სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ პროკურატურას მსჯავრდებულ ჩიხლაძის განცხადება მიაწოდა და გამოძიების დაწყება მოითხოვა

  2012 წლის 28 სექტემბერს მსჯავრდებულმა გიორგი ჩიხლაძემ განცხადებით მიმართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს. განცხადებაში აღწერილია 2011 წლის 30 ივნისს, მსჯავრდებულის დაკავებისას  განხორციელებული ადამიანის უფლებების შემლახველი რიგი ქმედებები.  მსჯავრდებულ ჩიხლაძის განმარტებით, უკანონო ქმედებებში სხვა პირებთან ერთად დათა ახალაიაც იღებდა მონაწილეობას. მსჯავრდებულ გიორგი ჩიხლაძის მიერ განცხადებაში მითითებული ფაქტები მოიცავს ინფორმაციას დანაშაულის ნიშნების შესახებ, რომელიც გამოძიების დაწყების საფუძველია. შესაბამისად, დღეს, 11 ოქტომბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მსჯავრდებულის განცხადება მიაწოდა მთავარ პროკურატურას და მოითხოვა გამოძიების დაწყება განცხადებაში მითითებულ ფაქტთან დაკავშირებით.  

2012-10-11 13:47 სრულად ნახვა

საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და გაერთიანებების მიმართვა სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტს, ჩვენ, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და გაერთიანებები მოგმართავთ წინადადებით, საქართველოს სახალხო დამცველის პოზიციაზე წარადგინოთ და აირჩიოთ თამარ გურჩიანი. თამარ გურჩიანი არის მაღალი კვალიფიკაციის სამართალმცოდნე და აქვს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება. კერძოდ, მრავალი წლის განმავლობაში იგი მონაწილეობდა მედიის თავისუფლების, ხელისუფლების გამჭვირვალობისა და კარგი მმართველობის და სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებულ ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო პროექტებში. გარდა პროფესიული გამოცდილებისა, ჩვენი შეფასებით, თამარს აქვს სახალხო დამცველისთვის აუცილებელი პიროვნული თვისებები: იგი არის სამართლიანი, პრინციპული პოლიტიკურად მიუკერძოებელი, აქვს სამოქალაქო გამბედაობა და პასუხისმგებლობა. ის გამოირჩევა თანამშრომლობის, კოლეგების აზრის გათვალისწინებისა და შეთანხმების მიღწევის უნარებით.

2012-10-11 12:05 სრულად ნახვა

კოალიციის დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის განცხადება

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ეხმიანება ქვეყანაში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს მოვლენებს და განცხადებას ავრცელებს.

2012-10-09 14:13 სრულად ნახვა

საია-ს მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი საზოგადოებრივ მაუწყებელში გადაცემების დახურვის ფაქტს ეხმაურება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ეხმაურება  გავრცელებულ ინფორმაციას, საზოგადოებრივ მაუწყებელში ვახო სანაიას საავტორო გადაცემების „რეპორტაჟი ვახო სანაიასთან ერთად“ და „ევროპული არჩევანის“ დახურვისა  და ჟურნალისტების გათავისუფლების თაობაზე. ჟურნალისტის  ვარაუდით, გადაცემის დახურვის მიზეზი გახდა მაუწყებლის ფორმატის შეცვლა - საზოგადოებრივიდან საზოგადოებრივ-პოლიტიკურზე გადასვლა; ასევე, არჩევნების წინ გადაცემის ავტორის  შეერთება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ სტუდენტურ აქციასთან. ამასთანავე, გავრცელდა ინფორმაცია  ეკა ხოფერიას გადაცემის „აუდიტორია“ შეწყვეტის თაობაზე. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია: უზრუნველყოს პროგრამების სარედაქციო დამოუკიდებლობა, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა; სახელისუფლებო, პოლიტიკური, რელიგიური და კომერციული გავლენისაგან თავისუფლება. უზრუნველყოს საზოგადოებრივი ინტერესის შესაბამისი თანასწორობა ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, საგანმანათლებლო-შემეცნებით, კულტურულ და სპორტულ პროგრამებს შორის. უზრუნველყოს აუდიტორიის დროული და ყოველმხრივი ინფორმირება საქართველოში, მის რეგიონებსა და მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ.

2012-10-09 14:05 სრულად ნახვა

საია თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული ფონდების საქმიანობის გამჭვირვალობას მოითხოვს

გუშინ სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ცნობილი ხდება, რომ ქ. თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის მიერ, 2010 წლის მაისში, შპს „კლუბი დივას“ ანგარიშზე ჯამში 5129 ლარი გადაირიცხა. გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოების ყურადღება რამდენიმე გარემოებაზე გავამახვილოთ. 2012 წლის მაისში საიას მიერ წარმოდგენილ იქნა ანგარიში „რეაბილიტაციის პროცესი ფასადს მიღმა“, რომელიც თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის პროცესში ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის მონაწილეობასაც ეხება.

2012-10-09 13:29 სრულად ნახვა

საია და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ცესკოს განცხადებას ეხმაურებიან

  ბოლო დღეების განმავლობაში მედიის ყურადღების ქვეშ საარჩევნო სუბიექტების მიერ საკუთარი წარმომადგენლების არჩევნების დღის შემდგომ შეცვლის საკითხი მოექცა. კერძოდ, ცესკოს მდივნის, გიზო მჭედლიძის 3 ოქტომბრით დათარიღებული 11 განკარგულების მიხედვით, ცალკეულ საოლქო საარჩევნო კომისიებში შეიცვალნენ საარჩევნო სუბიექტის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს“ წარმომადგენლები. საარჩევნო კოდექსის 42-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, ნათლადაა განსაზღვრული, რომ: „საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, არჩევნების დღემდე ნებისმიერ დროს გამოიწვიოს ან/და შეცვალოს თავისი წარმომადგენელი, რის თაობაზედაც უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.“ აღნიშნული ჩანაწერი გულისხმობს, რომ არჩევნების დღის შემდგომ წარმომადგენლის გამოწვევა ან ჩანაცვლება საარჩევნო სუბიექტის მიერ შესაძლებელი არ არის. მოქმედი კანონმდებლობის მხედველობაში მიღებით, საიამ და „სამართლიანმა არჩევნებმა“საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების არჩევნების დღის შემდგომი შეცვლა აოლქო საარჩევნო კომისიებშიკანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებად შეაფასეს.  

2012-10-07 14:39 სრულად ნახვა

განცხადება მარნეულში მომხდარ ძალადობის ფაქტთან დაკავშრებით

  „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  და “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”  მარნეულის გამგეობაში პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს გმობენ. ორგანიზაციების დამკვირვებლების ინფორმაციით, დღეს მარნეულის გამგეობის შენობაში შეიჭრნენ კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტები, რომლებიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ გამგეობის თანამშრომლებს. სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა გამგებლის მოადგილისა და  მისი მძღოლის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს. ეს უკანასკნელი ამჟამად გადაყვანილია საავადმყოფოში. მარნეულის გამგებლის განცხადებით, ფიზიკურ ძალადობას მის მიმართაც ჰქონდა ადგილი.  

2012-10-05 17:26 სრულად ნახვა

საია-მ ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საქმე მოიგო

  ევროპული სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე გულგრილი იყო დემონსტრანტებისათვის პატიმრობის შეფარდების დროს გამოერკვია საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 2012 წლის 2 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე კაკაბაძე, ჩხარტიშვილი, ჯიშკარიანი, რთველიაშვილი და დალაქიშვილისაქართველოს წინააღმდეგ (საქმე #1484/07).  სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე სახელმწიფომ განმცხადებლების მიმართ დაარღვია კონვენციის მე-5 (თავისუფლების უკანონო აღკვეთა), მე-6 (სამართლიანი სასამართლოს უფლება), მე-11 (შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება) და მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლები (გასაჩივრების უფლება სისხლის სამართლის საქმეებზე), რადგან განმცხადებლების დაკავება მოხდა უკანონოდ, შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევით, ხოლო, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე ხუთივე განმცხადებელს 30 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, რაც სასამართლოს აზრით, აშკარად გადამეტებული სასჯელი იყო. განმცხადებლების ინტერესებს საია და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი  (EHRAC) წარმოადგენდა.

2012-10-05 10:35 სრულად ნახვა

საიას განცხადება ხაშურის #35 საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეშფოთებას გამოთქვამს ხაშურის #35 საარჩევნო ოლქის რამდენიმე უბანზე საარჩევნო პროცესში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და მოუწოდებს უფლებამოსილ ორგანოებს ადეკვატური და ეფექტური რეაგირებისაკენ. აღნიშნული განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ სადავო უბნების მონაცემები არსებით გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე ხაშურის საარჩევნო ოლქში. ხაშურის #35  საარჩევნო ოლქის დაახლოებით 10 საარჩევნო უბანზე საარჩევნო პროცესი, მათ შორის აღნიშნულ უბნებზე გამართული არჩევნების შედეგების შეჯამება, მნიშვნელოვანი დარღვევებით წარიმართა. კერძოდ, არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა განმარტებებით, დასტურდება რომ აღნიშნული უბნებზე  ადგილი ჰქონდა შემაჯამებელი ოქმების მონაცემების იმგვარ შედგენას რაც არ ასახავდა აღნიშნულ უბნებზე ამომრჩეველთა მიერ გამოხატულ ნებას ან საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი ოქმების მონაცემების მოგვიანებით შეცვლას. ამასთან, ხაშურის ოლქის რამოდენიმე უბანზე ადგილი ჰქონდა სპეციალური დანიშნულების რაზმების შეჭრას და კომისიის წევრების იძულებას მათი მითითების მიხედვით მოეხდინათ არჩევნების შედეგების ასახვა შემაჯამებელ ოქმებში.

2012-10-04 12:03 სრულად ნახვა

განცხადება არჩევნების შემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიებთან განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესის დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. ამჟამად საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის პროცესი მიმდინარეობს. დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის, ასევე, მედიით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით აშკარაა, რომ ქვეყნის მასშტაბით ადგილი აქვს სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიებთან პოლიტიკური პარტიების აქტივისტების შეკრებას, რომლებიც ზოგჯერ აგრესიულობით გამოირჩევიან. კონკრეტულად, უბნების გაბათილებისა და გადათვლის მოთხოვნებით აქციები იმართება მარტვილის, სენაკის, თერჯოლის, ამბროლაურის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, ახალქალაქის, ახალციხის, მარნეულისა და თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიებთან. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიის სამომავლო პიკეტირების თაობაზე. ზუგდიდის საარჩევნო ოლქში ადგილი ჰქონდა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებზე ზეწოლის ფაქტს იმ მიზეზით, რომ ორგანიზაციის წითელი ლოგო პარტიის აქტივისის მიერ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან იქნა ასოცირებული.

2012-10-04 08:19 სრულად ნახვა