GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

25 დეკემბერი, 2019

დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გიორგი გოცირიძის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი სარჩელი წარადგინა. დავის საგანია  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1502-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები - „პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი“ იმ ნორმატიული შინაარსით, რომელიც გამორიცხავს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მესაკუთრის მიერ ან მესაკუთრის თანხმობით პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების სპონტანური აქციის ფარგლებში ხანმოკლე ვადით, დროებითი განთავსების შესაძლებლობას ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტების პირველი წინადადების მიხედვით დაცულია აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება. ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს გამოხატვის თავისუფლების უფლებაში ჩარევის ამოწურვად საფუძვლებს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შინაარსის ნორმა (150-ე მუხლი), რომელიც სხვა თვითმმართველი ერთეულების შემთხვევებს არეგულირებდა, საკონსტიტუციო სასამართლომ საიას სარჩელის საფუძველზე 2019 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმეზე „ბესიკ ქათამაძე, დავით მჟავანაძე და ილია მალაზონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) უკვე არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ კერძო საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე ვიზუალური საშუალებების განთავსებით გამოხატვის თავისუფლების საპირწონე ვერ იქნებოდა ამა თუ იმ შენობა-ნაგებობისა და მუნიციპალიტეტის იერსახის ხანმოკლე და დროებითი სახეცვლილება. შესაბამისად, სადავო ნორმა არათანაზომიერად ზღუდავდა გამოხატვის თავისუფლებას. 

მოცემულ შემთხვევაშიც ვინაიდან სადავო ნორმა სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად იწვევს იგივე კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას, შეიცავს უფლების მზღუდავ მსგავს სამართლებრივ საშუალებებს და იდენტურ სამართლებრივ შედეგს იწვევს. ამასთან, არ არსებობს სხვა ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოებები, რომლები სადავო ნორმის ხელახალი შეფასების საფუძველს/წინაპირობას შექმნიდა აღნიშნული ნორმა ე.წ დამძლევი ნორმის ინსტიტუტის გამოყენებით არსებითი განხილვის გარეშე, განჩინებით არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამ საქმეს  USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებს.

 

სხვა სიახლეები