სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საყდრისი-ყაჩაღიანის თაობაზე კულტურის სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება

2014-03-14 05:24
Featured image
14 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ „RMG Gold”-ისთვის საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე  წიაღისეულის მოპოვების მიზნით გაცემულ ნებართვას გამოეხმაურა და სამინისტროს მიერ მიღებულ აღნიშნულ გადაწყვეტილება უარყოფითად შეაფასა.
 
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ დღეს, 14 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ მითითებული გადაწყვეტილება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად იქნა მიღებული, რომელმაც დაადგინა, რომ საყდრისი-ყაჩაღიანი უძველესი ოქროს მაღარო არ არის. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრე მარგიშვილმა განაცხადა: "არ გვაქვს უფლება მითებზე დაყრდნობით 3000 ოჯახს პრობლემა შევუქმნათ. დასკვნა გაგზავნილია ინვესტორთან, გადაწყვეტილება მიღებულია და ის არ შეიცვლება."
 
საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია, კონკრეტულად რომელი კვლევით იხელმძღვანელა სამინისტრომ გადაწყვეტილების მიღების დროს. უცნობია კვლევის შინაარსიც. 
როგორც ირკვევა, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია საერთაშორისო ექპერტთა დასკვნის არარსებობის პირობებში, მაშინ როდესაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი იზიარებდა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს რეკომენდაციას საყდრისი-ყაჩაღიანის შესახებ საერთაშორისო ექპსერტთა დასკვნის აუცილებლობის თაობაზე. აღნიშნული რეკომენდაციის გაზიარებას მხარს უჭერდა  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც. ამ დროისათვის სრულიად გაუგებარია, თუ რამ გამოწვია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პოზიციის ცვლილება. გადაწყვეტილების დაჩქარებულად მიღება სამინისტროს  ობიექტურობასთან დაკავშირებით მთელ რიგ კითხვებს აჩენს. 
 
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო მასშტაბის ექსერტებსა და სპეციალისტებს ექნებათ საშუალება მონიტორინგი განახორციელონ იმ სამუშაოებზე, რომელსაც კომპანია უახლოეს პერიოდში განახორციელებს. გაუგებარია, თუ როგორ ჩატარდება და რამდენად ეფექტური იქნება აღნიშნული მონიტორინგი იმ პირობებში, როდესაც კომპანიას უფლება ეძლევა აწარმოოს ფართომასშტაბიანი სამუშაოები. ვფიქრობთ, რომ სამინისტროს მხრიდან ობიექტური გადაწყვეტილების მიღება უნდა დაფუძნებულიყო წინასწარ ჩატარებული საერთაშორისო ექსპერტიზის დასკვნას, რომელსაც ვერ ჩაანაცვლებს უშუალოდ ოქროს მოპოვების პროცესში განხორცილებული მონიტორინგი.