GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

12 ივნისი, 2017

საია ეხმიანება „ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავების ფაქტს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული საქმე არის კიდევ ერთი დასტური ქვეყნის სამართალდამცავ სისტემაში და სასამართლო ხელისუფლებაში არსებული სისტემური პრობლემებისა. ხოლო, რეპრესიული ნარკოპოლიტიკა წარმოადგენს აღნიშნული სისტემური პრობლემების მნიშვნელოვან ხელშემწყობს.

წლებია სისტემურ პრობლემას წარმოადგენს სამართალდამცავი უწყების თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევები. ამასთან, ცნობილია არაერთი ფაქტის შესახებ, სადაც მოქალაქეები საუბრობენ, რომ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებმა ნარკოტიკული საშუალება „ჩაუდეს.“ ქვეყანაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საგამოძიებო ინსიტიტუტის არარსებობა და შემთხვევების არაეფექტური გამოძიება უფრო ახალისებს ასეთი ტიპის დანაშაულების ჩადენას. აღნიშნულს ემატება ქვეყანაში არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, რომელიც მოქალაქეთა დასჯის მექანიზმად იქცა. მდგომარეობას ართულებს სასამართლო კონტროლის არაეფექტურობა იმ პირთა საქმეებზე, რომლებიც საუბრობენ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ.  

უკვე წლებია სახელმწიფოს არ აქვს სათანადო რეაგირება სისტემურ პრობლემებზე. პროკურატურასა და სასამართლო სისტემაში განხორციელებული რეფორმები არაეფექტურია და პრობლემებს ვერ აგვარებს. ამასთან,  საგანგაშოა ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირის განცხადება „ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავებაზე; ამგვარი რიტორიკა უფრო მეტად ახალისებს სამართალდამცავთა თვითნებურ და უკანონო მოქმედებებს და ამყარებს ეჭვებს იმის თაობაზე, რომ ამ კონკრეტულ საქმეში ადგილი აქვს მომღერლების დასჯას გამოხატვის თავისუფლებისათვის, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებად იქნა შეფასებული.

მისასალმებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიზნით მუშაობის დაწყებაზე, ასევე, „ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავებასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაზე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული საქმე ცხადყოფს არა მხოლოდ აღნიშნულ პრობლემას, არამედ სისტემური პრობლემების გაცილებით ფართო სპექტრს, რაც დღეს საქართველოში არსებობს. შესაბამისად, მხოლოდ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება არ არის საკმარისი სამართალდამცავ და სასამართლო უწყებებში არსებული სისტემური პრობლემების მოსაგვარებლად. საჭიროა, დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების დამოუკიდებლი და ეფექტური საგამოძიებო მექანიზმის შექმნასა და სასამართლოს რეალურად რეფორმირებაზე. 

ასევე, მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის უსწრაფესი და ადეკვატური რეაგირება ამ საქმეში გამოვლენილი სისტემური ხარვეზების მოსაგვარებლად, როგორც სამართალდამცავი და სასამართლო რეფორმების მიმართულებით, ასევე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კუთხით.

 

დეტალური ინფორმაცია საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:

ქვემოთ მოყვანილმა გარემოებებმა არაერთი კითხვა გააჩინა „ბირჟა მაფიის“ წევრების დაკავებასთან დაკავშირებით:

  • 2017 წლის 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ისჯება 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
  • ბრალდებულებმა, მათმა მეგობრება და ოჯახის წევრებმა მათი დაკავება თავიდანვე დაუკავშირეს რეპერების მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც პოლიციელი არის გაშარჟებული.
  • მიხეილ მგალობლიშვილის განმარტებით,  მას შემდეგ, რაც გამოჩნდა ვიდეო-კლიპი საჯარო სივრცეში, ამას მოჰყვა პოლიციელების მხრიდან აგრესია.  „დავფარე პოლიციელი მას შემდეგ, რაც შევიტყვე, რომ პოლიციელებისგან მოდიოდა საშიშროება. ვიფიქრეთ, რომ ეს საკმარისი იყო.“ ბრალდებული მისი დაკავების შემთხვევასაც აღწერს და მიუთითებს, რომ დაკავებისას აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას (სასამართლო პროცესზე მგალობლიშვილმა განაცხადა, რომ დეტექტივმა თავზე ხელი დაარტყა). „გადამიყვანეს კაპეზეში, მითხრეს, რომ რაც ჩაიდინე ამისათვის 200 ლარიანი ჯარიმა გეკისრება, მაგრამ ვიღაც ძალიან გააღიზიანეო.“ შემდეგ, „გადამიყვანეს ოთახში, სადაც დამხვდნენ გინებით, რომ, ვისაც არ უყვარს პოლიციელი... არ მალავდნენ, რომ ამ კლიპზე იყო საუბარი.“
  • გიორგი ქებურიას თქმით, დაკავებისას დაირღვა მისი უფლებები, არ მისცეს ადვოკატთან შეხვედრის შესაძლებლობა, აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული და სანაცვლოდ, ჯარიმის გადახდის პირობით გაათავისუფლებდნენ. ბრალდებულმა ისიც აღნიშნა, რომ უცნობმა პირმა მიაყენა შეურაცხყოფა, რომელიც დაკავშირებული იყო ვიდეო-კლიპის შინაარსთან.
  • დამატებით, კითხვის ნიშნებს აჩენს ვიდეო კლიპში პოლიციის როლის შემსრულებლის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მან არ იცოდა კლიპის შინაარსი და თავად სთხოვა ბრალდებულებს იმ მომენტების ამოჭრა, სადაც პოლიციელი იყო გაშარჟებული. მისი ეს ინფორმაცია არსებითად განსხვავდება იმ საერთო ფონისგან, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ მიხეილ მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას დაკავებასა და დაპატიმრებას ჰქონდა ,,დაფარული დღის წესრიგი“ - დაესაჯათ პოლიციელის მიმართ კრიტიკული ვიდეომასალის გავრცელებისათვის. აღსანიშნავია, რომ კლიპის შინაარსი და მასში აღწერილი ფაქტები გამოხატვის თავისუფლებით სრულად არის დაცული. ამდენად, ამგვარი მიზნით ადამიანის დაკავება და დაპატიმრება ეწინააღმდეგება ეროვნულ კანონმდებლობას და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლს კონვენციის მე-5 მუხლთან კავშირში,[1] ვინაიდან ადამიანის დაკავება და დაპატიმრება ემსახურება არა დანაშაულის ჩადენის თაობაზე გონივრული ეჭვის არსებობის გამო ადამიანის სასამართლოსთვის წარდგენას, არამედ სხვა მიზნებს (ბრალდებულის დასჯას პოლიციელის მწვავე კრიტიკისათვის).

პრობლემას წარმოადგენს სასამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები „ბირჟა მაფიის“ წევრებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ:

  • ეს ეჭვები კიდევ უფრო გააღრმავა მიხეილ მგალობლიშვილის პირველი წარდგენის სხდომამ, სადაც მას პატიმრობა დაუსაბუთებლად შეეფარდა. სასამართლო სხდომაზე არ იქნა წარმოდგენილი წონადი, დამაჯერებელი არგუმენტები, რომლებიც მგალობლიშვილის პატირობაში ყოფნას გაამართლებდა. შესაბამისად, პროკურატურის შუამდგომლობა და სასამართლოს დასაბუთება პატიმრობის გამოყენების თაობაზე, არ შეესაბამება როგორც ქვეყნის კანონმდებლობის მოთხოვნებს, ისე საერთაშორისო სტანდარტებსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. პატიმრობის გამოყენება უნდა ხდებოდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში და უპირატესობა ყოველთვის უნდა მიენიჭოს უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის უფრო მსუბუქ ფორმებს. აგრეთვე, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მიუთითებს, პატიმრობის გამოყენება არ უნდა ხდებოდეს არამართლზომიერი მიზნით და არ უნდა წამოადგენდეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საშუალებას.[2] შესაბამისად, ვინაიდან, პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობის გამოყენების თაობაზე არ იყო დასაბუთებული და დამაჯერებელი და შემდგომში, მოსამართლემაც ასეთი დასაბუთების ფონზე, პატიმრობა გამოიყენა, დარჩა შთაბეჭდილება, რომ ამ ღონისძიებას უფრო სადამსჯელო ხასიათი ჰქონდა, ვიდრე მაგალითად, ახალი დანაშაულის ჩადენის პრევენციის, მიმალვის საფრთხის თავიდან აცილების და .. მაშინ, როდესაც, თუნდაც დიდი ოდენობით გირაოს გამოყენება იქნებოდა სავსებით საკმარისი შემკავებელი ღონისძიება.

პოლიციელთა მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულზე დაწყებული გამოძიების არაადეკვატურობა

მართალია, ცნობილი გახდა რომ დაწყებულია გამოძიება „ბირჟა მაფიის“ წევრების დაკავების კანონიერების ირგვლივ, თუმცა, პოლიციელების მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია, რომლითაც არის აღნიშნული გამოძიება დაწყებული, ამ ეტაპზე არასრულყოფილია. პროკურატურის განცხადების თანახმად, მგალობლიშვილისა და ქებურიას ჩვენების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 3691-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციას გულისხმობს. თუმცა, როგორც ბრალდებულები აცხადებენ, მათ მიმართ ასევე ადგილი ჰქონდა სამართალდამცველების მხრიდან სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რასაც არ მოიცავს აღნიშნული კვალიფიკაცია და ექვემდებარება სისხლის სამართლის კოდექსის 1443 -ე მუხლით კვალიფიკაციას (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა).

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საია მოუწოდებს:

საქართველოს პროკურატურას:

სრულყოფილად, ობიექტურად  და მიუკერძოებლად გამოიძიოს მიხეილ მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას მიმართ სავარაუდოდ განხორციელებული კანონდარღვევები და პასუხისგებაში მისცეს ყველა შესაბამისი პირი. აგრეთვე, სათანადოდ უნდა გამოიკვლიოს არსებული გარემოებები და ბრალდებულების მიმართ განხორციელებული სავარაუდო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები შეაფასოს როგორც დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, სისხლის სამართლის კოდექსის 1443 -ე მუხლის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს:

კანონმდებლობაში განხორციელდეს ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში სტრუქტურულად და შინაარსობრივად დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნას, სამართალდამცავი უწყებების თანამშრომელთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისა და დევნის განხორციელების მიზნით. აგრეთვე, გადაიხედოს ქვეყანაში არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკის დამდგენი კანონმდებლობა, რომელიც უფრო მეტად ორიენტირებული უნდა იყოს ადამიანის უფლებების დაცვაზე.

აქვე, შევახსენებთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთ მოთხოვნას, დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა სასამართლოს რეალური რეფორმის განხორციელების მიზნით.

საერთო სასამართლოებს:

სასამართლოებმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა გამოიყენონ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში და ყოველთვის უპირატესობა უნდა მიანიჭონ უფლებების ნაკლებად შემზღუდველ მექანიზმებს. სასამართლომ არ უნდა დააკმაყოფილოს პროკურორის შუამდგომლობა პატიმრობის გამოყენების თაობაზე, რომელიც არ არის სათანადოდ დასაბუთებული. სასამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები სერიოზულ ზიანს აყენებს საზოგადოების ნდობას სასამართლო ხელისუფლების მიმართ.

 


[1] ILGAR MAMMADOV v. AZERBAIJAN.

[2] Gusinsky v. Russia.

სხვა სიახლეები