სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

„თბილისერვის ჯგუფმა“ 3,000,000 ლარის ღირებულების საახალწლო დეკორაციების შესყიდვა გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვით არ უნდა განახორციელოს

2017-09-25 16:53
Featured image

ა.წ. 22 სექტემბერს, შპს „თბილისერვის ჯგუფმა“  წერილობითი თხოვნით მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის თაობაზე (სამი მილონი ლარის ფარგლებში). აღნიშნულის მიზეზად კი, კომპანიამ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეუფერხებლად ჩატარება მიუთითა.

მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ და საქართველოს მთავრობამ შპს „თბილისერვის ჯგუფს“ არ უნდა მისცეს გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების თაობაზე თანხმობა შემდეგ გარემოებათა გამო:

- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი ითვალისწინებს სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის ვალდებულებას. ასევე, სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას. „თბილისერვის ჯგუფისათვის“ გამარტივებული სახელმწიფო შეყიდვის თაობაზე თანხმობის გაცემით კი, დაირღვევა კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნები;

- „თბილისერვის ჯგუფის“ ა.წ. 22 სექტემბრის კორესპონდნეციიდან არ ირკვევა, თუ რატომ დასჭირდა შპს-ს გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის განხორცილება და არა ელექტრონული ტენდერი მაშინ, როდესაც თბილისში, 2017-2018 წლების საახალწლო ღონისძიებებისა და დედაქალაქის ილუმინაციებითა და აქსესუარებით მაღალმხატვრულ დონეზე გაფორმების კომისია ჯერ კიდევ 2017 წლის 16 ივნისს შეიქმნა;

- ოფიციალური ინფორმაციით, კომპანიამ გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის თაობაზე განცხადებით სააგენტოს ა.წ. 22 სექტემბერს მიმართა. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სააგენტომ გადაწყვეტილება არაუგვიანეს ა.წ. 27 სექტემბერს უნდა მიიღოს. სააგენტოს მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში საჭიროა ასევე თანხმობის მიღება საქართველოს მთავრობიდან. კომპანიისათვის ამ ეტაპზე უცნობი უნდა იყოს თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააგენტო ისევე, როგორც მთავრობა. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შესყიდვაზე თანხმობების გაცემის შემთხვევაშიც კი, ეს პროცესი შესაძლოა შეუფერხებლად და შეზღუდულ ვადებში ვერ განხორციელდეს, როგორც აღნიშნულის შესახებ კომპანია მიუთითებს. 

საია მიიჩნევს, რომ აუცილებელად უნდა შეწყდეს  არსებული პრაქტიკა, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაციები გამარტივებულ შესყიდვებს ახორციელებენ ისეთი ღონისძიებებისთვის,  რომელთა თარიღები წინასწარ, დიდი ხნით ადრე არის ცნობილი. სახელმწიფო შესყიდვების ნორმალური დაგეგმვისა და კვალიფიციური სატენდერო დოკუმენტაციის პირობებში, ასეთი შესყიდვების ელექტრონულად განხორციელება შესაძლებლობას იძლევა შეიქმნას კონკურენტული გარემო, დაიზოგოს საბიუჯეტო სახსრები და შემცირდეს კორუფციული რისკები. შესაბამისად, ასეთ დროს მინიმუმადე მცირდება ალბათობა, რომ მიმწოდებელ კომპანიად რომელიმე ფავორიტი კომპანია იქნეს შერჩეული.

მოვუწოდებთ შპს „თბილსერვის ჯგუფს“, რომ აღნიშნული შესყიდვა ელექტრონული ტენდერით განახორციელოს. თავის მხრივ კი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ და საქართველოს მთავრობამ, შპს „თბილისერვის ჯგუფს“ არ უნდა მისცენ გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების თაობაზე თანხმობა.