სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სენაკში დანიშნული შუალედური არჩევნების საკითხს დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს

2022-08-19 10:59
Featured image

დღეს, 16:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში საიას საქმის განხილვა დაიწყება, რომელიც სენაკში დანიშნული შუალედური არჩევნების საკითხს შეეხება. 

საია სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს 2022 წლის 16 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც სენაკის N64.04 მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ ცესკოს 12 აგვისტოს განკარგულება ძალაში დარჩა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ, ირინა გოგოლაძემ სასარჩელო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ სენაკის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საქართველოს მთავრობას არ აქვს გამოცემული შესაბამისი დადგენილება.

საია არ ეთანხმება მოსამართლის გადწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ იმის მიუხედავად, გამოცემულია თუ არა მთავრობის დადგენილება, სენაკის საკრებულოს 17 ივნისიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის საფუძველზე, უფლებამოსილება ფაქტობრივად შეწყვეტილი აქვს, რადგან ის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეკრებილა. ეს კი რიგგარეშე არჩევნების ჩატარების უპირობო საფუძველს ქმნის. არალეგიტიმურ საკრებულოში 1 წევრის გადარჩევა წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებამოსილებას ვერ აღადგენს, ხოლო ასეთი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილების კანონიერება კითხვისნიშნის ქვეშ დადგება. 

აღსანიშნავია, რომ სარჩელში საია მხოლოდ და მხოლოდ 12 აგვისტოს განკარგულების ბათილობას ითხოვდა ზემოხსენებული საფუძვლებით და არა - შუალედური არჩევნების ნაცვლად, ცესკოს მიერ, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას, რაც არასწორად გაჟღერდა მედიაში. ორგანიზაცია განმარტავს, რომ შუალედური არჩევნებისაგან განსხვავებით, საკრებულოს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, საქართველოს კანონმდებლობით, პრეზიდენტის უფლებამოსილებაა და ის საჭიროებს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას.