სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ზუგდიდის საკრებულოს შუალედური არჩევნების დღის დაკვირვების შედეგები

2018-05-14 12:39
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2018 წლის 13 მაისს ზუგდიდის საკრებულოს შუალედურ არჩევნებს დააკვირდა. არჩევნები სულ სამ საარჩევნო უბანზე, ცაიშის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართა. საიას დამკვირვებლები კენჭისყრის დღის დაკვირვებას  სამივე საარჩევნო უბანზე, სტატიკურად, მთელი დღის განმავლობაში ახორციელებდნენ. დაკვირვება, ასევე,  საოლქო საარჩევნო კომისიაშიც განხორციელდა.

უნდა აღინიშნოს, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში წარიმართა და  ამომრჩეველს არჩევანის თავისუფლად გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდა. კენჭისყრის დღეს საიას დამკვირვებლებმა სულ 6 საჩივარი წარადგინეს საარჩევნო ადმინისტრაციაში, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის წევრების მიერ კომისიის წევრის მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმას უკავშირდებოდა.

ორგანიზაციის დამკვირვებლების განსაკუთრებული ყურადღება მიმართული იყო ხმის დათვლისა და შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურების ელექტრონული საშუალებით განხორციელებაზე. კერძოდ, სამივე უბანზე მოხდა ხმის მიცემისა და დათვლის სპეციალური აპარატების გამოყენება. აღნიშნული პროცედურა მიზნად ისახავდა ელექტრონული წესით ხმის დათვლის პროცესის პილოტირებას, რაც სიახლეს წარმოადგენს და, შესაძლოა, მომავალში ელექტრონულად ხმის დათვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდეს.

საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონული საშუალებით ხმის დათვლისა და შედეგების შემაჯამებელი პროცედურის დანერგვის საპილოტე პროცესს მომზადებული შეხვდა. კენჭისყრის დღეს კარგად იმუშავეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა. ამის მიუხედავად, ხმის მიცემის ახალი პროცედურების გათვალისწინებით, სხვა არჩევნებთან შედარებით, ხმის მიცემის პროცესი ნელი ტემპით წარიმართა. გარკვეული დრო დასჭირდა ამომრჩეველთა რეგისტრატორების მიერ ამომრჩევლისათვის ბიულეტენის შევსების ახალი წესის ახსნასა და სპეციალურ ჩარჩო კონვერტში ამომრჩევლის  მიერ საარჩევნო ბიულეტენის სწორად მოთავსებას.

საერთო ჯამში, ელექტრონული საშუალებით ხმის დათვლის პროცესმა წარმატებით ჩაიარა. კენჭისყრის შედეგები კენჭისყრის დასრულებიდან მალევე იყო ცნობილი, რამაც საარჩევნო უბნებზე ტრადიციულად არსებული დაძაბულობა განმუხტა.

საია მიესალმება და მხარს უჭერს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობის ეფექტურობის გაზრდისა და საარჩევნო პროცესების გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული. ორგანიზაცია მხარს უჭერს კენჭისყრის პროცედურების გამარტივებას და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას საარჩევნო უბნებზე, მათ შორის, ხმების დათვლას ელექტრონული წესით.

აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში საიას მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად პრობლემები სწორედ ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესის დროს ვლინდებოდა.[1]

უნდა აღინიშნოს, რომ ზუგდიდის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე ხმის დათვლის ელექტრონული საშუალების გამოყენების წესი და პირობები საარჩევნო კოდექსის გარდამავალი მუხლით და ცესკოს შესაბამისი დადგენილებით განისაზღვრა.[2] აღნიშნული პროცედურები განსხვავდებოდა საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული კენჭისყრის პროცედურებისგან.

მიგვაჩნია, რომ ელექტრონული საშუალების არჩევნებზე გამოყენების შემთხვევაში, უნდა დაიხვეწოს ნორმატიული ბაზა, რათა ის სრულ შესაბამისობაში მოვიდეს ელექტრონული საშუალებით საარჩევნო პროცედურების განხორციელების წესთან. გამონაკლის შემთხვევებზე გათვლილი რეგულაციების მიღებით არ უნდა ხდებოდეს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული კენჭისყრის ძირითადი პროცედურების უგულებელყოფა. აღნიშნული პროცესის წარმატებით განხორციელებისათვის, მნიშვნელოვანია ამომრჩევლის განათლება და მისი ცნობიერების ამაღლება, ასევე, საარჩევნო ბიულეტენის დიზაინის, ფორმის და შევსების წესის სხვადასხვა საჭიროების მქონე პირთა სპეციფიკაზე კარგად  მორგება.

 

დაფიქსირებული დარღვევები და გამოვლენილი ტენდენციები: 

- უფასო სამედიცინო შემოწმებები კენჭისყრის დღეს

კენჭისყრის დღეს #74 საარჩევნო უბანთან არჩევნების მიმდინარეობის პარალელურად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა ამომრჩევლებისთვის უფასო ანალიზების ჩატარება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აივ ინფექციის/შიდსზე, ტუბერკულოზსა და С ჰეპატიტზე. აღნიშნულ ფაქტს საიას დამკვირვებელიც შეესწრო. ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამაც გაავრცელა.[3]

ამ ინფორმაციის თანახმად, პროგრამა სოფელში თვეზე მეტია ხორციელდება, თუმცა არჩევნების დღეს უფასო გამოკვლევების ჩატარების მიზეზად დასახელდა ის ფაქტი, რომ ამბულატორიებში მოქალაქეები არ მიდიან და აღნიშნული შესაძლებლობით არ სარგებლობენ.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 252 მუხლის თანახმად, პარტიას ეკრძალება კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, საქართველოს მოქალაქისათვის უსასყიდლოდ საქონლის ან მომსახურების (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) მიწოდება ან გავრცელება ან საქართველოს მოქალაქის დაინტერესება მიწოდებით ან დაპირებით. აღნიშნული ქმედება ასევე ეკრძალება ნებისმიერ პირს რომელიმე პარტიის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.

ამ ფაქტის თაობაზე საიამ ინფორმაცია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიაწოდა. ვფიქრობთ, აღნიშნული საკითხით სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც უნდა დაინტერესდეს. საია აგრძელებს ფაქტის შესწავლას.

 

- აგიტაცია უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე

ზუგდიდის სამივე საარჩევნო უბნის (#73, #74 და #103 უბნების) მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერები. სამივე უბნის ეზოში, ადგილი ჰქონდა პოლიტიკური გაერთიანების „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ მიერ აგიტაციას, რა დროსაც სპეციალურად დამონტაჟებულ მონიტორებზე ხდებოდა ვიდეო მასალის სახით ხმის მიცემის პროცედურის ახსნა პარტიის კანდიდატის სასარგებლოდ. აღნიშნულის პარალელურად, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა #73 და #74 უბნების ეზოში პარტიის დროშები და სააგიტაციო მასალა განათავსეს, ხოლო „თავისუფალი საქართველოს“ მხარდამჭერებმა  ძველი ეროვნული დროშა #74 უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიტანეს.   

მოქმედი კანონმდებლობით კენჭისყრის დღეს აკრძალულია აგიტაცია მხოლოდ კენჭისყრის შენობაში. თუმცა, აგიტაცია დასაშვებია კენჭისყრის შენობის გარეთ.  კენჭისყრის შენობის გარეთ აგიტაცია პრობლემას წარმოადგენს, ვინაიდან ის შესაძლოა იყოს ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ზემოქმედების მექანიზმი. დღის წესრიგში კვლავ დგას ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირების აუცილებლობა. შესაძლებელია, როგორც კენჭისყრის დღის ე.წ. სიჩუმის დღედ გამოცხადება, რაც რიგ ქვეყნებში გარკვეულ პრაქტიკას წარმოადგენს. ასევე შესაძლებელია, რომ უბნის მიმდებარე ტერიტორიის ცნება საარჩევნო კოდექსით განისაზღვროს.[4]

 

- წილისყრის პროცედურების დარღვევები

ზუგდიდის საარჩევნო ოლქის ცაიშის თემის სამივე საარჩევნო უბანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საარჩევნო კომისიებში დანიშნულმა წევრებმა უარი განაცხადეს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრის გამოსავლენად ჩატარებულ წილისყრაში მონაწილეობაზე (ზუგდიდის 74-ე, 103-ე დ 73-ე უბნები). [5]

მიგვაჩნია, რომ კომისიის წევრების მიერ წილისყრაში მონაწილეობაზე ან წილისყრის შედეგად გამოვლენილი ფუნქციის შესრულებაზე უარი, წარმოადგენს კომისიის წევრის მოვალეობის არაჯეროვან ან ბრალეულ შეუსრულებლობას, რაც საფრთხეს უქმნის არჩევნების პროცედურების კანონის მოთხოვნების თანახმად წარმართვას.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო რამდენიმე წელია რიგი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები

მიზანმიმართულად უარს აცხადებენ კანონით განსაზღვრული საარჩევნო კომისიის წევრის მოვალეობის შესრულებაზე, რაც ერთგვარი ბოიკოტის ფორმას ატარებს. მართალია რისკების პრევენციის მიზნით საკანონმდებლო დონეზე გარკვეული ცვლილებები 2017 წელს განხორციელდა, თუმცა ფაქტია, რომ არსებული ჩანაწერი,  მოსალოდნელ რისკებს სრულად ვერ აზღვევს. რჩება შესაძლებლობას, რომ რიგი კომისიის წევრების ქმედებამ კონკრეტულ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის ჩაშლის რისკი შექმნა. ამ კუთხით მნიშვნელოვანია დისკუსიის გაგრძელება. ასევე, აღნიშნული საკითხი ადმინისტრაციის დაკომპლექტების კუთხით რეფორმის გატარების აუცილებლობაზეც მიუთითებს.

 

საია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.

 

 

 


[1] არჩევნების დღის შემდგომი პერიოდის საჩივრები, ძირითადად, საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში მთელ რიგ უზუსტობებს ეხებოდა.  კერძოდ, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს შემაჯამებელი ოქმების არაერთგვაროვანი შევსება, დისბალანსი (ნაკლებობა ან მეტობა), შესწორების ოქმების კანონმდებლობის დარღვევით შედგენა და სხვა.

[2] საარჩევნო კოდექსის 18516 მუხლი,  საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 16 აპრილის  #24/2018 დადგენილება

[3] http://www.radioatinati.ge/akhali-ambebi/article/64333-caishshi-saarchevno-ubnebthan-c-hepatitisa-da-aiv-shidsis-ufaso-analizebi-tardeba.html

[4] მიგვაჩნია, რომ კენჭისყრის დღეს უნდა იკრძალებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის შენობასა და მისგან რამდენიმე მეტრის (50-100 მეტრის) რადიუსში წინასაარჩევნო აგიტაცია და სააგიტაციო მასალის განთავსება-გავრცელება.

[5] საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის დ) და დ)1 პუნქტების თანახმად, კენჭისყრის დაწყებამდე ტარდება წილისყრის პროცედურა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის კომისიის წევრის ფუნქციების გამოსავლენად. უპირველესად საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე  კომისიის წევრთაგან  წილისყრით  გამოავლენს  გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის 2 წევრს (აუცილებლობის შემთხვევაში). თუ წილისყრით გამოვლენილი გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრი უარს განაცხადებს  მისთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, იგი კარგავს კომისიის წევრთა  სხვა ფუნქციების გასანაწილებლად  ჩასატარებელ მორიგ წილისყრაში მონაწილეობის უფლებას. აღნიშნული კომისიის წევრისთვის ფუნქციის მინიჭების საკითხს წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე