სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სისხლის სამართლის რეფორმის საქართველოს ალიანსი: სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა გარდაცვალების ფაქტებზე აუცილებელია შესაბამისი რეაგირება

2014-03-25 11:26
Featured image

გავრცელებული ინფორმაციით 2014 წლის 23 მარტს, დაახლოებით 8:10 საათზე, სასჯელაღსრულების N14 (გეგუთის) დაწესებულებაში 1988 წელს დაბადებული მსჯავრდებული ა.მ. გარდაიცვალა. სიკვდილის გამომწვევი მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, თუმცა წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით მსჯავრდებულმა თავი მოიკლა. 

 
ბოლო პერიოდში გეგუთის დაწესებულებაში პატიმართა გარდაცვალების ფაქტების გახშირება შეშფოთებას იწვევს.  სამწუხაროდ, ეს არის აღნიშნულ დაწესებულებაში მარტის თვეში პატიმრის გარდაცვალების მეორე შემთხვევა. შეგახსენებთ, რომ გეგუთის #14 დაწესებულებაში მიმდინარე წლის 4 მარტს დაფიქსირდა პატიმრის, სავარაუდოდ, ძალადობრივი სიკვდილის ფაქტი. თავდაპირველი ინფორმაციით, გარდაცვლილ პატიმარს მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული, მათ შორის თავისა და ყელის არეში. 
 
„სისხლის სამართლის რეფორმის საქართველოს ალიანსი“ სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრებს და აღნიშნავს, რომ აუცილებელია აღნიშნულ ფაქტზე ჩატარდეს ეფექტიანი გამოძიება, რათა დადგინდეს პატიმრის გარდაცვალების მიზეზები.
 
ალიანსი მოუწოდებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს აღნიშნულ დაწესებულებაში გაატარონ პრევენციული ღონისძიებები სხვადასხვა მიზეზით პატიმართა სიკვდილიანობის თავიდან ასაცილებლად. 
 
,,სისხლის სამართლის რეფორმის ალიანსი“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სთავაზობს შეხვედრას აღნიშნული კოალიციის წევრებთან, რათა მოხდეს მსჯელობა იმ პრობლემების თაობაზე, რომელიც ასეთ მძიმე შედეგებს იწვევს სასჯელაღსრულების #14 დაწესებულებაში, სისტემური პრობლემების ჩათვლით. ალიანსი დაინტერესებულია გაეცნოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ ვითარებას პატიმართა უსაფრთხოების კუთხით, ასევე სუიციდების პრევენციის თვალსაზრისით გატარებულ ღონისძიებებს. 
 
ხელმომწერი ორგანიზაციები:
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 
,,ციხის საერთაშორისო რეფორმა“ 
,,ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“
წამების მსხვერპლთა სამედიცინო და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი“ (GCRT)
,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი“
,,დემოკრატიის ინსტიტუტი“
,,ახალგაზრდა ადვოკატები'' 
გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი (GIP)
,,საზოგადოებრივი დამცველი“
სამოქალაქო ცნობიერების განვითარების  ცენტრი
ასოციაცია ,,ქალი და ბიზნესი“
საქართველოს პროფესიონალ ფსიქოლოგთა ასოციაცია
,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“
 
ალიანსი შეიქმნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული  პროექტის ,,სისხლის სამართლის რეფორმების ხელშეწყობა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მეშვეობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“.