სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ჟურნალისტური ეთიკის საბჭომ ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტების წინააღმდეგ დარღვევა დაადგინა

2022-11-11 09:49
Featured image

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭომ საია-ს მიმართ ტელეკომპანია ,,იმედის“ ჟურნალისტების მიერ ეთიკის ქარტიის პრინციპების დარღვევა დაადგინა. კერძოდ:

  • ნათია თოიძემ დაარღვია ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპები;
  • ირაკლი ჩიხლაძემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.

საბჭომ მიიჩნია, რომ ჟურნალისტურ მასალას აკლია გადამოწმება და წყაროები. ფორმალური ბალანსი ვერ გადაწონის ბრალდებას, რომელმაც შეიძლება პირს/ორგანიზაციას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს.

საბჭოს პოზიციით, ჟურნალისტებმა პატივი არ სცეს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია. ჟურნალისტს შეიძლება არ ჰქონდეს ოფიციალური ინფორმაცია [თუმცა, აღნიშნულ შემთხვევაში მას ჰქონდა თანხმობა მხარისგან, რომ მიეღო დეტალური ინფორმაცია და, როგორც განმცხადებელი ამბობს, მან მიუთითა ჟურნალისტს, საიტზე სად შეეძლო თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება] და დაეყრდნოს კონფიდენციალურ წყაროს, მაგრამ ეს არ ათავისუფლებს ვალდებულებისაგან, რომ ყველა ღონე იხმაროს ინფორმაციის ღია წყაროებთან გადასამოწმებლად, ხოლო თუ ვერ ხერხდება ინფორმაციის გადამოწმება, ამის შესახებ ცალსახად უნდა აცნობოს აუდიტორიას. ამდენად, დადგინდა, რომ სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში არ ჩანდა, რომ ჟურნალისტმა დაიცვა ზემოაღნიშნული ეთიკური ვალდებულება.

საბჭოს მოსაზრებით, ტელეკომპანია „იმედზე" შეიმჩნევა არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანიის არსებობა. ტელეკომპანია იმედის სარედაქციო პოლიტიკაში მკვეთრად არის აქცენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია და მათი საქმიანი რეპუტაციის შელახვა. ეს დასტურდება ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებებით, მაგალითად გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ლევან ქათამაძე რუსა შელიას და ვაკა გორგილაძის წინააღმდეგ"; „ლევან ნატროშვილი ანუკი გუმბერიძის, ლევან ჯავახიშვილის და თეონა გეგელიას წინააღმდეგ“, „საია ნათია სონღულაშვილის წინააღმდეგ“.