სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება

2013-06-03 06:10
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები სოფელ დიცში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას და სამართალდამცავებს შეხვდნენ. როგორც ცნობილია, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზიდან სოფლის მიმართულებით დაახლოებით 300 მეტრში ბოძების ჩასმა დაიწყეს.  

საბედნიეროდ, ამ ეტაპზე პროცესი შეჩერებულია, თუმცა, არსებობს საშიშროება, რომ თუკი რუსი სამხედროები აღნიშნულ მოქმედებებს გააგრძელებენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცევა სოფელი დიცის რამდენიმე მოსახლის საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, ხეხილის ბაღები და სასაფლაო, რასაც ამ ადამიანების საცხოვრებელი ადგილიდან იძულებით გამოდევნა, საკუთრების და პირადი თუ ოჯახური ცხოვრების უფლების შელახვა მოჰყვება. 

საია ასევე შეხვდა სოფელ დიცსა და სოფელ ქვეშეში რუსი თუ ოსი სამხედროების მიერ უკანონოდ დაკავებული პირების ოჯახის წევრებს, რომლებიც დღემდე ცხინვალში, პატიმრობაში რჩებიან. სამწუხაროდ, ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი თუ ოსი შეიარაღებული პირების მიერ ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავების ფაქტები საკმაოდ ხშირია. სოფელ დიცის მოსახლეობის განცხადებით, 2008 წლის ომის შემდგომ, საოკუპაციო ხაზის გადმოწევამდეც ხშირი იყო მათ კუთვნილ მიწის ნაკვეთებში რუსი სამხედროების ,,შემოვლა". ფაქტია, რომ არაფრით არის გარანტირებული ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოება. ოკუპირებული ტერიტორიების მიჯნაზე მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც სასოფლო სამეურნეო თუ სხვა სახის საქმიანობას ეწევიან, სიცოცხლის, ჯანმრთელობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, საკუთრების თუ სხვა უფლებების დარღვევის რეალური საშიშროების წინაშე დგანან. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები არაერთი არსებობს და არა მხოლოდ ბოლო დღეების განმავლობაში.
 
აღნიშნულიდან გამომდინარე, საია მოუწოდებს: 
 
- რუსეთის ხელისუფლებას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და დაიცვას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების პირობები. სწორედ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტით, უკანონო თავისუფლების აღკვეთის თითოეული ფაქტსა თუ ადამიანის უფლებების სხვა დარღვევებზე, თუნდაც ისინი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ იყოს ჩადენილი, პასუხისმგებლობა სწორედ რუსეთის ფედერაციას ეკისრება. 
 
- საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს ყველა შესაძლო დიპლომატიური თუ სამართლებრივი ბერკეტები საქართველოს მოქალაქეების უფლებების დასაცავად. ამასთან, მნიშვნელოვანია შემუშავებულ იქნას სპეციალური გეგმა და სამართლებრივი მექანიზმები, რათა რისკის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის მიწაზე საკუთრების უფლების გამარტივებული ფორმით რეგისტრაცია მოხდეს, რაც საჭიროების შემთხვევაში, ამ ადამიანებს დარღვეული უფლებებისათვის ბრძოლის ეფექტურ შესაძლებლობას მისცემს.
 
- საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მოსთხოვონ რუსეთის ფედერაციას ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, რათა არ გაგრძელდეს საქართველოს ტერიტორიის ანექსია და ოკუპირებული ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დარღვევა.
 
საია იცავს ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები არაერთი პირის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თავისუფლების უკანონო აღკვეთისა, თუ საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტებთან დაკავშირებით. ამასთან, საია მზადაა საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს სხვა დაზარალებულ პირებსაც.