საია ეხმიანება „ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავებას

საია ეხმიანება „ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავების ფაქტს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული საქმე არის კიდევ ერთი დასტური ქვეყნის სამართალდამცავ სისტემაში და სასამართლო ხელისუფლებაში არსებული სისტემური პრობლემებისა. ხოლო, რეპრესიული ნარკოპოლიტიკა წარმოადგენს აღნიშნული სისტემური პრობლემების მნიშვნელოვან ხელშემწყობს.

წლებია სისტემურ პრობლემას წარმოადგენს სამართალდამცავი უწყების თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევები. ამასთან, ცნობილია არაერთი ფაქტის შესახებ, სადაც მოქალაქეები საუბრობენ, რომ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებმა ნარკოტიკული საშუალება „ჩაუდეს.“ ქვეყანაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საგამოძიებო ინსიტიტუტის არარსებობა და შემთხვევების არაეფექტური გამოძიება უფრო ახალისებს ასეთი ტიპის დანაშაულების ჩადენას. აღნიშნულს ემატება ქვეყანაში არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, რომელიც მოქალაქეთა დასჯის მექანიზმად იქცა. მდგომარეობას ართულებს სასამართლო კონტროლის არაეფექტურობა იმ პირთა საქმეებზე, რომლებიც საუბრობენ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ.  

უკვე წლებია სახელმწიფოს არ აქვს სათანადო რეაგირება სისტემურ პრობლემებზე. პროკურატურასა და სასამართლო სისტემაში განხორციელებული რეფორმები არაეფექტურია და პრობლემებს ვერ აგვარებს. ამასთან,  საგანგაშოა ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირის განცხადება „ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავებაზე; ამგვარი რიტორიკა უფრო მეტად ახალისებს სამართალდამცავთა თვითნებურ და უკანონო მოქმედებებს და ამყარებს ეჭვებს იმის თაობაზე, რომ ამ კონკრეტულ საქმეში ადგილი აქვს მომღერლების დასჯას გამოხატვის თავისუფლებისათვის, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებად იქნა შეფასებული.

მისასალმებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიზნით მუშაობის დაწყებაზე, ასევე, „ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავებასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაზე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული საქმე ცხადყოფს არა მხოლოდ აღნიშნულ პრობლემას, არამედ სისტემური პრობლემების გაცილებით ფართო სპექტრს, რაც დღეს საქართველოში არსებობს. შესაბამისად, მხოლოდ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება არ არის საკმარისი სამართალდამცავ და სასამართლო უწყებებში არსებული სისტემური პრობლემების მოსაგვარებლად. საჭიროა, დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების დამოუკიდებლი და ეფექტური საგამოძიებო მექანიზმის შექმნასა და სასამართლოს რეალურად რეფორმირებაზე. 

ასევე, მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის უსწრაფესი და ადეკვატური რეაგირება ამ საქმეში გამოვლენილი სისტემური ხარვეზების მოსაგვარებლად, როგორც სამართალდამცავი და სასამართლო რეფორმების მიმართულებით, ასევე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კუთხით.

 

დეტალური ინფორმაცია საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:

ქვემოთ მოყვანილმა გარემოებებმა არაერთი კითხვა გააჩინა „ბირჟა მაფიის“ წევრების დაკავებასთან დაკავშირებით:

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ მიხეილ მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას დაკავებასა და დაპატიმრებას ჰქონდა ,,დაფარული დღის წესრიგი“ - დაესაჯათ პოლიციელის მიმართ კრიტიკული ვიდეომასალის გავრცელებისათვის. აღსანიშნავია, რომ კლიპის შინაარსი და მასში აღწერილი ფაქტები გამოხატვის თავისუფლებით სრულად არის დაცული. ამდენად, ამგვარი მიზნით ადამიანის დაკავება და დაპატიმრება ეწინააღმდეგება ეროვნულ კანონმდებლობას და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლს კონვენციის მე-5 მუხლთან კავშირში,[1] ვინაიდან ადამიანის დაკავება და დაპატიმრება ემსახურება არა დანაშაულის ჩადენის თაობაზე გონივრული ეჭვის არსებობის გამო ადამიანის სასამართლოსთვის წარდგენას, არამედ სხვა მიზნებს (ბრალდებულის დასჯას პოლიციელის მწვავე კრიტიკისათვის).

პრობლემას წარმოადგენს სასამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები „ბირჟა მაფიის“ წევრებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ:

პოლიციელთა მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულზე დაწყებული გამოძიების არაადეკვატურობა

მართალია, ცნობილი გახდა რომ დაწყებულია გამოძიება „ბირჟა მაფიის“ წევრების დაკავების კანონიერების ირგვლივ, თუმცა, პოლიციელების მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია, რომლითაც არის აღნიშნული გამოძიება დაწყებული, ამ ეტაპზე არასრულყოფილია. პროკურატურის განცხადების თანახმად, მგალობლიშვილისა და ქებურიას ჩვენების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 3691-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციას გულისხმობს. თუმცა, როგორც ბრალდებულები აცხადებენ, მათ მიმართ ასევე ადგილი ჰქონდა სამართალდამცველების მხრიდან სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რასაც არ მოიცავს აღნიშნული კვალიფიკაცია და ექვემდებარება სისხლის სამართლის კოდექსის 1443 -ე მუხლით კვალიფიკაციას (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა).

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საია მოუწოდებს:

საქართველოს პროკურატურას:

სრულყოფილად, ობიექტურად  და მიუკერძოებლად გამოიძიოს მიხეილ მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას მიმართ სავარაუდოდ განხორციელებული კანონდარღვევები და პასუხისგებაში მისცეს ყველა შესაბამისი პირი. აგრეთვე, სათანადოდ უნდა გამოიკვლიოს არსებული გარემოებები და ბრალდებულების მიმართ განხორციელებული სავარაუდო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები შეაფასოს როგორც დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, სისხლის სამართლის კოდექსის 1443 -ე მუხლის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს:

კანონმდებლობაში განხორციელდეს ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში სტრუქტურულად და შინაარსობრივად დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნას, სამართალდამცავი უწყებების თანამშრომელთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისა და დევნის განხორციელების მიზნით. აგრეთვე, გადაიხედოს ქვეყანაში არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკის დამდგენი კანონმდებლობა, რომელიც უფრო მეტად ორიენტირებული უნდა იყოს ადამიანის უფლებების დაცვაზე.

აქვე, შევახსენებთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთ მოთხოვნას, დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა სასამართლოს რეალური რეფორმის განხორციელების მიზნით.

საერთო სასამართლოებს:

სასამართლოებმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა გამოიყენონ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში და ყოველთვის უპირატესობა უნდა მიანიჭონ უფლებების ნაკლებად შემზღუდველ მექანიზმებს. სასამართლომ არ უნდა დააკმაყოფილოს პროკურორის შუამდგომლობა პატიმრობის გამოყენების თაობაზე, რომელიც არ არის სათანადოდ დასაბუთებული. სასამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები სერიოზულ ზიანს აყენებს საზოგადოების ნდობას სასამართლო ხელისუფლების მიმართ.

 


[1] ILGAR MAMMADOV v. AZERBAIJAN.

[2] Gusinsky v. Russia.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge