სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ჰილარი კლინტონის ინიციატივით გამართული ვიდეოკონფერენციის ფარგლებში საიას შეკითხვას უპასუხეს

კონფერენციაში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ინიციატივით 16 თებერვალს გაიმართა 50 ქვეყნის სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობდა.არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ მთელი მსოფლიოდან წინასწარ გაგზავნილი ასობით შეკითხვიდან კონფერენციის ორგანიზატორებმა მხოლოდ ოთხ კითხვას უპასუხეს. ამ ოთხი პასუხიდან ერთ-ერთი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, თამარ ჩუგოშვილის შეკითხვას ეხებოდა.კითხვა ეხებოდა საქართველოში ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიული განვითარების თავსებადობას, კერძოდ, საიამ რჩევა ჰკითხა სახელმწიფო დეპარტამენტს, თუ როგორ შეიძლება, რომ ეკონომიკური განვითარების მიზეზით არ შეფერხდეს და ეჭვქვეშ არ დადგეს კანონის უზენაესობა."თუ არ გექნებათ კანონის უზენაესობის, დემოკრატიული მმართველობისა და ეკონომიკური განვითარების კომბინაცია, თქვენ ვერ მიაღწევთ მდგრად ეკონომიკას", - ასეთი იყო ვიდეოკონფერენციის მსვლელობისას სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლების პასუხი.

2011-02-17 09:28 სრულად ნახვა

საიამ ევროსასამართლოში კიდევ ერთი საქმე მოიგო!

2011 წლის 15 თებერვალს ევროპის ადამიანის უფლებათა (სტრასბურგის) სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება საქმეზე ცინცაბაძე საქართველოს წინააღმდეგ (საქმე # 35403/06). სასამართლომ დადგენილად ცნო მოპასუხე სახელმწიფოს (საქართველოს) მიერ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა, ვინაიდან 2005 წელს ზურაბ ცინცაბაძის ციხეში გარდაცვალების ფაქტზე არ ჩატარდა დამოუკიდებელი, ობიექტური და ეფექტური გამოძიება. ზურაბ ცინცაბაძეს მისჯილი ჰქონდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2005 წლის 6 ივლისიდან სასჯელს იხდიდა ხონის #9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. 2005 წლის 30 სექტემბერს ზ. ცინცაბაძე ჩამოხრჩობილი იპოვეს ციხის საკუჭნაოში. გამოძიების ვერსიით ზ. ცინცაბაძემ თვითმკვლელობა ჩაიდინა, თუმცა, გარდაცვლილის დედა ამტკიცებდა, რომ ის მოკლული იქნა ციხეში ე.წ. “ობშიაკის” ვალის გამო. ევროპის სასამართლომ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზ. ცინცაბაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო და ჩატარებული იქნა არაერთი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედება, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას დაშვებული იქნა სერიოზული ხარვეზები და უზუსტობები, რის გამოც ბევრი შეკითხვა ზ. ცინცაბაძის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტზე პასუხგაუცემელი დარჩა.

2011-02-16 10:30 სრულად ნახვა

საია პარლამენტს რეკომენდაციებით მიმართავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს პარლამენტს რიგ კანონპროექტებთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები წარუდგინა. კერძოდ:“საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს, რომლებიც კანონმდებლობის დაზუსტებას ისახავს მიზნად, საია დადებითად აფასებს. აღნიშნული შეეხება თანამდებობის პირთა ჩამონათვალში “სახელმწიფო მინისტრისა და მისი მოადგილის” დამატებას. ამასთან, საიამ რეკომენდაციით მიმართა პარლამენტის წევრებს, რათა მოხდეს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისა და მასთან გათანაბრებული პირების მიკუთვნება თანამდებობის პირებისთვის. (საიას მიერ მომზადებული დასკვნის სრული ტექსტი: http://gyla.ge/legislature/?formm=3&da_index=520).

2011-02-15 06:00 სრულად ნახვა

საქართველოს ეროვნული პლატფორმა დღეისთვის 75 ორგანიზაციას აერთიანებს

საქართველოს ეროვნული პლატფორმა აღმოსავლეთის პარტნიორობისთვის ჩამოყალიბდა 2010 წლის 13 ნოემბერს. დღეისთვის ის 75 ქართულ და საქართველოში დარეგისტრირებულ საერთაშორისო სამართლებრივ ორგანიზაციას აერთიანებს. საქართველოს ეროვნული პლატფორმის ფუნქციებში შედის აღმოსავლეთის პარტნიორობის მიმდინარეობის ხელშეწყობა საქართველოში; რეკომენდაციების მიწოდება საქართველოს მთავრობისა და ევროპის კომისიისთვის.

2011-02-14 09:31 სრულად ნახვა

ტრენინგი ჟურნალისტებისთვის

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იწვევს ჟურნალისტებს ტრენინგზე:“გამოხატვის და ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში – არსებული პრობლემები და მიმდინარე გამოწვევები”ტრენინგი სამდღიანია და ჩატარდება ქ. თბილისში 2011 წლის 25-27 თებერვალს  დილის 10:00 სთ-დან საღამოს – 18:00 სთ-მდე. მასში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებს.თრენინგს ორგანიზებას უწევს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.თრენინგის ფინანსური მხარდამჭერია საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX)პროგრამის “ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას” (G-MEDIA) ფარგლებში.

2011-02-11 11:10 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში მიმართვისათვის გადასახადის შემოღებას ეწინააღმდეგებიან

2010 წლის 18-19 თებერვალს შვეიცარიაში, კერძოდ კი ქალაქ ინტერლაკენში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მომავლის შესახებ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მაღალი დონის კონფერენციაზე მიღებული დეკლარაციისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ერთ-ერთ განსახილველ საკითხად განისაზღვრა ინდივიდუალური განაცხადებით ევროპის სასამართლოსადმი მიმართვისათვის გადასახადის შემოღება. არადა ზემოაღნიშნული კონფერენციის მიზანია გააუმჯობესოს და უფრო ეფექტური გახადოს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მუშაობა.აღნიშნული საკითხის განხილვა იგეგმება ევროპის საბჭოს მინისტერიალზე 2011 წლის აპრილის თვეში.ორგანიზაციები, რომლებიც წლების განმავლობაში ვმოღვაწეობთ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი; ადამიანის უფლებათა ცენტრი; კონსტიტუციის 42-ე მუხლი; კავშირი – XXI საუკუნე. მოთხოვნას ასევე მხარს უჭერს საქართველოს სახალხო დამცველი) ვფიქრობთ, რომ ევროპის სასამართლოსადმი მიმართვისათვის გადასახადის დაწესება სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების განხორციელებას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი უფლებაა გარანტირებული ევროპის 1950 წლის ადამიანის უფლებათა კონვენციით.

2011-02-08 09:05 სრულად ნახვა

დღეს საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს, 1 თებერვალს გაიხსნა და 24 ივნისს დაიხურება. მოცემულ სესიაზე საქართველოს პარლამენტი განიხილავს რამდენიმე მნიშვნელოვან კანონპროექტს, რომელთა შორისაა:1)    “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;2)    “თავისუფლების ქარტია”;3)    “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე.საიამ პირველადი დასკვნები - „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე - კანონპროექტებთან დაკავშირებით  უკვე წარუდგინა საქართველოს პარლამენტს, ხოლო „თავისუფლების ქარტიასთან“ დაკავშირებით წერილით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს.

2011-02-01 08:47 სრულად ნახვა

64 წლის მოხუცს 35 ლარის ღირებულების ფიცრების ქურდობისთვის პატიმრობა შეეფარდა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 2011 წლის 22 იანვარს ლიახვის ხეობიდან დევნილ მოქანდაკეს ვალერიან ჭილაშვილს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.  64 წლის ჭილაშვილი მცხეთის პროკურატურამ 2010 წლის ოქტომბერში დააკავა და ბრალი 35 ლარად ღირებული ფიცრის მოპარვაში დასდო. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დევნილ ჭილაშვილს სასამართლომ 2000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ბრალდებულმა გირაო ვერ გადაიხადა, რის შემდეგაც აღკვეთი ღონისძიება შეეცვალა პატიმრობით.

2011-01-26 17:13 სრულად ნახვა

დევნილთა გამოსახლება დარღვევებითა და შეურაცხმყოფელი ფორმებით განხორციელდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება 2011 წლის 20 იანვარს ქ. თბილისში, აბზიანიძის #4-დან (საბაჟო დეპარტამენტის შენობიდან) დევნილების გამოსახლების პროცესს, რომელსაც გამოსახლების დაწყების მომენტიდან აკვირდებოდა საიას წარმომადგენელი. 2011 წლის 20 იანვრის იძულებითი გამოსახლების პროცედურა დაიწყო დილის შვიდ საათზე. ადგილზე მობილიზებულ იქნა რამდენიმე ათეული პოლიციელი, რომლებმაც ჟურნალისტებს და დამკვირვებლებს უშუალოდ შენობის შიგნით შესვლის და შიგნით განვითარებული მოვლენების დაკვირვების საშუალება არ მისცეს.

2011-01-20 10:22 სრულად ნახვა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ახლად შექმნილმა დავების განხილვის საბჭომ უკვე 3 საჩივარი განიხილა

2010 წლის 10 დეკემბერს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შეიქმნა ახალი ინსტიტუტი - დავების განხილვის საბჭო. აღნიშნული ორგანო განიხილავს შესყიდვებთან დაკავშირებულ საჩივრებს. საჩივრების წარდგენის უფლებით სარგებლობენ როგორც პრეტენდენტები, ასევე შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები. მათ შეუძლიათ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დადებამდე გაასაჩივრონ შემსყიდველი ორგანიზაციის ან სატენდერო კომისიის ქმედება. საბჭო საჩივარზე გადაწყვეტილებას იღებს 10 დღის ვადაში.

2011-01-18 16:29 სრულად ნახვა