სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

10 ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია პრეზიდენტს სთხოვს ვეტო დაადოს კანონს

2007-07-17 20:00
Featured image

 ბატონო პრეზიდენტო,


 2007 წლის 11 ივლისს საქართველოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში. კანონპროექტი სასამართლოთა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად და გვთავაზობს, დაუშვებლად გამოცხადდეს სასამართლოს შენობაში, ასევე საასმართლო სხდომის დარბაზში საქმის განხილვის ფოტო, კინო- და ვიდეოგადაღება გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ხორციელდება სასამართლოს მიერ.

 როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, “სასამართლო სხდომის   მიმდინარეობისას სხდომის დარბაზში ტელეკამერების ყოფნა ხელს უწყობს პროცესის ანგაჟირებას და მხარეთა მიერ შეგნებული პროვოკაციების მოწყობას. ასეთ ვითარებაში სასამართლო საქმის განხილვა სცილდება სამართლებრივი ნორმებით დადგენილ ჩარჩოებს და მტკიცებულებათა წარდგენისა და განხილვის ნაცვლად, დატვირთულია ემოციური განცხადებებით და გამოსვლებით, რაც არ უწყობს ხელს საქმის სრულყოფილ და ობიექტურ განხილვას და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს მოსამართლეზე”. ამასთან დაკავშირებით აუცილებელია გავიხსენოთ სულ რაღაც ერთი წლის წინ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა (მუხლი 208) და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (მუხლი 212) განხორციელებული ცვლილება, რომელმაც სასამართლო სხდომის დარბაზში წესრიგის ნებისმიერი დარღვევისათვის საკმაოდ მკაცრი სანქციები გაითვალისწინა. სწორედ ამ მუხლების პირდაპირ ფუნქციას წარმოადგენს სასამართლოში საქმის განხილვისას სხდომის დარბაზში წესრიგის უზრუნველყოფა, “შეგნებული პროვოკაციების”, “ემოციური განცხადებებისა და გამოსვლების” თავიდან არიდება.

 არ შეგვიძლია არ დავეთანხმოთ იმ ფაქტს, რომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში (განსაკუთრებით საერთო სამართლის სისტემის ქვეყნები) სასამართლო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი მართლაც არ ექვემდებარება ვიდეოგადაღებას. თუმცა ყოველგვარი ნოვაციის დანერგვის წინ აუცილებელია შესაბამისი ქვეყნის კონტექსტის გათვალისწინება.

 დღეს როდესაც საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა ფორმირების პროცესშია და ცდილობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ინსტიტუციად იქცეს, მისთვის როგორც არასდროს ისეა აუციელებელია საზოგადოების ნდობა და პატივისცემა. სწორედ ამ ორ ფაქტორთან არის მჭიდროდ დაკავშირებული გადაწყვეტილებათა აღსრულების ხარისხი და შემდგომ კანონის უზენაესობის განმტკიცება.

 სასამართლო პროცესის საჯაროობა სამართლიანი სასამართლოს უფლების განუყოფელი ნაწილია. როგორც თვით უფლების დასახელებიდან ხდება გასაგები, იგი სასამართლოს “სამართლიანობის” ერთ-ერთი გარანტია და სასამართლოს საქმიანობაზე საზოგადოებრივი მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. ღიაობის პირობებში კი ნებისმიერ დაეჭვებულ მოქალაქეს აქვს საშუალება, თავად დარწმუნდეს, არის თუ არა სანდო მართლმსაჯულების განმახორციელებელი ხელისუფლება. აუდიო და ვიდეო ტექნიკა, რომელთა საშუალებით სასამართლოს სხდომათა ჩაწერის აკრძალვას ითვალისწინებს წარმოდგენილი კანონპროექტი საგრძნობლად ზრდის იმ აუდიტორიის რიცხოვნებას, რომლის ნდობა და პატივისცემაც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის მომავლისათვის. ძალიან საეჭვოა მხოლოდ ავტობუსებზე მოთავსებული პოსტერები საკმარისი იყოს ამ მიზნის მისაღწევად. სასამართლო ხელისუფლებისადმი  საზოგადოებრივი ნდობა და პატივისცემა  მაქსიმალური საჯაროობის პირობებში, მხოლოდ მაშინ მოიპოვება, როცა საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება თვითონვე იყოს სასამართლოების მიერ მართლმსაჯულების აღსრულების მოწმე.

 ჩვენ კიდევ ერთხელ გამოთქვამთ მზადყოფნას მხარი დავუჭიროთ ყველა იმ საკანონმდებლო ნოვაციას, რომელიც სასამართლო ხელისუფლების განმტკიცებისა და გაძლიერებისაკენ იქნება მიმართული, თუმცა მივიჩნევთ, რომ საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტით შემოთავაზებული საშუალებით აღნიშნული მიზნის მიღწევა შეუძლებელია.

 აღნიშნულიდან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით, გამოიყენოთ საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით თქვენთვის მონიჭებული უფლებამოსილება და ვეტო დაადოთ აღნიშნულ კანონპროექტს საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ.


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, კავკასიის ქალთა ქსელი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, თანასწორობის ინსტიტუტი, მრავალეროვანი საქართველო, ჯანმრთელი სამყარო, ახალგაზრდული ალტერნატივა, ასოციაცია “კანონი ხალხისათვის”, კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი, ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი.