საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აწყობს ერთდღიან ტრენინგს მოქმედი ჟურნალისტებისათვის საქართველოს მასშტაბით. ტრენინგი ორი ნაწილისაგან შედგება: 1. ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესახებ. 2. ჟურნალისტთა უფლებები წინასაარჩევნო კამპანიისას და არჩევნების დღეს. ტრენინგები გაიმართება: თბილისში – 22 სექტემბერს,თელავში – 23 სექტემბერს, ქუთაისში – 25 სექტემბერს, ბათუმში – 26 სექტემბერს. პროექტი ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია NED (National Endowment for Democracy) მხარდაჭერით. ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. საკონტაქტო პირი – თორნიკე გურული. ტელ. 93 01 01 / 95 23 53 ან 893 28 13 27. ელფოსტა: presscenter@gyla.ge
2006-09-11 20:00 სრულად ნახვადღეს, 1 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აჭარაში ტრეფიკინგის წინააღმდეგ აქცია გამართა. ასოციაციის თანამშრომლები ბათუმსა და ქობულეთში ტრეფიკინგის საწინააღმდეგო ათასობით ღია ბარათს არიგებდნენ და მოქალაქეებს ტრეფიკინგის შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ. ბოლო პერიოდში მკვეთრად გახშირდა საქართველოს მოქალაქეების ტრეფიკინგში ჩართვა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით ახორციელებს პროექტს “არა! - ადამიანებით ტრეფიკინგს,” რომლის ფარგლებშიც არაერთი ანტიტრეფიკინგული კამპანიაა დაგეგმილი. უახლოეს მომავალში საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად საქართველოს საზღვრის გადაკვეთის პუნქტებზე სპეციალური სტენდები დაიდგმება, რომელზეც ტრეფიკინგის შესახებ ინფორმაცია განთავსდება და ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მოქმედებს ტრეფიკინგის საკითხთა დაინტერესებულთათვის ცხელი ხაზიც. ესენია – თბილისში 99 50 76 და ბათუმში 888 33622. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ტრეფიკინგის საწინააღმდეგო პროგრამა ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:თორნიკე გურული – 93 61 01 ან 95 23 53 ან 893 28 13 27
2006-08-31 20:00 სრულად ნახვადღეს, 24 აგვისტოს, კონსტიტუციის 11 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალში მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრის თემა გახლდათ "საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმში გადატანა”. მრგვალ მაგიდაზე მოწვეულნი იყვნენ ბათუმში მოქმედი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მასმედიისა და მთავრობის წარმომადგენლები. სამწუხაროდ, შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლები არ გამოცხადებულან. შეხვედრაზე მოკლე მოხსენება გააკეთა საიას იურისტმა ზურაბ ჯიბღაშვილმა. მოხსენების შემდეგ კი საინტერესო დისკუსია გაიმართა. დისკუსია იმ სავარაუდო შედეგებს მიეძღვნა, რომლებიც შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმში გადატანას მოჰყეს.
2006-08-23 20:00 სრულად ნახვადღეს, 28 ივლისს, პატიმრობიდან უნდა გათავისუფლებულიყვნენ თანასწორობის ინსტიტუტის წევრები. როგორც მოგეხსენებათ, 29 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით, თანასწორობის ინსტიტუტის წევრებს შეეფარდათ ადმინისტრაციული პატიმრობა 30 დღის ვადით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 309-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდა წარმოებს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2006-07-27 20:00 სრულად ნახვასაქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონპროექტი. კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ან/და საპრეზიდენტო ღონისძიებების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ შესყიდვებზე არ უნდა გავრცელდეს. კანონპროექტი განუსაზღვრელ უფლებამოსილებას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს პირველი მცდელობა არ არის. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ჯერ კიდევ 2006 წლის მაისში საქართველოს პარლამენტში მთავრობის ინიციატივით შესული კანონპროექტი მკაცრად გააკრიტიკა.
2006-07-26 20:00 სრულად ნახვადღეს, 25 ივლისს, დასრულდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სასამართლო პროცესი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის წინააღმდეგ. სასამართლო პროცესი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოიგო. დავის საგანს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნა წარმოადგენდა. საიამ საერთო სასამართლოების დეპარტამენტს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით 2006 წლის 9 თებერვალს მიმართა, სასამართლოში სარჩელი კი ამავე წლის 21 მარტს შეიტანა. საერთო სასამართლეობის დეპარტამენტმა კანონმდებლობის სრული დარღვევით, 2006 წლის 15 მაისს მოგვაწოდა საჯარო ინფორმაცია. შესაბამისად, სასამართლო განხილვების დროს დავის საგანი უკვე აღარ არსებობდა. საიამ არ თქვა სარჩელზე უარი და მოპასუხე იძულებული გახდა თავად ეღიარებინა სარჩელი. აღნიშნული სასამართლო პროცესით საიამ მნიშვნელოვანი სასამართლო პრეცედენტი დაამკვიდრა. დღემდე, აბსოლუტურად ყველა სასამართლო დავაში, რომელშიც მოპასუხე სასამართლო განხილვამდე დააკმაყოფილებდა მოთხოვნას (ანუ გასცემდა საჯარო ინფორმაციას) მოსარჩელე უარს ამბობდა სარჩელზე, შესაბამისად, იხდიდა სახელმწიფო ბაჟს და საქმის წარმოება კი წყდებოდა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იმედს გამოთქვამს, რომ ეს სასამართლო პრეცედენტი პოზიტიურ გავლენას მოახდენს ჟურნალისტებისა და სხვა დაინტერესებული პირების პროფესიულ საქმიანობაზე. იგი ამავე დროს ხელს შეუწყობს საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის დროულ გაცემას და ამ საკითხზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის დამკვიდრებას.
2006-07-24 20:00 სრულად ნახვა20 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა. იურისტთა ასოციაცია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა. საიას განცხადებები საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე სხვადასხვა საჯარო დაწესებულებისა და სასამართლო ინსტანციების მიერ სწორედ გასაჩივრებულ დებულებებზე დაყრდნობით არ კმაყოფილდებოდა. სადავო ნორმათა ტექსტის მათ მიერ აღიარებული ინტერპრეტაცია გაუმართლებლად - მონაცემთა შინაარსის შეფასების გარეშე ზღუდავდა გარკვეულ ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობის შედეგად შექმნილი ინფორმაციისადმი ხელმისაწვდომობას. ამგვარი შეზღუდვა, საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რომლის თანახმადაც სახელმწიფო დაწესებულებებში დაცული ნებისმიერი ინფორმაცია ღიაა გარდა სახელმწიფო, პროფესიული ან კომერციული საიდუმლოებისა (41-ე მუხლი) ან გარდა იმ შემთხვევისა, როცა შეზღუდვა უკიდურესი სოციალური საჭიროებით არის განპირობებული სხვა თანაბარზომიერი სიკეთის გადასარჩენად (24-ე მუხლი). საკონსტიტუციო სასამართლომ გასაჩივრებული დებულებებით გამოწვეული ზიანი არა მათი კონსტიტუციასთან შეუსაბამობის, არამედ არასწორი გამოყენების შედეგად მიიჩნია. სასამართლომ გადაწყვეტილებაში მოცემული გასაჩივრებული დებულებების რამდენიმე განმარტებით გაზარდა მათი დამკვიდრებული მნიშვნელობა და ინფორმაციის შემზღუდველი არაკონსტიტუციური პრაქტიკის გამოსწორების შესაძლებლობა შექმნა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
2006-07-24 20:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 22-23 ივლისს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში (ბულაჩაურის #7) ტრენინგს ატარებს. ორდღიანი ტრენინგი, რომელიც პროექტის ,,არა! - ადამიანებით ტრეფიკინგს” ფარგლებში ტარდება, ეწყობა: შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის თანამშრომლებისათვის;სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის;სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლებისათვის;აეროპორტის თანამშრომლებისათვის. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მოწვეული ექსპერტები ტრენინგის მონაწილეებს საქართველოში ტრეფიკინგის მარეგულირებელ ადგილობრივ და საერთაშორისო აქტებს გააცნობენ. ტრენინგი ემსახურება ასევე მათთვის პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში. ტრენინგი ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით.
2006-07-20 20:00 სრულად ნახვადღეს, 18 ივლისს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ”ციხის საერთაშორისო რეფორმამ” და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პრეზენტაცია გამართეს. პრეზენტაციის თემა გახლდათ წამების წინააღმდეგ ახალი ეროვნული სისტემის შექმნა. 2002 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო წამების, სასტიკი, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის ფაკულტატური ოქმი. ოქმის მიზანია, შეიქმნას ახალი სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, რეგულარულად მოინახულონ დაკავებული და დაპატიმრებული პირები თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში. თავისუფლებაშეზღუდულ პირებთან რეგულარული სტუმრობა შეამცირებს მათ წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას.
2006-07-17 20:00 სრულად ნახვასაიამ რეკომენდაციები წარუდგინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს რესპუბლიკურ ბიუჯეტში აჭარის სარეზერვო ფონდის განმარტებასა და ხარჯვის პროცედურებთან დაკავშირებით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ამჟამად მუშაობს კანონპროექტზე "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ”. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მესამე წელია ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტებით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდების მონიტორინგს. მონიტორინგის შედეგად საიამ გამოავლინა არაერთი დარღვევა, რაც ძირითადად სარეზერვო ფონდების სახსრების არამიზნობრივ, თვითნებულ ხარჯვასა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის მუდმივ დარღვევაში გამოიხატებოდა. ამ პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს კონკრეტული საკანონმდებლო წინადადებები შესთავაზა.
2006-07-12 20:00 სრულად ნახვა