სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2011 წლის 26 აპრილის კომენტარს ეხმაურება

2011-04-27 13:25
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაკეთებულ კომენტარს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქმეზე _ ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ და მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ აუცილებლად უნდა მოხდეს აღნიშნული გადაწყვეტილების ადეკვატურად შეფასება და გათვალისწინება.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განმარტებით, ის ფაქტი, რომ ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა ევროპის კონვენციის მე-3 (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა), მე-6 (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და მე-13 (ეფექტური შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ხელმისაწვდომობის უფლება) მუხლების დარღვევა, არ აკნინებს აღნიშნული გადაწყვეტილების მნიშვნელობას.

ევროპის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა ამ საქმისათვის ყველაზე არსებითი _ კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) დარღვევა. სასამართლომ მიიჩნია, რომ სანდრო გირგვლიანის გატაცებისა და გარდაცვალების ფაქტზე არ იყო ჩატარებული დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ობიექტური და სრულყოფილი გამოძიება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევის ფარგლებში, ევროპულმა სასამართლომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და . თბილისის პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების ხარვეზებთან ერთად, იმსჯელა ეროვნული სასამართლოების მიერ საქმის განხილვის დროს დაშვებულ დარღვევებზეც. სწორედ ამიტომ, სასამართლომ საჭიროდ არ მიიჩნია კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ცალკე განხილვა.

ევროპის სასამართლომ აგრეთვე საჭიროდ არ მიიჩნია კონვენციის მე-3 (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა) და მე-13 (ეფექტური შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ხელმისაწვდომობის უფლება) მუხლების ცალკე განხილვა კვლავ იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული მუხლების ფარგლებში დასმულ საკითხებზე სასამართლომ ისედაც იმსჯელა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევის განხილვის დროს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნავს, რომ მსგავსი მიდგომა ევროპის სასამართლოს პრაქტიკისათვის გამონაკლისი არ არის.

ამასთან, წინამდებარე გადაწყვეტილებაში ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) არსებითი დარღვევის საკითხზეარის თუ არა სახელმწიფო პასუხისმგებელი . გირგვლიანის მკვლელობაზე _ ევროპის სასამართლოს შვიდი მოსამართლის აზრი გაიყო. ოთხმა მოსამართლემ (ტულკენსი, ზაგრებელსკი, შაიო, ად ჰოც/დროებით მივლინებული მოსამართლე/ ადეიშვილი) ჩათვალა, რომ . გირგვლიანის მკვლელობა სახელმწიფოს არ შეერაცხება; ხოლო, სამმა მათგანმა (ბარეტო, პოპოვიჩი, იოჩიენე) აღნიშნული საკითხი დადებითად გადაწყვიტა და სასამართლოს გადაწყვეტილებაზე თანდართულ განსხვავებულ აზრში კონკრეტულად ჩამოთვალა ის გარემოებები, რომელზე დაყრდნობითაც, მათი აზრით, მტკიცდება . გირგვლიანის გატაცებისა და გარდაცვალების დანაშაულში სახელმწიფოს სავარაუდო მონაწილეობა.

ევროპის სასამართლომ, ასევე, დარღვეულად მიიჩნია კონვენციის 38- მუხლი, ევროპის სასამართლოსთან საქართველოს მთავრობის არასათანადო თანამშრომლობის გამო, ვინაიდან საქართველოს მთავრობამ, არაერთი დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, ევროსასამართლოს ერთი წლის დაგვიანებით ნაწილობრივ არასრულად წარუდგინა მოთხოვნილი ინფორმაცია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ევროპის  სასამართლოს 2011 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების მნიშვნელობას და მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ყველა შესაბამისი ორგანოს მიერ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სასამართლოს მითითებები, რათა მსგავსი საქმეების ეროვნულ დონეზე გამოძიებისას, მომავალში მაინც სათანადოდ იქნეს უზრუნველყოფილი ადამიანის ფუნდამენტური უფლებები.