სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელე სამსახურში აღდგა

2021-08-19 16:07
Featured image

საია იცავდა 2021 წლის 17 ივნისს გათავისუფლებულ საჯარო მოხელეს, რომელიც დასაქმებული იყო გურჯაანის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ინსპექტირების განყოფილებაში. მან პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის გამო, 2021 წლის 28 მაისს დაწერა განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, თუმცა 14 სამუშაო დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით მოითხოვა პირადი განცხადების განუხილველად დატოვება. მიუხედავად ამისა, მერიამ 17 ივნისს მაინც გამოსცა ბრძანება მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

2021 წლის 16 ივლისს, სამსახურიდან გათავისუფლებულმა საჯარო მოხელემ საიას დახმარებით გურჯაანის რაინულ სასამართლოს სარჩელით მიმართა და მოითხოვა დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდური თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება და დისკრიმინაციული მოპყრობის გამო მორალური ზიანის ანაზღაურება. ასევე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საია მოითხოვდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ამ პოზიციაზე სხვა პირის უვადოდ დანიშვნის აკრძალვა. გურჯაანის სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნა. 

სარჩელის წარმოებაში მიღების შემდგომ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ საკუთარი ინიციატივით ბათილად ცნო სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება და სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელე აღადგინა იმავე პოზიციაზე, რომელიც გათავისუფლებამდე ეკავა. ასევე, აუნაზღაურა განაცდური ხელფასი და შეუნარჩუნა გათავისუფლებამდე მინიჭებული საკლასო ჩინი.