სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ხელვაჩაურში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მასიური ჩამორთმევის ფაქტებს აპროტესტებს

2009-03-09 20:00
Featured image
კომისიამ საკუთარი გადაწყვეტილებების გადახედვა 2008 წლის 24 ოქტომბრიდან დაიწყო და 2009 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით 125 პირს ჩამოართვა საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთებზე, რომელთა უმრავლესობა ზღვისპირა ზოლში მდებარეობს.

საკუთრების უფლების ჩამორთმევის ყველა შემთხვევაში, კომისიამ ჩათვალა, რომ მის მიერ თავის დროზე „უსაფუძვლოდ განხორციელდა“ მოქალაქეთა მოთხოვნების დაკმაყოფილება და „შესაბამისად, უსაფუძვლოდ იქნა აღიარებული საკუთრების უფლება“ კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე.

საქართველოს ახალგაზდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ დაზარალებულ მოქალაქეებს კომისიის გადაწყვეტილებების მიმართ გააჩნდათ კანონიერი ნდობა და თითოეული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მათ გააჩნიათ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების უფლება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის მიუღებელია კანონით და მოქალაქეთა ინტერესებით მანიპულირების მსგავსი შემთხვევები.

საიას ბათუმის ფილიალი სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს დაზარალებულ მოქალაქეებს და მოუწოდებს არ გაუშვან კომისიის გააწყვეტილების გასაჩივრების ერთთვიანი ვადა, რომელიც მიმდინარე წლის 24 მარტს იწურება.