სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერით წამების ამსახველი კადრების გაშუქებასთან დაკავშირებით

2015-10-28 12:57
Featured image

 ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში რამდენიმე დღეა გადის წამების ამსახველი ვიდეო მასალა. აღნიშნული ვიდეომასალა ტელეკომპანიის ეთერში განთავსებულია რეკლამის ფორმატში, პერიოდული განმეორებითი ჩვენების სახით, იმ ფორმით, რაც შესაძლებელს ხდის წამების მსხვერპლების იდენტიფიცირებას.

მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია მედიის მხრიდან აღნიშნული კადრების ზემოაღნიშნული ფორმით ჩვენება, ვინაიდან ეს არღვევს მსხვერპლების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას და შესაძლოა მძიმე ფსიქოლოგიური შედეგის მომტანი იყოს როგორც თავად მსხვერპლების, ასევე მათი ოჯახის წევრებისა და ფართო საზოგადოებისათვის. ამასთან, კადრები შეიძლება იოლად ხელმისაწვდომი გახდეს არასრულწლოვანთათვის. ვფიქრობთ, საზოგადოების ყურადღების მიპყრობა წამების დანაშაულებისათვის დაუსჯელობის პრობლემის მიმართ შესაძლებელია და უნდა მოხდეს მედია ეთიკისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემით.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი პირდაპირ უკრძალავს მაუწყებელს ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი მასალის გავრცელებას, რომელიც შეიცავს უხამსობას. აღნიშნულით ტელეკომპანია „ობიექტივი“ არღვევს მაუწყებლის ეთიკის წესებს. მიუხედავად იმისა, თუ დღის რომელ მონაკვეთში ვრცელდება აღნიშნული ინფორმაცია, მაუწყებელი ვალდებულია დაიცვას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, მავნე და შეურაცხმყოფელი მასალისაგან საზოგადოების დაცვის, დანაშაულისა და ანტისოციალური ქმედების გაშუქებისთვის დადგენილი პრინციპები. მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მათ შორის, დაზარალებულთა და შესაძლო დამნაშავეთა და მათი ოჯახის წევრების კანონიერი ინტერესების დაცვა.

ამასთან, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს წამების ფაქტების ეფექტური გამოძიება, ყველა დამნაშავე პირის იდენტიფიცირება და პასუხისგებაში მიცემა. სახელმწიფო ვალდებულია, გამოიძიოს სრული სიმართლე წამების ფაქტებთან დაკავშირებით, ხოლო საზოგადოებას აქვს უფლება, მიიღოს ობიექტური, მიუკერძოებელი და სრული ინფორმაცია სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული ვალდებულების შესრულების შესახებ.

აღნიშნული კადრები წარმოადგენს მნიშნველოვან მტკიცებულებას ამგვარი გამოძიების მიზნებისათვის; მათ ასევე აქვთ საზოგადოებრივი ღირებულება და შესაძლოა,  ისინი შენახულ იქნეს და ხელმისაწვდომი გახდეს საზოგადოებისათვის მკაცრად განსაზღვრული მიზნებისათვის და იმგვარი ფორმით, რაც შეუძლებელს გახდის მსხვერპლთა იდენტიფიცირებას, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მათთვის, ვისაც შეუძლია წინასწარი თანხმობა განაცხადოს აღნიშნული კადრების ნახვაზე (რაც ავტომატურად გამორიცხას არასრულწლოვანთათვის მათ ხელმისაწვდომობას), და რაც მოემსახურება საზოგადოების ინფორმირების და დანაშაულის განმეორების პრევენციას; აღნიშნული მიზნები მკაცრად გამორიცხავს ამ კადრების გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისათვის, ძალადობის ან სხვაგვარი დანაშაულისაკენ მოწოდების ან მისი წახალისებისათვის.