სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

„2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გავლენა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე“

2021-11-11 10:04
Featured image

9 ნოემბერს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გამართა ონლაინ პანელური დისკუსია: „2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გავლენა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე“. დისკუსიაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს საიას დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორმა ვახუშტი მენაბდემ და  საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა. ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ დემოკრატიული რეფორმების გატარების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით მმართველი გუნდის მიერ ასოცირების ხელშეკრულებითა და შარლ მიშელის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების დროულად და ეფექტურად შესრულების საჭიროებაზე.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ ევროპარლამენტის წევრები: ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი, ანა ფოტიგა, მარინა კალიურანდი და ჯორდი სოლე. მათ შეაფასეს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები და საარჩევნო გარემო, პოლიტიკური პოლარიზაციის ხარისხი და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, დაპატიმრებასა და შიმშილობასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი მოვლენები, ასევე გამოთქვეს მოსაზრებები პოლიტიკური კრიზისის დასრულების შესაძლო საშუალებების შესახებ.

ევროპარლამენტის წევრებმა ხაზი გაუსვეს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების პირნათლად შესრულების, პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებისა და პოლიტიკური ინსტიტუტების ნორმალური ფუნქციონირების აღდგენის საჭიროებას. ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს ევროინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების პროცესში უშუალო ჩართულობისთვის ევროკავშირის მზადყოფნა, თუმცა, აქვე აღნიშნეს, რომ როგორც დემოკრატიული რეფორმების გატარება, ასევე პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა, ხელისუფლებამ და პოლიტიკურმა პარტიებმა თავად უნდა შეძლონ.

დისკუსიას მოდერატორობა გაუწია დოქტორმა თინათინ ახვლედიანმა, ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრის (CEPS) მეცნიერ-თანამშრომელმა. 

დისკუსიის ჩანაწერი იხილეთ ბმულზე: https://fb.watch/9a1Kgb10sf/