სიახლეები
დღეს, 13 ივლისს, საიამ გამართა კვლევის „ბავშვის მიმართ ძალადობა“ პრეზენტაცია. კვლევაში აღწერილია საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის ფორმები სფეროების მიხედვით: ოჯახი, სკოლა, საზოგადოება და მედიასივრცე და ქვეყანაში ბავშვის მიმართ ძალადობის გამომწვევი მიზეზები. კვლევა, ასევე, მოიცავს სახელმწიფოსთვის განკუთვნილ რეკომენდაციებს. მათ შორის, ბავშვთა დაცვის სათანადო ზომების შერჩევისა და მათი სრულფასოვანი რეაბილიტაციისთვის, აუცილებელია, რომ სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდეს შემდეგი ნაბიჯები:
- ძალადობისგან ბავშვთა დაცვის მექანიზმების სრულყოფა, ყველა შესაბამისი საკანონმდებლო აქტის პერიოდული რევიზია და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჰარმონიზაცია;
- ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევებზე სისხლისსამართლებრივი სანქციების გამკაცრება;
- პრევენციული მექანიზმების სრულყოფისთვის, აუცილებელია, დაიგეგმოს ბავშვის მიმართ ძალადობის გავლენის შესახებ მშობელთა საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიები. ასევე, საჭიროა ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის იდენტიფიცირების პირველადი ნიშნების შესახებ მშობელთა ინფორმირება, შემდგომი მოქმედებების განსაზღვრისა და განხორციელების მიზნით;
- ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტების მედიაში გაშუქება ჟურნალისტური ქარტიის მიერ დადგენილი ეთიკის ნორმების შესაბამისად, რათა თავიდან იყოს აცილებული ძალადობის მსხვერპლი ბავშვის მეორადი ვიქტიმიზაცია;
- სასწავლო პროგრამების გადახედვა ბავშვის მიმართ ძალადობისგან დაცვის შესაბამისი ინფორმაციის ასახვის, ასევე, სასკოლო პროგრამებში არსებული სტერეოტიპების აღმოფხვრის მიზნით;
- მანდატურის როლის გაძლიერება ბავშვის მიმართ სკოლაში ძალადობის პრევენციის, ასევე, ძალადობის მსხვერპლი ბავშვის იდენტიფიცირებისა და რეფერირების პროცედურებში ჩართვის მიზნით;
- პატრულებისა და უბნის ინსპექტორების როლის კიდევ უფრო გაძლიერება, მათი უნარ-ჩვევების განვითარებისათვის შესაბამისი ტრენინგების გაგრძელება, საკანონმდებლო ცვლილებებისა თუ ახალი ტენდენციების შესახებ მათი რეგულარული ინფორმირება;
- სოციალური მომსახურების სააგენტოში ფსიქოლოგის ინსტიტუტის დანერგვა და გაძლიერება, ძალადობის მსხვერპლ ბავშვთან შესაბამისი ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით.
საიამ კვლევა „ბავშვის მიმართ ძალადობა“ განახორციელა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ოჯახში ძალადობისა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა” ფარგლებში.
კვლევის პრეზენტაციას ესწრებოდნენ სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კვლევა იხილეთ ქვემოთ მიმაგრებულ დოკუმენტში:
გააზიარე: