სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართვა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ბატონ გოგა ხაჩიძეს გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით

2009-06-04 20:00
Featured image


კაცობრიობის განვითარების თანამედროვე ეტაპზე გარემოს დეგრადაციის ტემპმა არნახულ მასშტაბებს მიაღწია. გაერო-ს შეფასებით, გარემოს დეგრადაცია ერთ-ერთი მთავარია იმ ფაქტორებს შორის, რომელიც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობას. ამდენად, გაერო-მ ათასწლეულის განვითარების მიზნად გლობალური ეკოსისტემისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება დაისახა და ეს ძირეულად დაუკავშირა დემოკრატიის განვითარებას, სიღარიბის დაძლევასა და ადამიანთა კეთილდღეობის შენარჩუნებას. პროგრესულმა საზოგადოებამ, გაისიგრძეგანა რა არსებული საფრთხეები, 21-ე საუკუნეში უდიდესი მნიშვნელობა მიანიჭა გარემოს დაცვას.

აღნიშნულის საპირისპიროდ, უკანასკნელ წლებში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ყველა ქმედება მიმართული იყო მხოლოდ ბუნებრივი რესურსების ეკონომიკურ ბრუნვაში მაქსიმალურ ჩართვაზე. ამის გამო, ნებსით თუ უნებლიეთ, სამინისტრო არასრულფასოვნად ახორციელებდა სხვა ფუნქციებს; საკუთარი წარმატების საზომად, განიხილებოდა არა წყლისა და ჰაერის გაუმჯობესებული ხარისხი, ანდა შენარჩუნებული ბიომრავალფეროვნება, არამედ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის უფლების გაყიდვის გზით, ბიუჯეტში შესული თანხა. სამინისტროს ძირითადი ფუნქცია – გარემოს დაცვა და მისი მდგრადი გამოყენების მექანიზმების შემუშავება, მივიწყებას მიეცა. სამეწარმეო საქმიანობისათვის ხელშეწყობის საბაბით, ხშირად უხეშად ირღვეოდა გარემოსდაცვითი კანონმდებლობა. ქვეყანაში დაგროვდა უამრავი გარემოსდაცვითი პრობლემა, როგორებიცაა ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურება, ტყისა და სხვა ეკოსისტემების დეგრადაცია, სახეობათა შემცირება და სხვა. უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მძიმე შედეგებს გამოიღებს წესად ქცეული გარემოს დაცვის პრინციპების უგულვებელყოფა, რაც არღვევს ჯანსაღ გარემოში მოქალაქეთა ცხოვრების უფლებას და საფრთხეს უქმნის მომავალ თაობებსაც.   

ბუნებრივი რესურსებით ლიცენზირების უფლებამოსილების ეკონომიკური განვითარების სამინისტროში გადატანას, სამწუხაროდ, დღემდე არ მოჰყოლია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პრიორიტეტების ძირეული ცვლილება, მართვის გარემოსდაცვითი მექანიზმების გაუმჯობესება და გაძლიერება. არ არის გასაკვირი, რომ ასეთ ვითარებაში გარემოს დაცვა გაიგივებულია ხეების დარგვისა და საყოფაცხოვრებო ნაგვის შეგროვების ერთჯერად აქციებთან; გარემოს დაცვა კვლავ რჩება სახელმწიფოსთვის არაპრიორიტეტულ სფეროდ, ხოლო სამინისტრო – მეორეხარისხოვან, პოლიტიკურად უმნიშვნელო უწყებად.

არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ უკანასკნელ თვეებში გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ ცალკეულ სფეროებში შეინიშნება დადებითი ძვრები. თუმცა, სამწუხაროდ, მთავრობის ქმედებები, ძირითადად, ჯერ კიდევ მიმართულია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოქმედ ლიცენზიებსა და ნებართვებთან დაკავშირებულ დარღვევებზე თვალის დახუჭვასა და ახლების გასაცემად ისეთი მექანიზმების ძიებაზე, რომლებიც ნაკლებ „ხმაურს“ გამოიწვევენ მოსახლეობაში. უახლოეს წარსულში ქვეყნის მსხვილ სამრეწველო დამაბინძურებლებზე გარემოზე ზემოქმედების ნებართვების გაცემის გადაწყვეტილებებს, ძნელია მოეძებნოს სხვა დეფინიცია, თუ არა სამარცხვინო.

არსებული ვითარების გამოსწორების მიზნით, აუცილებლად მიგვაჩნია, უახლოეს პერიოდში განხორციელდეს, სულ მცირე, შემდეგი ქმედებები:

•    გარემოს დაცვა ქვეყნის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად უნდა დაისახოს და განისაზღვროს ამ პრიორიტეტის უზრუნველყოფის, მათ შორის, სხვა სექტორებში ინტეგრაციის  მექანიზმები;
•    აღდგეს საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის უზრუნველყოფის მექანიზმები იმ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე;
•    საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილ უნდა იქნეს შესაბამისი ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სალიცენზიო პირობების დადგენაში, ლიცენზიების გაცემასა და მათი შესრულების კონტროლში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ადექვატურ და დროულ მონაწილეობას;
•    დაიხვეწოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის პროცედურა; გადაისინჯოს სახელმწიფოს მიერ რეგულირებადი იმ საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებიც მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას ახდენენ გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე;
•    დაიხვეწოს ლიცენზიებითა და ნებართვებით განსაზღვრული გარემოსდაცვითი ვალდებულებები და გამკაცრდეს მათ შესრულებაზე კონტროლი.
   
დარწმუნებული ვართ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების შესრულების მზაობის შესახებ განცხადება იქნება გარემოს დაცვის დღის - 5 ივნისის, აღნიშვნის საუკეთესო გზა, ხოლო ჩამოთვლილი პუნქტების შესრულება, გახდება ჩვენი ქვეყნის უნიკალური ბუნების შენარჩუნებისა და მისი რესურსების მდგრადი გამოყენების მყარი გარანტი.

1.    მანანა ქოჩლაძე – მწვანე ალტერნატივა (თბილისი)
2.    ხვიჩა ვაშაყმაძე – ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი (ქუთაისი)
3.    ნანული რამიშვილი – პედაგოგთა კავშირი "განათლება და სამყარო" (ქუთაისი)
4.    თეა ჩიტაძე – ბიომეურნეობათა ასოციაცია "ელკანა", ახალციხის ფილიალი (ახალციხე)
5.    ია გურჩიანი – "ახალგაზრდა კონსერვაცინიოსტთა ჯგუფი"
6.    ზაზა ბოჭორიშვილი – სათემო კავშირი "სადმელი" (ამბროლაური)
7.    მანანა ბოჭორიშვილი – ასოციაცია "ზეკარი"(ამბროლაური)
8.    ბაკურ  ონიანი – კავშირი "სინაპსი" (ლენტეხი)
9.    ციალა კევლიშვილი – "თავისუფალი აზრის სახლი" (თბილისი)
10.    გულიკო შოშიტაშვილი – "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია" (თეთრი წყარო)
11.    თამარ უჩიძე – ჟურნალისტი (ახალციხე)
12.    თამარ თოთაძე – ჟურნალისტი (ახალციხე)
13.    ირაკლი აბსანძე – "ნაბადის სამეზობლო განვითარების ასოციაცია" (ფოთი)
14.    მარიკა ვაჭარაძე – "ჟურნალისტთა დამოუკიდებელი კავშირი" (ქუთაისი)
15.    იასე ჯიქია – ასოციაცია "დეა" (ზუგდიდი)
16.    ზურაბ კარბელაშვილი – ბიომეურნეობათა ასოციაცია "ელკანა", (თბილისი)
17.    მანუჩარ კუბლაშვილი – იმერეთის რეგიონის ახალგაზრდული სამეცნიერო ასოციაცია "ასა" (ქუთაისი)
18.    ირმა ზოიძე – "თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი" (ბათუმი)
19.    ირინა გურჩიანი – ფონდი "კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის" მესტიის რესურს–ცენტრი
20.    ზაურ ჩართოლანი – კავშირი "სვანეთის ტურიზმის ცენტრი" (მესტია)
21.    ნინო ზანგურიძე – ასოციაცია "ბეთლემი" (გორი)
22.    მანანა გრძელიშვილი – კავშირი "ეკომედექსპრესი"
23.    თამარ ხიდაშელი - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია