სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აქცია „არ აწამო!“

2011-06-27 13:37
Featured image

26 ივნისს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ტრადიციულად აღნიშნა წამების წინააღმდეგ საერთაშორისო დღე. ამ დღესთან დაკავშირებით საიამ აქციები გამართა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში დროებითი მოთავსების იზოლატორების შენობებთან.

26 ივნისს 14:00 საათზე აქციები ერთდროულად დაიწყო თითქმის ყველა ქალაქში, სადაც საიას ოფისებია განთავსებული, კერძოდ: თბილისში, რუსთავში, გორში, აჭარაში, ქუთაისსა და ოზურგეთში.

თბილიში აქცია გაიმართა დიღომში, #2 დროებითი მოთავსების იზოლატორთან.

აქციაში მონაწილეობა მიიღე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის  თანამშრომლებმა, მოხალისეებმა, სტუდენტებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა.

აქციის მონაწილეებმა #2 დროებითი მოთავსების იზოლატორის შენობის წინ გააბეს ყვითელი ლენტი წარწერით „არ აწამო!“. საიას რეგიონული ოფისების თანამშრომლებმა იგივე განახორციელეს რეგიონებში განთავსებულ იზოლატორებთან. მონაწილეებს ეცვათ მაისურები აქციის მთავარი სლოგანით „არ აწამო!“, „არ გაჩუმდე!“ „არ დაფარო“, „არ შეეგუო“ „გამოიძიე!“

აქციის მეშვეობით საიამ აღნიშნა წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღე და ყურადღება გაამახვილა შემდეგ გზავნილებზე: ადმინისტრაციული პატიმრობის არსებობა მოქმედი ფორმით და მისი მოხდა დროებითი მოთავსების იზოლატორებში მიუღებელია, რადგან, როგორც წესი, ეს უთანაბრდება წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას; საიამ მოუწოდა წამების ან/და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლებს, ხმა აიმაღლონ წამების წინააღმდეგ; საიამ მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს, ეფექტურად და მიუკერძოებლად გამოიძიონ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები.