GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

2025 წლის 8 აპრილს, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს 8 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლებმა  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია) დემოკრატიის დამცველის ჯილდო გადასცეს. ჯილდო საიას გადაეცა საქართველოში ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

ჯილდოს გადაცემის გადაწყვეტილება მიიღეს ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს წევრი ქვეყნების - შვედეთის, შვეიცარიის, კანადის, დანიის, მონტენეგროს, ნიდერლანდების, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობებმა.

ეს მხარდაჭერა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა იმ ფონზე, როდესაც საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების სივრცე დღითიდღე ვიწროვდება და ,,ქართული ოცნება" ავტორიტარიზმის დამკვიდრებას ცდილობს. ასეთ ვითარებაში, საერთაშორისო მხარდაჭერა საიასთვის დიდი ძალის მომცემია, რათა კიდევ უფრო გაძლიერებულმა იბრძოლოს ადამიანის უფლებების და დემოკრატიის დაცვისთვის.

დემოკრატიის დამცველის ჯილდო, რომელიც დაარსდა 2016 წელს, გადაეცემა იმ ადამიანებსა თუ ორგანიზაციებს, რომლებიც განსაკუთრებულად გამოირჩევიან დემოკრატიის პოპულარიზაციით და ადამიანის უფლებების დაცვით. ჯილდო ეფუძნება ჰელსინკის საბოლოო აქტის, პარიზის ქარტიისა და ეუთოს სხვა პრინციპებისა და ვალდებულებების სულისკვეთებას.

ჩვენ გვწამს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა და დემოკრატიის გაძლიერება საერთო ღირებულებაა, რომლისთვისაც ბრძოლა მნიშვნელოვანია. მადლობას ვუხდით თითოეულ საიელს, გულშემატკივარს, პარტნიორს და საქართველოს მოქალაქეს, ვისთვისაც ეს ღირებულებები საერთო პრიორიტეტია!