სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ნანუკა ყრუაშვილი

დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი

ელ. ფოსტა: nkruashvili@gyla.ge

რეგიონი: თბილისი

ნანუკა ყრუაშვილი 2022 წლის მარტიდან არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი. ის 2020 წლიდან იკავებდა ანალიტიკოსის, ხოლო 2021 წლიდან პროექტის კოორდინატორის პოზიციას და მუშაობდა არჩევნების, პოლიტიკური გარემოს მონიტორინგის და ევროინტეგრაციის მიმართულებით.

ნანუკა 2020 წლიდან არის მომხსენებელი საერთაშორისო სამართლის და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალის საკითხებზე ოქსფორდის უნივერსიტეტის აკადემიურ გამომცემლობაში. გარდა ამისა, 2021 წელს ის გახლდათ ლეიდენის სამართლის სკოლის გროციუსის საერთაშორისო იურიდიული კვლევების ცენტრის პროექტის “Inherent Powers” ასოცირებული ექსპერტი საერთაშორისო მართლმსაჯულების საკითხებში. 

ნანუკას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის და ადამიანის უფლებების ჟენევის აკადემიისგან მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი (Magna Cum Laude, 2019-2020) გარდამავალი მართლმსაჯულების, ადამიანის უფლებების და სამართლის უზენაესობის დისციპლინაში. ის ასევე ფლობს საერთაშორისო სამართლის მაგისტრის (Summa Cum Laude, 2017-2019) და ბაკალავრის (Summa Cum Laude, 2012-2017) ხარისხს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან. ნანუკა 2015-2016 წლებში გაცვლითი პროგრამებით სწავლობდა ტარტუს უნივერსიტეტში (ესტონეთი) სამართლის ფაკულტეტზე და ემპორიის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ა.შ.შ, ა.შ.შ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის Global Undergraduate Exchange Program-ის კურსდამთავრებული).

ჟენევის აკადემიაში სწავლის პარალელურად ნანუკა სხვადასხვა დროს მუშაობდა მკვლევარ-სტაჟიორად საერთაშორისო მიგრაციის ორგანიზაციის ჟენევის ოფისში და საერთაშორისო იურისტთა ასოციაციის ლონდონის ოფისში. 

2018-2019 წლებში ნანუკა მუშაობდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივ დამცველში“. მას 2017-2018 წლებში ეკავა სამართლებრივი ექსპერტის პოზიცია საქართველოს ოკუპირებული იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპარაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის თავშესაფრის საკითხთა სამმართველოში. 

ნანუკა აქტიურად მონაწილეობს გარდამავალი მართლმსაჯულების, საერთაშორისო სამართლის და ადამიანის უფლებების სფეროში ჩატარებულ სხვადასხვა აკადემიურ პროგრამებსა და პროექტში. ის 2016 წლიდან ჩართულია საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ პროცესებში, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე - მონაწილის, გუნდის მწვრთნელის და მოსამართლის სტატუსით. 

ნანუკა არის ათობით სტატიის და კვლევის ავტორი საერთაშორისო სამართლის, ადამიანის უფლებების, საერთაშორისო სისხლის და ჰუმანიტარული სამართლის და გარდამავალი მართლმსაჯულების სფეროებში.