სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

შსს–მ საჯარო მოხელეთა განთავისუფლების სტატისტიკა არ გასცა

2017-02-02 11:51
Featured image

საიას განცხადების პასუხად, შსს–დან 2017 წლის 26 იანვარს მივიღეთ #206434 კორესპონდენცია, რომლის თანახმად სამინისტრომ განაცხადა: „შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ერთიან საინფორმაციო ბაზაში ინფორმაცია მოთხოვნის შესაბამისი სახით დაცული არ არის, ხოლო არსებულის დამუშავება მოითხოვს დიდ რესურსს და დროს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე ცვლილებების ფონზე ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს არ გააჩნია.“

2017 წლის 10 იანვარის ოფიციალური წერილით საია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოსგან შემდეგი სახის საჯარო ინფორმაციას ითხოვდა:

ა) 2016 წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში საჯარო მოხელეთა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა;

 ბ) 2016 წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროდან გათავისუფლებულ საჯარო მოხელეთა და შრომითი ხელშკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა; (თვეების მიხედვით)

გ) 2016 წლის განმავლობაში სამსახურიდან გათავისუფლების თითოეულ საფუძველთან მიმართებით გათავისუფლებულ საჯარო მოხელეთა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარმოდგენილი პასუხით დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე, 37-ე და მე-40 მუხლით საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის დადგენილი მოთხოვნები, რადგან სამინისტროს მიერ მითითებული მიზეზი, ინფორმაციის დასამუშავებლად სათანადო რესურსების არარსებობა, არ არის საჯარო ინფორაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის თანახმად: „საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.“

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად: „ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს  საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში.“

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 40-ე მუხლის თანახმად:

„საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს:

ა) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას.“

ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას;

გ) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას.“

საია შეშფოფებულია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მნიშვნელოვნად გააუარესა საჯარო ინფორმაციის გაცემის ხარისხი,  კერძოდ: სამინისტრომ იმავე საკითხზე (2015 წლის მონაცემები), მოთხოვნილი ინფორმაცია შარშანდელისგან განსხვავებით, წელს აღარ მოგვაწოდა.

საია აპირებს სასამართლოს მიმართოს მოთხოვნით, რათა შსს–ს დაეკისროს ზემოთხსენებული ინფორმაციის გაცემის ვალდებულება.