საიას ბაზები

იურიდიული განათლება

 FOI

 სამართლიანი თამაში

 ლექსიკონი

 ბიუჯეტი

„ეს შენ გეხება“ ახალ საკანონმდებლო წინადადებებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს აცნობს ბეჭდვა
ხუთშაბათი, 17 მაისი 2012

 

დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ კამპანიის „ეს შენ გეხება“ - ორგანიზატორმა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მრგვალი მაგიდა გამართეს, რომელზეც საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებათა პაკეტი საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს გააცნეს. მრგვალ მაგიდაზე მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი იყვნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ხელისუფლების, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების, აგრეთვე, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე საკანონმდებლო ინიციატივის ავტორებმა არსებული კანონდებლობის ხარვეზებზე ისაუბრეს და საკუთარი წინადადებები დეტალურად წარმოადგინეს, რომლებიც, მათი აზრით,  უზრუნველყოფენ  არჩევნების დღეს პროცედურების დახვეწას, წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტებისთვის მედიათანაბრობას, საკაბელო არხებით საერთო მაუწყებლების შეუფერხებელ გავრცელებას, მედია და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ქვეყანაში.

7 მაისს კამპანიის „ეს შენ გეხება“ მონაწილე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინეს ახალი საკანონმდებლო წინადადებები საქართველოს ორგანულ კანონში - „ საქართველოს საარჩევნო კოდექსსა“ და ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.

 
საია გამგებლის მოადგილის - ბესო გაზდელიანის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს ბეჭდვა
სამშაბათი, 15 მაისი 2012

 

საია ეხმაურება სხვადასხვა ტელეკომპანიის ეთერით გავრცელებულ ვიდეომასალას , სადაც ნათლად ჩანს, როგორ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას ქალაქ თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე, ბესო გაზდელიანი ორთაჭალაში შეკრებილ მოქალაქეებსა და ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის აქტივისტებს, რომლებიც აკრიტიკებდნენ ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებს თბილისში მომხდარ წყალდიდობასთან დაკავშირებით. კადრებიდან ჩანს, რომ ჩხუბის ინიცირება ხდება სწორედ ბესო გაზდელიანის მიერ.

ვიდეომასალიდან იკვეთება დანაშაულის ნიშნები. იმის გათვალისწინებით, რომ ცემის ამსახველი ვიდეომასალა გავიდა რამდენიმე ტელეკომპანიის ეთერში, კომპეტენტური საგამოძიებო ორგანოები ვალდებულნი არიან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, დაიწყონ გამოძიება.

საია განსაკუთრებით შეშფოთებულია ბესო გაზდელიანის ქმედებასთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მერიის მიერ გაკეთებული განცხადებით. მერია ძირითად აქცენტს მოქალაქეთა ქმედებაზე აკეთებს და აცხადებს, რომ მათ ,,პერსონალური შეურაცხყოფა” მიაყენეს ბესო გაზდელიანს.  ტელეკომპანიების ეთერით გავრცელებული ვიდეომასალიდან მოქალაქეთა მიერ გამგებლის მოადგილისათვის  შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი არ დასტურდება. ერთ-ერთი მოქალაქე ბესო გაზდელიანს მიმართავს შემდეგი სიტყვებით: ,,შენი პრეზიდენტი სად იყო ... ფეხბურთის საყურებლად. პანაშვიდზე უნდა ყოფილიყო ... აი, ფეხებზე რომ გკიდიათ ყველას ... ნაციონალები რომ ხართ.” აღნიშნული გამონათქვამი შეიცავს ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებების საჯარო კრიტიკას. საია თბილისის მერიას და ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილეს შეახსენებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ განაცხადა: ,,გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ ისეთი გამონათქვამი, რომელსაც საზოგადოება ნეიტრალურად აღიქვამს, არამედ ისეთი განცხადებებიც, რომლებიც შოკისმომგვრელი, ამაღელვებელი და შეურაცხმყოფელია საზოგადოებისა ან მისი განსაზღვრული ნაწილისათვის.” გამოხატვის თავისუფლების ფარგლები განსაკუთრებით დაცულია მაშინ, როცა კრიტიკის ობიექტი ხელისუფლებაა.

 

 
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება საქველმოქმედო ფონდ „ქომაგთან“ დაკავშირებით ბეჭდვა
სამშაბათი, 15 მაისი 2012

ბოლო პერიოდში მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაფუძნდა საქველმოქმედო ფონდი „ქომაგი“. გაზეთ „რეზონანსის“ 14 მაისის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში „ქართული ოცნების“ ლიდერები საუბრობენ ფონდის სამომავლო გეგმებზე, რაც იწვევს  ფონდის საქმიანობის ასოცირებას  მოძრაობა  „ქართულ ოცნებასთან“.

სტატიიდან ირკვევა, რომ ფონდი პოლიტიკური ნიშნით დაზარალებულ პირებს ფინანსურ და იურიდიულ დახმარებას გაუწევს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ფონდი დაზარალებულ მოქალაქეს გამოუყოფს ადვოკატს, აუნაზღაურებს მკურნალობის და სხვა ხარჯებს. მისცემს წართმეული სოციალური შემწეობისა და დაკარგული ხელფასის სრულ კომპენსაციას... საჭიროებიდან გამომდინარე 1500-დან 5000 ლარამდე ყოველთვიურ დახმარებას გამოუყოფს.“

საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს პოლიტიკური მიზნით, როგორც პოლიტიკური პარტიის მხრიდან პირდაპირ, ასევე, არაპირდაპირ (სხვა პირის მეშვეობით) ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზებას, დაპირებას, გადაცემას ან გაწევას, ასევე,  წინასწარი შეცნობით ასეთის მოთხოვნას ან მიღებას.“

 
საიასთან არსებული ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის განცხადება ბეჭდვა
პარასკევი, 11 მაისი 2012

 

2012 წლის 10 მაისს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მედიის ზოგიერთი წარმომადგენლის საქმიანობა უარყოფით კონტექსტში მოიხსენია. მისი თქმით "ალია" და მსგავსი გაზეთები და "მოფაშისტო ელემენტები" მათ  (ილია ჭავჭავაძე და იაკობ გოგებაშვილი) "შეჭამდნენ და შუაზე გაგლეჯდნენ". სააკაშვილის აზრით, ისინი ქადაგებენ იმას, რასაც ილია "უმეცრების ფათი ფუთს" უწოდებდა. "რა თქმა უნდა ისინი მარგინალიზებულები არიან და ვერასოდეს დაუბრუნდებიან საზოგადოების მთავარ ნაწილს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

საიასთან არსებული ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი თვლის, რომ როგორიც არ უნდა იყოს ქართული მედიის წარმომადგენლების მიერ შემუშავებული პროდუქტი მხოლოდ საზოგადოებაა უფლებამოსილი შეაფასოს ის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი საქმიანობა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან.

 

 
„რეაბილიტაციის პროცესი ფასადს მიღმა“ ბეჭდვა
პარასკევი, 11 მაისი 2012

 

დღეს საასტუმრო „რედისონში“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროექტის „ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში მომზადებული კვლევის პრეზენტაცია გამართა, სახელწოდებით „რეაბილიტაციის პროცესი ფასადს მიღმა“. საიას მიერ მომზადებული კვლევა, ოთხი კონრეტული არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირის მიერ განხორციელებულ საქმიანობას ეხება.  ქ. თბილისის მაგალითზე, ესენია: ქ. თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული - „ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდი“ და  „თბილისის განვითარების ფონდი“. ბათუმის შემთხვევაში - ქ. ბათუმის მერიის მიერ დაფუძნებული  „ქ. ბათუმის ისტორიული ნაწილის განვითარების ფონდი“, ხოლო ქუთაისის შემთხვევაში - ქ. ქუთაისის მერიის მიერ დაფუძნებული „ქალაქ ქუთაისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდი“.

კვლევის ობიექტებთან მიმართებაში საიას ინტერესის სფეროს ხუთი ძირითადი კომპონენტი წარმოადგენდა:

რა უფლებამოსილებებს ანიჭებდნენ დამფუძნებლები მათ მიერვე დაფუძნებულ ფონდებს;

მინიჭებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, რა ფინანსურ და ქონებრივ შენატანებს გადასცემდნენ;

რამდენად გამჭვირვალედ ხდებოდა სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტებიდან მიღებული ფინანსების ხარჯვა და არსებობდა თუ არა ფონდების მიერ გახარჯული ფინანსების შესახებ შესაბამისი ხელმისაწვდომი  ინფორმაცია;