირების გარეშე ან/და ერთი და იმავე პირის მიერ ხმის ორჯერ მიცემის,ასევე არასათანადო დოკუმენტაციით უბანზე დაშვებისა და ხმის მიცემის ფაქტები;
- საარჩევნო ყუთში არაუფლებამოსილი პირების მიერ კონვერტების მოთავსების ერთეული შემთხვევები;
- გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემასთან დაკავშირებული დარღვევა;
- გადასატანი თუ ძირითადი საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობასთან დაკავშირებული ცალკეული დარღვევები;
- კომისიის წევრების მხრიდან კონკრეტული საარჩევნო სუბიექტისთვის მხარდაჭერის მოწოდებისა და აგიტაციის აკრძალვის წესების დარღვევის რამდენიმე შემთხვევა.
უბნების ნაწილზე საიას შეეზღუდა დაკვირვების შესაძლებლობა. გამოვლინდა ორგანიზაციის დამკვირვებლების მიმართ მუქარის, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები. Ზოგ შემთხვევაში დამკვირვებლებს საარჩევნო უბანზე არ ეძლეოდათ ფოტო/ვიდეო გადაღების, ასევე საჩივრის დარეგისტრირების შესაძლებლობა. საიას 6 დამკვირვებელი გააძევეს უბნიდან, ხოლო ერთ შემთხვევაში შეუქმნეს ზეწოლის გარემო. შედეგად, იგი იძულებული გახდა, დაეტოვებინა უბანი. ხმის დათვლის დაკვირვების დროს ბათუმის 66-ე უბანზე კომისიის თავმჯდომარე საიას დამკვირვებელს ვიდეო გადაღებას უკრძალავდა. გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც საიას დამკვირვებელს უბანზე სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ, როგორც დღის პირველ ნახევარში, ისე უბნის დახურვის შემდეგ. თელავის 54-ე უბანზე ერთ-ერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი ცემით დაემუქრა საიასა და საერთაშორისო გამჭვირვალობის დამკვირვებლებს, რის შემდეგაც საიამ მიმართა სამართალდამცავებს მყისიერი საფრთხის აღსაკვეთად.
საარჩევნო რეგულაციების დარღვევის ფაქტები გამოვლინდა უბნების დახურვის შემდგომაც. ზოგ შემთხვევაში საიას დამკვირვებლების მიერ გამოვლინდა ხმის მთვლელების წილისყრისა და ხმების დათვლის პროცესის დარღვევა. რამდენიმე შემთხვევაში მათ საჩივარი შეიტანეს კომისიის წევრების წინააღმდეგ მოვალეობის შეუსრულებლობის გამო, როდესაც ისინი საარჩევნო უბანს ხმის დათვლის პროცესში ტოვებდნენ. ტენდენციის სახით გამოიკვეთა საოლქო საარჩევნო კომისიებში უბნებიდან ჩანაწერთა წიგნისა და ბიულეტენების დაულუქავი სახით მიტანა.
აღსანიშნავია, რომ დიდ ქალაქებში ხმის დათვლის პროცესი განსაკუთრებით დიდხანს გრძელდებოდა და, ამასთან, კომისიები დროულად ვერ ახერხებდნენ შემაჯამებელი ოქმების შედგენას.
საია აგრძელებს კენჭისყრის დღის შემდგომი პერიოდის მონიტორინგს (საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების შესწავლასა და შედეგების შეჯამების პროცესზე დაკვირვებას ზემდგომ საარჩევნო კომისიებში). ორგანიზაცია გეგმავს საბოლოო ანგარიშის მომზადებას, რომელიც შეაფასებს როგორც წინასაარჩევნო პერიოდს, ისე კენჭისყრის დღეს.
კენჭისყრის დღეს, ჩამოთვლილი დარღვევების შესაბამისად, საიას დამკვირვებლებმა 130-მდე საჩივარი და შენიშვნა დაწერეს.
საიას სადამკვირვებლო მისია კენჭისყრის დღეს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით 10 მუნიციპალიტეტში 350-მდე საოლქო დასაუბნო დამკვირვებელი ჰყავდა.
არჩევნების დღეს საიაში მუშაობდა ცხელი ხაზი ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელსაც სურდა, მიეღო სამართლებრივი დახმარება საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა დამათზე რეაგირების გზების შესახებ.
ცხელი ხაზის ნომერი: 577 36 15 20
არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობაზე საიამ დღის განმავლობაში 3 პრესკონფერენცია ჩაატარა არასამთავრობო ორგანიზაციათა მედიაცენტრში. პრესკონფერენციები კენჭისყრის დღეს11, 16 და 21 საათზე გაიმართა. 3 ოქტომბერს საია შემაჯამებელ პრესკონფერენცია 3 ოქტომბერს 12:00 საათზე ჩაატრა.
საიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიისგანხორციელება შესაძლებელი გახდა დიდი ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთაასოციაციას“ და მისი შინაარსი, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.
გააზიარე: