სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

შსს-მ ჟურნალისტის ადმინისტრაციული საჩივარი დააკმაყოფილა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი იურიდიულ დახმარებას უწევს მედიაკავშირ „ობიექტივის“ კორესპონდენტს ნინო მიქიაშვილს. ჟურნალისტმა 2011 წლის 27 მაისს განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა ინფორმაცია, თუ რომელი სპეცდანიშნულების რაზმები მონაწილეობდნენ მიტინგის დაშლაში 2011 წლის 26 მაისს. აღნიშნულ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. მედიის სამართლებრივი ცენტრის დახმარებით ნინო მიქიაშვილმა  გაასაჩივრა თანამდებობის პირის უმოქმედობა, 2011 წლის 10 ივნისს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და მოითხოვა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირისათვის ინფორმაციის გაცემის დავალება. 2011 წლის 27 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა ზეპირი მოსმენის სხდომაზე. ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილის ინტერესებს წარმოადგენდა მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის იურისტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა აღიარა, რომ მას ევალება აღნიშნული ინფორმაციის გაცემა და განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში მიაწოდებს მოთხოვნილ მონაცემებს ჟურნალისტს.

2011-06-27 15:21 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების კამპანია 26 მაისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დარღვევების ეფექტური გამოძიების მოთხოვნით

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი იწყებს ერთობლივ კამპანიას, რომლის ფარგლებში მოქალაქეები ყოველდღიურად ათობით იდენტური განცხადებით მიმართავენ საქართველოს მთავარ პროკურატურას  და მოითხოვენ 2011 წლის 26 ივნისს აქციის დაშლასთან დაკავშირებით სამართალდამრღვევთა მიერ ჩადენილი დარღვევების გამოძიების ეფექტურად, მიუკერძოებლად და სრულად წარმართვას, ასევე ინფორმაციის მიწოდებას გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე. 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლის დროს, პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტების არაერთ ფაქტს, ასევე გამოიკვეთა სხვა დანაშაულის ჩადენის ნიშნები. 20 ივნისს მთავარმა პროკურატურამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, 26 მაისს ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული წარმომადგენლების მიერ ძალის გადამეტების შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების თაობაზე. 26 ივნისს, წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ზუსტად ერთი თვე გავიდა აქციის დაშლის დღიდან, თუმცა საზოგადოებას არ აქვს რაიმე კონკრეტული ინფორმაცია კანონდამრღვევ სამართალდამცავთა პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით.

2011-06-27 13:59 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აქცია „არ აწამო!“

26 ივნისს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ტრადიციულად აღნიშნა წამების წინააღმდეგ საერთაშორისო დღე. ამ დღესთან დაკავშირებით საიამ აქციები გამართა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში დროებითი მოთავსების იზოლატორების შენობებთან.26 ივნისს 14:00 საათზე აქციები ერთდროულად დაიწყო თითქმის ყველა ქალაქში, სადაც საიას ოფისებია განთავსებული, კერძოდ: თბილისში, რუსთავში, გორში, აჭარაში, ქუთაისსა და ოზურგეთში. თბილისში აქცია გაიმართა დიღომში, #2 დროებითი მოთავსების იზოლატორთან. აქციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის  თანამშრომლებმა, მოხალისეებმა, სტუდენტებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა.

2011-06-27 13:37 სრულად ნახვა

თბილისის მერის მიერ ინიცირებული გადაწყვეტილების პროექტი საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას ეწინააღმდეგება

დღეს ქალაქ თბილისის საკრებულო  განიხილავს ქალაქ თბილისის მერის მიერ ინიცირებული გადაწყვეტილების პროექტს. აღნიშნული გადაწყვეტილების პროექტის მე-2 პუნქტი ნარჩენების მომსახურების საფასურს ერთ აბონენტზე 1კვ.სთ-ში მოხმარებულ ელექტრო ენერგიაზე  0,05 ლარის ოდენობით განსაზღვრავს. აღნიშნული ჩანაწერი ეწინააღმდეგება ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” კანონს. ამ უკანასკნელის მე-12 პრიმა მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს, რომ ,,მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ სულ მოსახლეზე 3 ლარს თვეში.” საკრებულოს გადაწყვეტილების პროექტით, დასუფთავების ტარიფის გამოანგარიშების წესი იძლევა შესაძლებლობას, რომ აბონენტის მიერ ყოველთვიურად გადახდილი მოსაკრებლი იყოს  3 ლარზე მეტი, რითაც ირღვევა ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები. გარდა ამისა, მოსაკრებლის განსაზღვრის წარმოდგენილი მეთოდი არავითარ ინფორმაციას არ იძლევა ნარჩენების მოხმარებასთან დაკავშირებით. ნარჩენების მოსაკრებელი ეფუძნება აბონენტის მიერ ყოველთვიურად მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობას. ეს უკანასკნელი არავითარ მიზეზობრივ კავშირში არ არის დასუფთავებასთან.

2011-06-24 11:29 სრულად ნახვა

საია საქართველოს პარლამენტს სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მოსაზრებებს წარუდგენს

საქართველოს პარლამენტი განიხილავს სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს, რაც გულისხმობს როგორც ახალი მუხლების დამატებას კოდექსში, ისე არსებული მუხლების შინაარსის შეცვლას. კანონპროექტით შემოთავაზებული სრულიად ახალი, 3531 მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, აგრეთვე მათი ოჯახის წევრის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფა, პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. ციტირებული ნორმით გათვალისწინებული შემადგენლობა კოდექსში არსებული სხვა მუხლების გადაფარვას იწვევს, რაც გაუმართლებელია, როგორც ნორმათა კოდიფიკაციის, ისე ერთგავორვანი პრაქტიკის თვალსაზრისით. გარდა ამისა, მაქსიმალური სასჯელის ზომა - უვადო თავისუფლების აღკვეთა აშკარა არაპროპორციულობაზე მიუთითებს. სისხლის სამართლის კოდექსი იცნობს 117-ე და 118-ე მუხლებს, რომელიც ეხება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე და ნაკლებად მძიმე დაზიანებებს, ასევე 109 მუხლს - განზრახ მკველობას. ყველა დასახელებულ ნორმაში ცალკე დამამძიმებელ გარემოებებად მოყვანილია მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებასთან დაკავშირებით შესაბამისი ქმედების ჩადენა. ეს ნიშნავს, რომ პოლიციელის ან ხელისუფლების ორგანოს სხვა წარმომადგენლის ჯანმრთელობის ხელყოფა უნდა დაკვალიფიცირდეს დღეს მოქმედი შესაბამისი მუხლებით, რაც ითვალისწინებს გონივრულ სასჯელებს.

2011-06-23 10:52 სრულად ნახვა

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება

საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ, 13 ივნისს ინიცირებულ იქნა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მნიშვნელოვან გადასინჯვას. აღსანიშვანია, რომ შემოთავაზებული კანონპროექტის რედაქცია შეიცავს, როგორც ბუნდოვან, ისე ადამიანის უფლებების დარღვევის პოტენციურ საფრთხეს. პირველ რიგში, გამოსაყოფია წინააღმდეგობა კანონპროექტსა და საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებას შორის, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის ცალკეული დებულებები. მათ შორის, დებულება, რომელიც შეიცავდა ბლანკეტურ აკრძალვას საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ აქციის ორგანიზებაზე და ჩანაწერი, რომელიც ერთ პირს ართმევდა უფლებას, ყოფილიყო შეკრების ან მანიფესტაციის ინიციატორი. კანონპროექტის მუხლები, რომლებიც კრძალვას მანიფესტაციის გამართვას ცალკეული შენობებიდან 20 მეტრის რადიუსში ასევე, ნაწილობრივ ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მიგვაჩნია, რომ შემოთავაზებული ფორმულირება მაინც წარმოადგენს ბლანკეტურ შეზღუდვას და შეკრებებისა და მანიფესტაციების რეგულირებისას აქცენტი უნდა კეთდებოდეს შენობების შესასვლელების ბლოკირების შეზღუდვაზე და არა ფორმალურ რადიუსზე. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების სრულად, ან ნაწილობრივ ხელახლა კანონმდებლობაში დაბრუნება წარმოადგენს კონსტიტუციური მართლმსაჯულების მნიშვნელობის სრულ უგულვებელყოფას და ყოვლად დაუშვებლად მიგვაჩნია.

2011-06-15 15:34 სრულად ნახვა

ქმედუუნარობის არსებულ მოდელს საია საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს

დღეს 14 ივნისია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების (შშმპ) უფლებების დაცვის დღე. შშმპ ჯგუფი მოიცავს გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე პირებსაც, რომლებიც ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებთან ერთად, ყველაზე მოწყვლადი არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შორის, იმის გამო, რომ მათ მიმართ კანონმდებლობა ითვალისწინებს სამართლებრივი ქმედუნარიანობის სრულ ჩამორთმევას. ეს უკანასკნელი (სრული ქმედუუნარობა) გულისხმობს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებების (მათ შორის ტრივიალური ხასიათის ნასყიდობა და ა.შ.) მიღების აკრძალვას. ქმედუუნარობის ქართული მოდელის არსი გულისხმობს იმას, რომ მისი დადგენის მომენტიდან გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე პირი კარგავს, საკუთარ თავთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობას. ქმედუუნაროდ ცნობილ პირებს ენიშნებათ მეურვე, რომელიც ქმედუუნაროსაგან დამოუკიდებლად იღებს მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას.  

2011-06-14 09:49 სრულად ნახვა

საია უზენაესი სასამართლოს განცხადებას ეხმაურება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 10 ივნისის განცხადებას საიას მიერ გამოქვეყნებული კვლევის  “სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივაციის მქონე სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების სამართლებრივი ანალიზი” თაობაზე. წინამდებარე კვლევაში განხილულია ძირითადად 2009 წლის გაზაფხულზე საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას და შემდგომ პერიოდში დაკავებულ/დაპატიმრებულ პირთა საქმეების სამართლებრივი ანალიზი. აღნიშნული კვლევის განხორციელების აუცილებლობა, სწორედ მას შემდეგ დავინახეთ, რაც საზოგადოებასა და საერთაშორისო წრეებში აქტიურად დაიწყო საუბარი საქართველოში პოლიტიკური პატიმრების არსებობის შესახებ. საქმეების შერჩევისას გათვალისწინებულ იქნა საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი კონკრეტული საქმის მიმართ, ასევე, სისხლის სამართლებრივი დევნისა თუ ადმინისტრაციულ სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესაძლო პოლიტიკური მოტივი. კვლევა მიზნად არ ისახავდა კონკრეტულ პირთა ბრალეულობის ან უდანაშაულობის დადგენას. ჩვენი ამოცანა იყო, განგვესაზღვრა, რამდენად იქნა დაცული სამართლის ნორმები მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში და რამდენად იქნა გათვალისწინებული გამოძიების/სასამართლო ხელისუფლების ორგანოების მიერ სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნები.

2011-06-13 07:10 სრულად ნახვა

სამართლებრივი ანალიზის - „სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივაციის მქონე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები“ - პრეზენტაცია

2011 წლის 10 ივნისს, 12:00 საათზე სასტუმრო „თბილისი მერიოტში“  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სამართლებრივი კვლევის - „სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივაციის მქონე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები“ - პრეზენტაცია გამართა. კვლევაში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მიერაა დაფინანსებული, განხილულია ძირითადად 2009 წლის გაზაფხულზე საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას და შემდგომ პერიოდში დაკავებულ/დაპატიმრებულ პირთა საქმეების სამართლებრივი ანალიზი. აღნიშნული კვლევის განხორციელების აუცილებლობა, სწორედ მას შემდეგ დავინახეთ, რაც საზოგადოებასა და საერთაშორისო წრეებში აქტიურად დაიწყო საუბარი საქართველოში პოლიტიკური პატიმრების არსებობის შესახებ. საქმეების შერჩევისას გათვალისწინებულ იქნა საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი კონკრეტული საქმის მიმართ, ასევე, სისხლისსამართლებრივი დევნის თუ ადმინისტრაციულ სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესაძლო პოლიტიკური მოტივი.  კვლევაში განხილული საქმეების სამართლებრივმა ანალიზმა გამოავლინა სისტემური ხარვეზები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელებისას იმ პირთა მიმართ, რომლებიც, საკუთარი ან უახლოესი გარემოცვის პოლიტიკური საქმიანობის ან საზოგადოებრივი აქტივობის გამო, ხელისუფლების შესაძლო ოპონენტებად შეიძლება ჩაითვალონ. ამას ხელს უწყობს როგორც საკანონმდებლო ხარვეზები, ასევე საპროცესო კანონმდებლობის არასწორი განმარტება და მავნე პრაქტიკა.

2011-06-13 07:06 სრულად ნახვა

საია საგადასახდო ორგანოებს მოუწოდებს არ შეაფერხონ ”მედიაპალიტრის” ჰოლდინგში შემავალი სუბიექტების საქმიანობა

2011 წლის 7 ივნისს საქართველოს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა წინასაწრი შეტყობინების გარეშე დაიწყეს ”მედიაპალიტრაში” შემავალი ექვსი შპს-ს საგადასახადო შემოწმება. აღნიშნული განიმარტა იმით, რომ ისინი ახორციელებენ მიმდინარე კონტროლს, რასაც კანონის თანახმად არ სჭირდება წინასწარი ათდღიანი შეტყობინება. თუმცა, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ შემოწმება არ შემოიფარგლება მხოლოდ ინვენტარიზაციით, როგორც ეს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში აღინიშნა. ”მედიაპალიტის”-თვის გადაცემული საგადასახადო შეტყობინებიდან ნათლად ჩანს, რომ 10 დღეში დაიწყება სრული გასვლითი საგადასახადო  შემოწმება.  მნიშვნელოვანია, რომ ”მედიაპალიტრა” აქტიურად აშუქებდა 26 მაისის ღამეს მომხდარ მოვლენებს და მისი სამი ჟურნალისტის მიმართ ადგილი ჰქონდა პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლასა და სხვა დანაშაულის ნიშნებს. ნიშანდობლივია, რომ საგადასახდო შემოწმების დაწყება,  სწორედ აღნიშნულ კომპანიებში და სწორედ ამ მოცემულობაში, საზოგადოების მიერ აღქმულ იქნა, როგორც მედიის მიმართ განხორციელებული ზეწოლის მცდელობის კიდევ ერთი გამოვლინება. მოვუწოდებთ საგადასახადო ორგანოებს, აღნიშნული კომპანიების შემოწმების პროცესი იყოს მაქსიმალურად სამართლიანი და გამჭვირვალე, ამასთან აუცილებელია ხელი არ შეეშალოს მათ ყოველდღიურ საქმიანობას.  ასევე, მივმართავთ საგადასახადო ომბუდსმენს ზედამახევდელობა გაუწიოს აღნიშნულ პროცესს და უზრუნველყოს ამ კომპანიების უფლებების დაცვა.

2011-06-09 06:00 სრულად ნახვა